
მაშინ როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცელია, მაროკოსთან სათამაშოდ გუნდთან ერთად არ არის, ზურგის ტრავმას მკურნალობს და თბილისში, საქართველო-იტალიის საკალათბურთო თამაშს ესწრება, ვილი სანიოლის ჯვაროსანთა გუნდი აბუ დაბიში, მაროკოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, ამხანაგური მატჩის გასამართად გაემგზავრა. ტრავმის გარეშე, მაგრამ ვილის და მის შტაბს 2023 წლის ზაფხულში მოსაფიქრებელი ექნება გუნდში გამოძახებული ფეხბურთელები რა პრიორიტეტით შეარჩიოს. შეგეახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფისა და ევროპის 21-წლამდეთა ჩემპიონატის მატჩები თითქმის ერთსა და იმავე დროს ტარდება. ამ ჭრილში, კვარაცხელიასა და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს, ორივე ნაკრებში თამაშის პერსპექტივა აქვს. 
„ვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ორივე ნაკრებში შეუძლიათ თამაში და იმედი მაქვს, რომ ყველა ჯანმრთელად იქნება. საბოლოო გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებთ. ვიცი, რომ 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი ქვეყნისთვის და ფეხბურთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიც მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, რომ შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ, თუმცა ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია", - ამბობს სანიოლი.
თბილისში, გუნდმა, პირველად არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში მხოლოდ 15 ფეხბურთელი მონაწილეობდა. მანამდე კი, ტრადიციულად, შეკრების დაწყებამდე, სანიოლი მედიის ქართველ წარმომადგენლებს შეხვდა.
![]() |
![]() |
„მსოფლიო ჩემპიონატიდან გამომდინარე უჩვეულო სიტუაციაში ვართ. მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიმეღო - ან იგივე გუნდით გვეთამაშა, ან შანსი მიგვეცა რამდენიმე ახალი ფეხბურთელისთვის. ერთა ლიგის დასრულების შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ნოემბერში რამდენიმე ახალი მოთამაშე გამომეცადა. მომავალში ყოველთვის დაგვჭირდება ახალი ფეხბურთელების ინტეგრირება, თუმცა ისეთი ფეხბურთელები უნდა იყვნენ, რომლებსაც შესაბამისი დონე აქვთ და შეუძლიათ ნაკრებისთვის კარგი სიახლის მიცემა", - ამბობს ვილი სანილი.
აბუ დაბიში გასამართი მატჩისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, გოჩოლეიშვილისა და საბა საზონოვს დაუძახა. ამ ორი დებიუტანტის გარდა, ნაკრებში ლევან შენგელია დაბრუნდა. მედიასთან შეხვედრისას ვილიმ თქვა, რომ ფიქრობს, შენგელია ბოლო პერიოდში, ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ, კარგად თამაშობს. გუნდში დაბრუნდა გიორგი ბერიძეც, რომელიც ასევე კარგად ასპარეზობს თურქეთში. კვლავ მოხვდა ნაკრების გაფართოებულ განაცხადში, დავით ვოლკოვიც.
„როგორც ვთქვი, მსურს ახალი მოთამაშეების ხილვა. ხუთშაბათს გვაქვს თამაში და მანამდე მხოლოდ ორი ვარჯიში. ბუნებრივია, რომ ისინი იმისთვის გამოვიძახე, რომ ვნახო, თუ რა შეუძლიათ მოედანზე. მაროკო ძალიან კარგი გუნდია და ფეხბურთელებისთვის შანსია, რომ საკუთარი თავი გამოსცადონ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდთან. სწორედ ეს გვსურს და თუ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში გსურს, უნდა აჩვენო, რომ ტურნირის მონაწილესთან თანაბარ დონზე ასპარეზობა შეგიძლია", - ამბობს ვილი სანიოლი.
მაროკოსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა მატჩი შარჯას სტადიონზე 17 ნოემბერს, 20 საათზე დაიწყება. ამ შეხვედრისთვის, ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთია:
![]() |
![]() |
მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი", ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია", ესპანეთი)
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი", ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე", კრემონა, იტალია), ჯემალ ტაბიძე („დინამო", თბილისი), საბა საზონოვი („დინამო", მოსკოვი, რუსეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე („ჰათაისფორი", ანთაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი", აგრინიო, საბერძნეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო", თბილისი, საქართველო), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო", ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე", ბარსელუში, პორტუგალია), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო", ბათუმი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო", საფრანგეთი), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი", გრაცი, ავსტრია), გიორგი გოჩოლეიშვილი („საბურთალო", თბილისი, საქართველო), დავით ვოლკოვი („საბაჰი", ბაქო, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე („ანკარაგიუჯუ", ანკარა, თურქეთი), გიორგი ქვილითაია („აპოელი", ნიქოზია, კვიპროსი)

და ბოლოს, სანილის მოსაზრება კიდევ რამდენიმე ფეხბურთელზე:
გიორგი ჩაკვეტაძეს რამდენიმე დღე დასვენება სჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთან ერთად იქნება. არ ვიცი, ითამაშებს თუ არა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ნაკრებთან ერთად იყოს და თავი გუნდის ნაწილად იგრძნოს. მოახლოებული მატჩი არა მხოლოდ წარმატებული სერიის გასაგრძელებლად, არამედ ახალი ფეხბურთელების ინტეგრირებისთვის უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად ლოჩოშვილს, რომელსაც აქამდე ბევრი არ უთამაშია, მაროკოსთან ამის შესაძლებელობა და საკუთარი პროგრესის ჩვენების საშუალება ექნება. როდესაც შემადგენლობაში რამდენიმე ფეხბურთელს ცვლი, გარკვეულ ხარისხს და გუნდურობას კარგავ, რაც ბუნებრივია და ამისთვის მზად ვართ, რადგან ვიცით, რომ მაროკოსთან შეხვედრა არ არის მთავარი და მას თამაშებისთვის მოსამზადებლად ვუყურებთ.
ირაკლი აზაროვმა რამდენიმე მატჩი ჩაატარა ეროვნულ ნაკრებში და კმაყოფილი ვარ. მინდა, რომ ახალ გუნდში უფრო თავდაჯერებული გახდეს, რთული პერიოდი ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ კლუბში თავს გამოიჩენს და უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება. ვფიქრობ, 21-წლამდე ნაკრებთან ერთად ორ შეხვედრას ჩაატარებს, რაც რიტმში ყოფნის საშუალებას მისცემს.
რაც შეეხება გიორბელიძეს, ყოველთვის გვიწევს გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას. ჩემთვის რთული იყო, მისი არგამოძახება, რადგან ძალიან კარგი ადამიანი და ნამდვილი მებრძოლია. თუმცა, გარკვეულ მომენტებში ცივსისხლიანი გადაწყვეტილებები უნდა მივიღო და ეს სწორედ ასეთი შემთხვევა იყო. მის ფლანგზე კონკურენცია დიდია და იმედი მაქვს, რომ ეს კონკურენცია ბიძგს მისცემს, რომ კიდევ უფრო მაღალი დონეზე ავიდეს.
ვაკო ყაზაიშვილთან დაკავშირებით მომხდარის შემდეგ, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე გუნდისთვის მისი გამოძახება მიზანშეწონილი არ იქნებოდა.
მას შემდეგ, რაც ლაზარე კუპატაძე უკლუბოდ დარჩა ნაკრებში მესამე მეკარედ ლევან შოვნაძე გამოვიძახეთ. მინდოდა შანსი კერესელიძისთვის მიმეცა, მაგრამ ტრავმა მიიღო. გასულ წელს გუგეშაშვილიც გვყავდა გუნდში. მესამე მეკარეს განსხვავებული როლი აქვს და ყოველთვის მზად უნდა იყოს. არ გვყავს ისეთი მესამე მეკარე, რომელიც სხვებს ბევრად აღემატება და სწორედ ეს იყო როტაციის მიზეზი. ამ მომენტისთვის, მხოლოდ ერთი თამაშიდან გამომდინარე, არ ჩავთვალე საჭიროდ მესამე მეკარის გამოძახება"
სტატიაში გამოყენებულია სფფ-ს ფოტოები / ლაშა კუპრაშვილი





ჩვენ












