საქართველოს ნაკრები მაროკოსთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრები მაროკოსთან დამარცხდა
18.11.2022
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლის ბოლო მატჩი მაროკოსთან გამართა. არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ შარჯაში ჩატარებული ამხანაგური შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით, ანგარიშით 3-0 დასრულდა.


მაროკოს ნაკრებმა ანგარიში მე-5 წუთზე, იუსუფ ენ-ნესირის გოლით გახსნა. 29-ე წუთზე მეტოქის უპირატესობა ორამდე ჰაკიმ ზიეშმა გაზარდა. მატჩის საბოლოო ანგარიში 72-ე წუთზე სოფიან ბუფალმა დააფიქსირა ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანით. საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრა, მაროკოსთვის ბოლო ამხანაგური მატჩი იყო მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებამდე.


მაროკოს წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ეროვნულ გუნდში 101-ე შეხვედრა ჩაატარა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია საქართველოს ნაკრების ისტორიაში. გიორგი გოჩოლეიშვილმა და საბა საზონოვმა კი, პირველად მოირგეს ეროვნული ნაკრების მაისური.


მაროკოსთან მატჩით საქართველოს ნაკრებმა 2022 წელი დაასრულა და 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი მომავალი წლის მარტში გამართავს. 




ვილი სანიოლი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი): "დღეს ვეთამაშეთ ნაკრებს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის განსაკუთრებული მოტივაციით ემზადება. ჩვენი მოთამაშეები მზად არ იყვნენ უმაღლესი დონის თამაშის ჩასატარებლად, თუმცა მათ ვერ დავადანაშაულებ. მათთვის ახლა დასვენების პერიოდი იწყება, მაროკო კი მსოფლიო თასზე გაემგზავრა.


ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა, ითამაშეს ახალწვეულებმა. ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა. პირველი ტაიმი ძალიან ცუდი იყო, მეორე უკეთესი, გოლის გატანის რამდენიმე შანსიც გვქონდა. მარტის თამაშებისთვის, ფეხბურთელები უფრო მეტად მოემზადებიან. არ არის იოლი, როდესაც საქართველოდან ჩამოდიხარ და განსხვავებული კლიმატური პირობებია მოსამზადებლად. ამიტომ, არ მინდა დღეს ზედმეტად ნეგატიური ვიყო.


რა თქმა უნდა, გვაქვს სამუშაო და რაღაცები შესაცვლელი. წარმატებული წლის შემდეგ, როდესაც ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა და გუნდიც ბოლომდე იხარჯებოდა, დღევანდელი მარცხი განსაკუთრებით საწყენია. დარწმუნებული ვარ, მარტში განსხვავებულად წარმოვაჩენთ საკუთარ თავს".


საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს 29 მარტს, საკუთარ მოედანზე, ნორვეგიის წინააღმდეგ ითამაშებს. წლის სადებიუტო ოფიციალურ შეხვედრამდე ჩვენი გუნდი რამდენიმე დღით ადრე ამხანაგურ თამაშს გამართავს. მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.