კარგ მომენტებში ხალხი ერთადაა, რთულ მომენტებში კი, მეტი ხალხის თანადგომა გვჭირდება
კარგ მომენტებში ხალხი ერთადაა, რთულ მომენტებში კი, მეტი ხალხის თანადგომა გვჭირდება
14.11.2022
ავტორი: სოფო ერქვანია / თამარ ჯიშკარიანი

გვჯერა ხვალ, თბილისი არენაზე, არა მხოლოდ საქართველოსა და იტალიის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება იქნება  სანახაობრივი. თამაშზე მისული გულშემატკივარი, ორი ყველაზე ემოციური და გუნდისთვის „მოტორი" მწვრთნელის, ქართველთა ბერძელი ილიას ზუროსისა და იტალიელი ჯანმარკო პოცეკოს დუელითაც გვჯერა, ისიამოვნებს. მანამდე კი, ორივე მწვრთნელმა, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის ნოემბრის ფანჯრის ბოლო შეხვედრის წინ, ივარჯიშა და დარბაზს მოერგო.

იტალიელები ქართული გუნდის ლიდერების შეჩერებას შეეცდენიან და სამწამიან ზონაში ყურადღებით თამაშს აპირებენ. იციან, რომ სავსე ტრუბუნის წინაშე, ეს საკმაოდ რთული მისია იქნება, მითუმეტეს, რომ იტალიელებს რამდენიმე კალათბურთელი, მათ შორის მელი და პოლონარაც აკლით. მიუხედავად ამისა, ხვალინდელ თამაშში იტალიელები, პერიმეტრის დატვირთვას შეეცდებიან.


„საქართველოს ნაკრებში, სამი ძალიან კარგი კალათბურთელია, შენგელია, შერმადინი და მაკ ფადენი. ველოდებით, რომ სავსე დარბაზი იქნება და ვიცით, რომ ქართველებმა კარგი გულშემატკივრობა იციან. ფინალურ ეტაპზე სამი გუნდი გავა ჩვენი ჯგუფიდან. აქედან ერთი ესპანეთია. ვეცდებით ჩვენც, თუმცა, ხვალინდელ თამაშზეც ბევრი იქნება დამოკიდებული. საქართველოს ჯგუფში მესამე ადგილზე გასვლისა და მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის კარგი შანსი აქვს. თუმცა, ვისურვებდი, რომ მსოფლიოზე უკრაინამაც ითამაშოს, იმ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე არ იქნებოდა ურიგო", - ამბობს პოცეკო.




ნოემბრის სანაკრებო ფანჯრის დროს, ორი წამყვანი მოთამაშე, სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე აკლია საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც. თუმცა, გუნდთან ერთად არის თორნიკე შენგელია, რომელიც ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა ნაკრებს და რეალურად, ლიდერისა და ლოკომოტივის ფუნქციაც შეასრულა რეიკიავიკში, ისლანიდასთან მეტად მნიშვნელოვან მატჩში. ამასთან, თოკომ, სერია A-ში თამაშისას კარგად შეისწავლა იტალიელთა  სტილი, ამას ქართული გუნდის სამწვრთნელო  და სახელმძღვანელო სტრუქტურაში მომუშავე „იტალიური" გამოცდილების კადრებსაც თუ დავუმატებთ, საქართველომ, საკუთარ კედლებში, სერიოზული ბრძოლა უნდა გაუმართოს იტალიელებს. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი, იტალიასთან გასვლაზე, 27 აგვისტოს  91-84 , სულ რაღაც 7 ქულით დამარცხდა. მსგავსი ქულები კი, ხშირად მე-6 მოთამაშის წყალობით, მასპიძელი გუნდის სასარგებლოდ ვარდება ხოლმე. ასე, რომ ხვალ დარბაზში აქტიურობაზეც ბევრია დამოკიდებული.


„ისლანდიასთან კარგი სამუშაო შევასრულეთ და ძალიან რთული თამაში იყო. ხვალაც ძალიან მძიმე თამაშს ველოდებით გამოცდილი გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავს, ისინი ევროლიგასა და სხვადასხვა ევროტურნირებზე თამაშობენ და კარგ ფორმაში არიან. იტალია აგრესიულ კალათბურთს თამაშობს. გვსურს, რომ დარბაზი გაივსოს, ყოველთვის გვჭირდება ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერა. მნიშვნელოვანი იქნება თამაშის ტემპის გაკონტროლება, იტალიის ნაკრებს კარგი მსროლელები ჰყავს და ამიტომ დაცვაში კარგად უნდა ვითამაშოთ. ეს ბოლო თამაშია ამ ფანჯარაში და კარგი შანსი გვაქვს, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ", - ამბობს ზურისი.


იტალიიასთან გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას გასავლელად უდიდეს ნაბიჯს გადადგამს და იქ,კარის შესაღებად, მხოლოდ ისლანდიასთან, სახლში გამარჯვებაღა დააშორებს. ამ მომეტისთვის, L ჯგუფში ესპანეთი ლიდერობს (6 მოგება 1 წაგება), მეორე ადგილზე იტალიაა (5/2), მესამეზე საქართველო (4/3).


საქართველოს ნაკრებს, სახლში, ევრობასკეტის შემდეგ არ უთამაშია. გულშემატკივარი, დიდი ალბათობით, სექტემბერში მიღებული „დანაკლისის" გამო, სწორედ იტალიელებთან მოგების შემდეგ ოდნავ მიიღებს შვებას. შესაბამისად, ბიჭებიც და ზუროსიც ხვალ სავსე დარბაზს ელის.




„რა შევცვალეთ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ? რატომ უნდა შეგვეცვალა? არაფერი შეგვიცვლია. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, საუკეთესოდ გვეთამაშა. როგორ გამოგვდიოდა, ეს, სხვა საკითხია. ყოველთვის გინდა, რომ მიზანს მიაღწიო, მაგრამ ხანდახან ეს არ გამოდის. ეს კალათბურთია, ყოველ თამაშს ახლავს სირთულეები და პრობლემები, ევრობასკეტზე კი, განსაკუთრებით ბევრი პრობლემა გვქონდა. ახლა ჩვენი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა. ისევ განვმეორდები - ეროვნული ნაკრები ეროვნული ნაკრებია. კარგ მომენტებში ხალხი ერთადაა, რთულ მომენტებში კი, მეტი ხალხის თანადგომა გვჭირდება. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ შენ გიყვარს შენი გუნდი და გიყვარს შენი ქვეყანა, მხარი უნდა დაუჭირო რთულ მომენტებში და არა მხოლოდ კარგ მომენტებში, რადგან კარგ პერიოდში ყველა ისედაც გვგულშემატკივრობს. ეს სიმართლეა", - ამბობს  ზუროსმა.


და ბოლოს, საქართველოს ნაკრები იტალიას იმ 12 კალათბურთელით დაუპირისპირდება, რომლითაც 2 დღის წინ ისლანდიას მოუგო. მატჩი თბილისი არენაზე 14 ნოემბერს, 19:00 საათზე დაიწყება.



ფოტო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია / @FIBA