თბილისში სტანდარტულთან მიახლოებული ყინულის მოედანი გაიხსნა
თბილისში სტანდარტულთან მიახლოებული ყინულის მოედანი გაიხსნა
21.11.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

1100 კვადრატულ მეტრ ფართზე ამიერიდან სულ მინუსი გრადუსი, თუმცა, სასიამოვნო გარემო იქნება. ჯერ არ არის გადაწყვეტილი, როდის და რა სახის საერთაშორისო ტურნირებს „წამოიღებს" საქართველოს  ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაცია ISU-დან, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ თბილისში, უივერსიტეტის ქუჩაზე, სპორტული კომლექსი „არენა 1"-ის მეორე სართულზე გაიხსნა ყველაზე მასშტაბური ყინულის მოედანი საქართველოში.  ამ მოედანზე, სპორტის ერთ-ერთი ულამაზესი სახეობის ფიგურული ციგურაობის მოყვარულებს 4 წლის ასაკიდან შეეძლებათ ვარჯიში. ამავე სივრცეში შესაძლებელი იქნება ყინულის ჰოკეის მოყვარულთა ჯგუფებმა ივარჯიშონ. ყინულის მოედანი თანამედროვე გაყინვის სისტემით არის მოწყობილი, რაც სპორტის ამ სახეობების მიმდევრებს 365 დღის მანძილზე ვარჯიშის საშუალებას მისცემს.

აღნიშნული პროექტის განხორციელება, ფიგურული ციგურაობის ეროვნულ ფედერაციასა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდს შორის გაფორმებული მომარანდუმის შედეგია. ამ მემორანდუმში, ფონდმა თავიდანვე დადო პირობა, რომ საქართველოში მსგავსი ტიპის დარბაზი გაიხსნებოდა.




„ფედერაციის ხელმძღვანელის, მაკა გიორგობიანის თაოსნობით, ის სპორტსმენები, რომლებიც ბოლო წლებში საკმაოდ კარგ შედეგებს აჩვენებენ, იმსახურებდნენ მსგავს სივრცეს. იმედი მაქვს, რომ პროექტი იქნება წარმატებული, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უკვე სტანდარტულ დარბაზზეც დავიწყოთ ფიქრი. მანამდე კი, ფონდმა მემორანდუმის ფარგლებში განაცხადა,რომ აუცილებლად ექნოდებოდათ ქართველ სპორტსმენებს მსგავსი სახის დარბაზი და ეს პირობა პირნათლად შეასრულა", - ამბობს ტარიელ ხეჩიკაშვილი, ფონის პრეზიდენტი.


სტანდარტულ დარბაზამდე და დიდ ტურნირებამდე კი, თბილისში, გაიხსნა დარბაზი, რომლის მოედანიც სტანდარტულ ზომაზე 6 მეტრით ვიწროა, თუმცა, ეს ხელს არ შეუშლის ახალგაზრდული და საინტერესო ასაკობრივი ტურნირების ჩატარებას. ყოველივე ამას, მცირე, მაგრამ კომფორტული ტრიბუნიდან გულშემატკივარსაც ექნება საშუალება ადევნოს თვალი.




„ჩვენი სახეობის განვითარებისთვის, განსაკუთრებით კი, ეს რომ ქვეყნის შიგნით მოხდეს, მსგავსვი ყინულის მოედნის გახსნა საკმაოდ მნიშვნელოვანია", - ამბობს მაკა გიორგობიანი, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი, რომლის უშუალო და აქტიური ქმედებების წყალობით, საქართველო, ფიგურული ციგურაობის რუკაზე გამოჩდნა და თანდათან ძალას იკრებს. 2022-2023 წლების სეზონში, საქართველოს გუნდის ყულაბაში, გრან პრის ეტაპებზე ერთი ბრინჯაოს მედალი უკვე არის. პირველი მედალი ანასტასია გუბანოვას ანგარიშზეა. თუმცა, მანამდე იმავე გუბანოვამ ბრიჯნაოს და მორის ყვითელაშვილმა ვერცხლის მედლები ესპოოში, ჩელენჯის ტურნირზე მოიგეს. ჩელენჯის ტურნირზევე, ალმა-ათიში ოქროს მედალი ნიკა ეგაძის ანგაშზეა. ქართული გუნდის წარმომადგენლები, მიმდინარე სეზონში შედარებით ბევრ ეტაპზე და საგრძნობლად მრავალრიცხოვნად იქნებიან წარმოდგენილები. ასე, რომ უფრო მეტი მედლის მოგების იმედითაც ვართ. 


უახლოესი შეჯიბრი კი, ფინურ ესპოოში, „მეტრო არენააზე" გაიმართება, სადაც გრან პრის მორიგ ეტაპზე ქართველები სამ დისციპლინაში შეეცდებიან მედლების მოგებას - მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში მორის ყვითელაშვილი, ქალთა ერთეულებში ანასტასია გუბანოვა, სპორტულ წყვილებში ანასტასია მიტიოლკინა-დანიილ პარკმანი. გრან-პრი 25 ნოემბერს დაიწყება და 27-ში გალა-კონცერტით დასრულდება.


ყოველივე ამის პარალელურად კი, თბილისში, დღეს გახსნილ ყინული მოედანზე, შეგახსენებთ, 4 წლის ასაკიდან მომავალ მედლებზე ფიქრი და სპორტის ამ სახეობაში ძალების მოსინჯვა, თბილისის მაცხოვრებლებსაც შეეძლებათ, გამოცდილ და ყურადღებიან სპეციალისტებთან ერთად.