½ ფინალში პირველი თბილისი „დინამო“ გავიდა
½ ფინალში პირველი თბილისი „დინამო“ გავიდა
07.05.2018
ავტორი:

„ოლიმპიასა" და თბილისის „დინამოს" ¼ ფინალური ფლეი-ოფის მეორე რაუნდის პირველი 2 ქულა მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზეა. თუმცა, აქვე დინამოელთა კაპიტანი ილია ლონდარიძე ამ თამაშში პირველ ჯარიმასაც იღებს და ანგარიში 1 ქულამდე მცირდება 1-2. ასე, დაწიყო მატჩი, რომელშიც ფლეი-ოფის პირველი თამაშის საპირისპიროდ, „ოლიმპმა" რადიკალურად განსხვავებულად და მობილიზებულად დაიწყო მატჩი და ირაკლი ხოშტარიაც გვარიანად ანერვიულა, თითქმის მთელი სამი მეოთხედი.

როგორც ჩანს პირველ მატჩში, 27-ქულიანი სხვაობით მოგებამ, დინამოელებს დაავიწყდა, რომ რეგულარული ჩემპიონატის დროს გუნდებს შორის შეხვედრათა ანგარიში საყაიმო, 2-2 იყო და ფლეი-ოფებამდე, ამ 2 გუნდს შორის სხვაობაც, სულ რაღაც 4 ქულა იყო. მიუხედავად იმისა, რომ მეოთხედი დინამოელებმა 11-6 წაიყვანეს, ლეონიდ ივატინის შეგირდება მეოთხედის მიწურულს „დინამო" 11 ქულაზე გაყინეს. თავად კი, დაცვაში დინამოელთა მიერ დაშვებული შეცდომები გამოიყენეს და 15 ქულა დააგროვეს. საბოლოოდ, მეოთხედი 15-11 დასრულდა „ოლიმპის" სასარგებლოდ.




„ოლიმპის" შეტევებით დაიწყო მეორე პერიოდიც. „დინამო" კი ფარზე თითქმის ყველა ბრძოლას აგებდა. მიუხედავად ამისა „ოლიმპი" საშუალოდ 5 ქულით ახერხდება მხოლოდ წინ ყოფნას და „დინამოს" ზურგში სუნთქვასაც გამუდმებით გრძნობდა. „ოლიმპის" რიგებში ტრადიციულად 32-ე ნომერი ლეგიონერი მარკ ოგდენი გამოირჩეოდა, რომელმაც პირველი ტაიმის შემდეგ 12 ქულის დაგროვება შესძლოს. მოვლენებს წინ გავასწრებთ და გეტყვით, რომ თამაშის ბოლოს, მისი გვარის გასწვრივ 18 ქულა ეწერა.  მეორე მეოთხედის ბოლოს, 1 ქულით ნაკლები, 11 ქულა ჰქონდა ჩააგდებუი დინამოელმა ნოდო გოგოძეს, რომელმაც მატჩის ბოლოს ოგდენის მსგავსად 18 ქულა დააგროვა. მეორე მეოთხედი 19-16, კვლავ „ოლიმპის" უპირატესობით დასრულდა. დიდ შესვენებაზე ტაბლოზე 34-27 იყო დაფიქსირებული, მათივე სასარგებლოდ.

მესამე მეოთხედში ორივე გუნდის მხრიდან იმატა წუნმა. მატჩის საერთო მაჩვენებლებით, როგორც „დინამოს", ასევე „ოლიმპის" სტატისტიკაში ყურადსაღებია გამოუყენებელი 3-ქულიანების რაოდენობა. პერიმეტრიდან „ოლიმპმა" 28-ჯერ ისროლა და მხოლოდ 6-ჯერ მოახერხა მიზნისთვის მიეღწია. „დინამოს" 23 მცდელობიდან კი, 8 იყო ზუსტი.




