სერიაში „მგზავრები“ და „რუსთავი“ დაწინაურდნენ
სერიაში „მგზავრები“ და „რუსთავი“ დაწინაურდნენ
06.05.2018
ავტორი:

დღეს თბილისსა და რუსთავაში, საქართვეოს საკალათბურთო სუპერლიგის ¼ ფინალური მატჩები გაიმართა. გთავაზობთ, კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის მიერ მომზადებულ მიმოხილვას.

***

გუშინ დაწყებული სუპერლიგის პლეი ოფი დღეს 2 მატჩით გრძელდება. თბილისის ოლიმპიურ სასახლესა და რუსთავის "ქიმიკოსთა" დარბაზებში დაგეგმილი მატჩებიდან 1 დასრულდა. რეგულარულ ჩემპიონატში მე-2 ადგილზე გასულმა "კაკტუსმა" მეშვიდეადგილოსან "მგზავრებს" უმასპინძლა და მარცხი განიცადა. მატჩის შედეგი იმდენად მოულოდნელი არ გახლდათ, რამდენადაც ის, რომ შეხვედრა ისე ჩამთავრდა, რომ ვითარება არ დაძაბულა.

კაკტუსი" - მგზავრები" 69-85

ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა "მგზავრებმა" კარგად ითამაშა, თუმცა მათ გამარჯვებას ხელი კაკტუსელთა შეცდომებმაც შეუწყო. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი გუნდის წევრებმა ბევრი სროლა გააფუჭეს, თუმცა შეხვედრის ბოლო პერიოდამდე მთლიანობაში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. "მგზავრები" მცირედით ლიდერობდნენ - პირველი პერიოდი 22-20 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის 5 ქულით - 40-35 დაწინაურდნენ. მესამე მეოთხედში კაკტუსელებმა თამაში გამოასწორეს და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ მხოლოდ 2 ქულას აგებდნენ. სწორედ მაშინ, როცა მატჩის ბოლო წუთებმა მოატანა და თამაშის დაძაბვა იყო მოსალოდნელი, "მგზავრების" ლიდერობამ 10 ქულას გადააჭარბა და მოპოვებული სოლიდური უპირატესობა ბერიშვილის გუნდს აღარც დაუთმია. საბოლოოდ "მგზავრებმა" 16 ქულით - 85-69 იმარჯვა.

ბოლო პერიოდის შუაწელში "მგზავრების" წევრებმა ძალიან გამართული კალათბურთი ითამაშეს. გამოსარჩევი იყო ადრიან ბოუის როგორც შორი სროლები, ისე სწრაფი გარღვევები. ასევე კახა ჯინჭარაძის, ბერნარდ ნკალისა და ოთარ ფხაკაძის შედეგიანობა. მთლიანობაში კი, "მგზავრებმა" გუნდური თამაშის წყალობით მოიპოვა დამაჯერებელი უპირატესობა და მეოთხედფინალურ სერიაში 1-0 დაწინაურდა.

გამარჯვებულებს 22 ქულით, 11 მოხსნით, 7 პასით და 4 ჩაჭრით ადრიან ბოუიმ ულიდერა. 20 ქულა მიითვალა კახა ჯინჭარაძემ. 11 ქულა ბერნარდ ნკალის ანგარიშზეა, ხოლო ოთარ ფხაკაძემ და ტეილორ სტეფორდმა შეხვედრა 10-10 ქულით დაასრულეს. "კაკტუსში" 24 ქულით დეანდრე პარკსი გამოირჩა. 11 ქულა ჰქონდა კრისტიან ჯონსონს, ხოლო ჯონ მიტჩელმა 10 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

მეოთხედფინალური სერია 2 მოგებამდეა, მორიგი შეხვედრა 8 მაისს, 16:00 საათზე, კვლავ ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში, "მგზავრები" ნახევარფინალში გავა, ხოლო "კაკტუსმა" თუ იმარჯვა, სერიის მე-3, გადამწყვეტი მატჩი 10 მაისს, 16:00 საათზე გაიმართება. 

