
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის აგრძელებს მზადებას. 2022 წლის ბოლო საწვრთნელი შეკრების ფარგლებში, რამაზ სვანაძის გუნდი, ორ სპარინგს გამართავს, რომელიც მინი-ტურნირის ფორმატში ტარდება და რომელთაგან ერთი, ჩვენმა გუნდმა უკვე ითამაშა დღეს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე.
საქართველოს 21-წლამდები ისრაელელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და 1-2 დამარცხდნენ. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის პირველ ტაიმში, ანგარიშის გახსნის საშუალება სწორედ ჩვენებს ჰქონდათ, გიორგი გულიაშვილის დარტყმული 11-მეტრიანი ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ კი, დამატებაზეც ვერ ვითამაშეთ. სამაგიეროდ, მეორე ტაიმის დასაწყიში, სტუმრებმა 7 წუთიან მონაკვეთში ორი გოლი (სტავ ლევკინი 49' არად ბარი 56' ორივე გოლის ავტორს საგოლე გადაცემა იტამარ ნოემ გაუკეთა სტანდარტულიდან) გაგვიტანეს და თამაშის გადასარჩენად ცოტა დრო დაგვიტოვეს.
„ყველაზე საწყენი ისაა, რომ ძალიან კარგი და დალაგებული პირველი ტაიმის, განსაკუთრებით პირველი გოლის შემდეგ, ფსიქოლოგიურად მოვიშალეთ, არ სრულდებოდა წინასამატჩო დავალება, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო მიცემული და ამ კომპონენტზე ბევრი გვაქვს სამუშაო, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა", - ამბობს სვანაძე, თუმცა, ამჯერად, არ აკონკრატებს თუ კონკრეტულად რომელ მოთამაშეებზეა უკმაყოფილო. „აუცილებლად გამოცდილების ფაქტორსაც უნდა გავუსვა ხაზი, რადგან დღეს ბევრი ახალწვეული გვყავდა და ეს ყველაფერი ამითაც აიხსნება. მეორე თამაშისთვის, სერიოზულად მოვემზადებით. ყველამ იცის, რომ გაძლიერების ძალიან დიდი რესურსი გვაქვს. მერწმუნეთ, რომ ჩვენი საერთო მიზანია ევროპის ჩემპიონატზე ღირსეული გამოსვლაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მესმის გულშემატკივრების, ზედიზედ მესამედ წავაგეთ, მაგრამ ეს სამუშაო პროცესია და დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება".
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, ანგარიშში სხვაობა მხოლოდ, 84-ე წუთზე მოახერხა. პრესტიჟის გოლი, თანაც, სადებიუტო, ნიკა ხორხელმა გაიტანა. თუმცა, ამ მომენტს კიდევ ერთი უსიამოვნო გარემოება უსწრებდა. 82-ე წუთზე გაბრიელ სიგუამ, რომელიც მე-60 წუთზე შემოვიდა შეცვლაზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც შესაბამისად გაწითლდა და სვანაძის გუნდს, თამაშის დასრულება 10 კაცის შემადგენლობით მოუხდათ.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები აღნიშნული სამთა ტურნირის მეორე შეხვედრას 21 ნოემბერს, კვლავ გორში და ისევ 18:00 ჩაატარებს და ამჯერად უკრაინის 21-წლამდე ნაკრებს შეხვდება. თუმცა, მანამდე, 19 ნოემბერს ერთმანეთს უკრაინისა და ისრაელის ნაკრებები შეხვდებია.
და ბოლოს, გეტყვით, რომ რამაზ სვანაძის გუნდს აღნიშნულ შეკრებაზე, ტრავმის გამო ოთხი ფეხბურთელი - გიორგი მოისწრაფიშვილი, ლუკა გაგნიძე, ბექა დარცმელია და შოთა ნონიკაშვილი აკლია. სანაკრებო დებიუტი კი, გაბრიელ სიგუას („დინამო თბილისი"), ოთარ მამაგეიშვილი („საბურთალო"), ლევან თანდილაშვილი („თელავი") და ივან ფოცხვერია („სიონი" ბოლნისი) აქვთ.
სფფ-ს ფოტო / თამარ ყულუმბეგაშვილი





ჩვენ