თუმცა, ამ ვითარებაში დროულად გონზე მოსვლა ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა მოახერხა. გუნდის კაპიტნის ილია ლონდარიძის აქტიურობის შემდეგ, რომელიც ტრადიციულად „ფოლების ზღვარზე", თითქმის პირველი მეოთხედიდან თამაშობდა,  „დინამომ" ანგარიშის გათანაბრება მოახერხა 37-37. აღსანიშნავია, რომ ლონდარიძეს, მხარი ბერიშვილმაც აუბა, რომელიც ტრავმის შემდეგ ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ ფორმას. დღეს კი ფლეი-ოფის მესამე მეოთხედიდან, მისმა თამაშმა, როგორც  დაცვაში, ასევე შეტევაში, შედეგი გამოიღო. სწორედ, ბერიშვილის მიერ ნასროლი სამქულიანის, რომლის შედეგაც „დინამომ" 42-46 წაიყვანა ანგარიშში, შეიძლება ითქვას, რომ მატჩის გარდამტეხი მომენტი დადგა. მესამე პერიოდი, უკვე „დინამომ" 13-24 მოიგო. მატჩში საერთო ანგარიშში კი 47-51 იყო, ჩემპიონის სასარგებლოდ.

„სამწუხაროა, რომ სეზონი ასე მალე დასრულდა ჩვენთვის. ეს სეზონი გამორჩეული იყო "ოლიმპისთის", რადგან მართლა განსაკუთრებული ჯგუფი იყო შექმნილი როგორც მოთამაშეების, ისე - მწვრთნელების და ვთვლი, რომ რაღაც მომენტში შეცდომა დავუშვით სამწვრთველო შტაბმა. მაგრამ ეს სპორტია, ყველაფერი გრძელდება და ჩვენს ორგანიზაციას მომავალი სეზონისთვის უკვე სხვა მიზნები ექნება", - ამბობს დავით როგავა, „ოლიმპის" მწვრთნელი.




ის, რომ „ოლიმპს" შესწევს უნარი სხვა მიზნებისთვის იბრძოლოს, გადაჭარბებული არაა. მიმდინარე ჩემპიონატზე გუნდი, ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე იყო, სუპერლიგაში მონაწილე ყველა გუნდისთვის. დღევანდელ ფლეი-ოფის მეოთხე პერიოდში კი, „დინამომ" საბოლოოდ დაალაგა თამაში. მიაღწია 10-ქულიან უპირატესობას და მისი შენარჩუნება, „ოლიმპის" დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მოახერხა. დასკვნითი მეოთხედი „დინამომ" 13-19 მოიგო, მატჩი კი 60-70 დასრულდა.

 „კარგია, რომ არასტაბილური რეგულარული ჩემპიონატის შემდეგ, ჩვენ მოვახერხეთ, გვეთამაშა მეტ-ნაკლებად სტაბილურად. შედეგი დამაკმაყოფილებელია, თუმცა ახლა უკვე ვფიქრობთ მომავალ ეტაპზე, ნახევარფინალზე და ძალიან მნიშვნელოვანია, გაიგოს თითოეულმა მოთამაშემ, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არ არის. ჯერ მხოლოდ დავიწყეთ და იმედია, ასე გავაგრძელებთ და გვაქვს დრო, რომ აღვიდგინოთ ძალები და დაველოდოთ მოწინააღმდეგეს", - ამბობს თამაშის შემდეგ დინამოელთა მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია.




ნოდო გოგოძისა და მარკ ოგდენის შემდეგ, ყველაზე მეტი, 15 ქულა დინამოელთა კაპიტანმა ილია ლონდარიძემ დააგროვა. ლონდარიძეს ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. დინამოელთაგან 10-ქულიან ზღვარს კიდევ, ლაველ ბოიდმა გადააჭარბა, რომელმაც დღეს 12 ქულა მიითვალა. „ოლიმპში"  11 ქულა რეზო როგავას ანგარიშზეა, ხოლო მორის ჰილმა 10 ქულასთან ერთად 10 მოხსნა და შესაბამისად ორმაგი დუბლი შეასრულა.  

½ ფინალში თბილისის „დინამოს" მეტოქის ვინაობა ხვალ, 8 მაისს გაირკვევა. ამ საგზურისთვის ერთმანეთს „მგზავრები" და „კაკტუსი" ეცილებიან. ამ წყვილის პირველი დაპირისპირება გუშინ „მგზავრების" გამარჯვებით დასრულდა და ორრაუნდიან სერიაშიც ისინი ლიდერობენ 1-0.  ხვალ, 8 მაისს, მეტად საინტერესო თბილისური ¼ ფინალი 16:00 დაიწყება.

იხილეთ მატჩის სტატისტიკა

ასევე ნახეთ

დღესვე, ქუთაისში, მორიგ  ¼ ფინალურ რაუნდში 1-0 დაწინაურდა „ქუთაისი", რომელსაც რეგულარული ჩემპიონატის მე-8 ადგილოსანი „მარნეულის" დამარცხება არ გასჭირვებია, 85-70.