მატჩისშემდგომი კომენტარები:

არჩილ ჟღენტი„კაკტუსის" მთავარი მწვრთნელი: „ვულოცავ „მგზავრებს", დამსახურებულად გაიმარჯვეს. თასის ფინალის შემდეგ, ალბათ, ვერ მოვასწარით ძალების აღდგენა. ანგარიში ჯერ 1:0-ა და მოვემზადებით შემდეგი თამაშისთვის."

ბუბა ბერიშვილი - „მგზავრების" მთავარი მწვრთნელი: „მადლობა ჩემს ბიჭებს იმისთვის, რომ რა დავალებაც ჰქონდათ, მაქსიმალურად გაართვეს თავი. თუმცა შეცდომებიც, რა თქმა უნდა, გვქონდა. მესამე-მეოთხე პერიოდში გამოვასწორეთ დაცვაშიც და შეტევაშიც თამაში და ამან მოგვიტანა მოგება. დიდი ხანია ამ გუნდისთვის ვემზადებით და მაქსიმალურ შედეგსაც მივაღწიეთ. ზეგ გვაქვს მომდევნო თამაში, რომელიც ალბათ რთული იქნება და უკეთ უნდა მოვემზადოთ, რომ ოთხეულში გადავიდეთ."

მატჩის სტატისტიკა

***

„რუსთავი" - „ბათუმი" 82- 62

სუპერლიგის პლეი ოფში ერთადერთი რეგიონალური წყვილია: რუსთავი - ბათუმი, რომელთა შორისაც გამარჯვებული ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებს. ოთხეულში გასვლის გზაზე მოზრდილი ნაბიჯი გადადგა "რუსთავმა", რომელმაც ქვემო ქართლის მთავარ ქალაქში დღეს ზღვისპირელებს უმასპინძლა და 20 ქულის სხვაობით - 82-62 დაამარცხა.

ბათუმელებმა პირველ პერიოდში გაიბრძოლეს. შეხვედრის დებიუტში წინაც იყვნენ, თუმცა მასპინძელთა ამერიკელი ლეგიონერი, ტაირელ ნელსონი შეუჩერებელი შეიქნა, რომელმაც აჭარელთა სამწამიანი დაიპყრო, ქულას ქულაზე იხვეჭდა და მასპინძლებს ლიდერობის, შესაბამისად მატჩზე კონტროლის დაწესების მოპოვებაში დიდი დახმარება გაუწია.

საწყისი ათწუთეულის 24-21 მოგების შემდეგ რუსთაველებმა ტემპს და შედეგიანობას უმატეს, მეორე ათწუთული 20-15 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. სხვაობა დიდი არ იყო, ბათუმელებს თამაშის გადარჩენა შეეძლოთ, თუმცა მე-3 პერიოდში ყველაფერი გადაწყდა. ქვემოქართლელებმა ათწუთეული 20-9 მოიგეს, 19 ქულით გალიდერდნენ და მატჩის ბედიც სათავისოდ გადაწყვიტეს.

საბოლოოდ "რუსთავმა" 82-62 დაამარცხა "ბათუმი" და სერიაში 1-0 დაწინაურდა. გამარჯვებულებს 33 ქულითა და 16 მოხსნით ტაირელ ნელსონმა ულიდერა. ადამ ბლეიზეკმა რუსთაველებს 16 ქულა, 9 პასი და 8 მოხსნა შესძინა. ბათუმელთაგან 22 ქულითა და 9 მოხსნით სერბი სტეფან ანდრეიევიჩი გამოირჩა. 13 ქულა ჰქონდა სპენსერ კოლინსს.

ამ გუნდებს შორის მეოთხედფინალური სერიის მეორე შეხვედრა 8 მაისს, ბათუმში გაიმართება. თუკი ამ მატჩს ბათუმელები მოიგებენ, სერიის გადამწყვეტი მატჩი ისევ რუსთავში ჩატარდება. არადა, "რუსთავი" ნახევარფინალში გავა.

მატჩის სტატისტიკა