
„კაკტუსთან", ¼ ფინალური ფლეი-ოფის სერიის ბოლოს, „მგზავრების" მთავარი მწვრთნელი ბუბა ბერიშვილი არ მალავდა, რომ რეგულარული სეზონის დაწყებამდე გუნდს მიზნად საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა დაუსახა. ფლეი-ოფის სერიაში „კაკტუსის" მშრალად 2-0 დამარცხების შემდეგ კი, საკუთარი მოთამაშეების ბრძოლისუნარიოანობით მადლიერი და კმაყოფილი იყო.
„რეგულარულ ჩემპიონატში ჩატარებული ბოლო 3 ტურის მანძილზე რეალურად ჩვენ, უკვე ვემზადებოდით "კაკტუსისთვის". ამ მომზადებამ შედეგი გამოიღო და მე მინდა ბიჭებს მადლობა ვუთხრა. დღეს უფრო დაძაბულ თამაშს ველოდი და ასეც იყო. ვერ ვიტყვი, რომ იოლად გავიმარჯვეთ. საბოლოო ანგარიში, რაც ჩვენს სოლიდურ უპირატესობას მიანიშნებს, ბოლო 2 წუთში გაიზარდა. როგორც მთავარი მწვრთნელი, სუპერლიგის ნახევარფინალში პირველად გავედი, რასაც ვულოცავ საკუთარ გუნდს და ეს ჩემთვისაც დიდი სტიმულია. პროგრამა მაქსიმუმი, რაც ოთხეულში მოხვედრას გულისხმობდა, მიღწეულია. წინ ნახევარფინალია და ჩვენ არაფერი გვაქვს სანერვიულო. "დინამოს" ბოლომდე ვეთამაშებით და შევეცდებით, ფინალში გავიდეთ", - ამბობს ბუბა ბერიშვილი, თამაშის დასრულების შემდეგ.

მომდევნო, ½ ფინალურ ფლეი-ოფში კი „მგზავრებს", უკვე ერთი დღეა „დინამო" ელოდება. რა შედეგს უჩვენებს ბერიშვილის გუნდი მომდევნო სერიაში, მომავალ კვირაში გაირკვევა. მანამდე კი „მგზავრებმა" სუპერლიგის სენსაცია უკვე მოახდინეს და რეგულარული ჩემპიონატის მე-7 ადგილზე მყოფმა გუნდმა, მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი ძლიერი მეტოქე, სატურნირო ცხრილის მე-2 ადგილზე მყოფი „კაკტუსი" გამოთიშა გათამაშებას. სხვათა შორის, რეგულარული ჩემპიონატის დასაწყისში, ბევრი არც „კაკტუსს" უწინასწარმეტყველებმდა მსგავს წარმატებულ სეზონს. შეგახსენებთ, რომ „კაკტუსმა", 3 მაისს, საქართველოს თასის ფინალი ითამაშა „ქუთაისთან" და მინიმალური ანგარიშით დასთმო მატჩი.

როგორც სჩანს, სწორედ სათასო შეხვედრაში ჩადეს კაკტუსელებმა მთელი ენერგია. სხვაგვარად, რთული ასახსნელია „მგზავრებთან" ფლეი-ოფის მატჩებში იმდენი შეცდომა, რაც არჩილ ჟღენტის გუნდს, მთელი რეგულარული ჩემპიონატის მანძილზე არ დაუშვია. თუმცა, შრომა და თავდადება არც „მგზავრებს" უნდა დავუკარგოთ, რომლებმაც სწორედ ფლეი-ოფებზე გააკეთეს მთელი აქცენტი და გაუმართლათ კიდეც.
„მგზავრებისა" და „კაკტუსის" ფლეი-ოფის სერიის მეორე მატჩის საწყისი პერიოდი თანაბარ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა. სწორედ, ამ მეოთხედში გათანაბრდა ანგარიში რამდენჯერმე და ლიდერიც ორჯერ შეიცვალა. საბოლოოდ, მეოთხედი „კაკტუსმა" მოიგო 17-21 და თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მისულ გულშემატკივარსაც შეექმნა ილუზია, რომ ამ სერიის ბედს, მესამე მატჩი გაარკვევდა. თუმცა, მეორე მეოთხედიდან, „მგზავრებმა" ნელ-ნელა მატჩის სადავეების ხელში აღება მოახერხეს და საბოლოოდ, მეოთხედი 28-19, 9-ქულიანი უპირატესობით, ტაიმი კი, 45-38 მოიგეს.

„მგზავრების" შემართება, ვერც თბილისში წამოსულმა წვიმამ გააგრილა, რომელიც თბილისის ოლიმპიური სასახლის მთავარ დარბაზში ტრიბუნაზე მყოფ გულშემატკივარსაც ახსენებდა თავს ალაგ-ალაგ და პარკეტზე მყოფ მოთამაშეებსა და მსაჯებსაც. მეორე ტაიმის მანძილზე ოლიმპიური სასახლის ტექნიკური სტაფი, თამაშის პარალელურად წვიმის ნაკვალევის აშრობას პერმანენტულად ცდილობდა. „კაკტუსი", თამაშს ვერ ალაგებდა. თუმცა, „მგზავრებიც" 5-6 ქულაზე მეტი სხვაობით გაქცევას ვერ ახერხებდა.

დღევანდელ მატჩში კაკტუსელთა შორის ანატოლი ბოისას გავმოვყოფდით, რომელმაც საბოლოოდ გუნდს 15 ქულა შესძინა. თამაშის განმავლობაში კი გუნდის აშკარა ლიდერი იყო. მატჩის გმირი კი დღეს, ტეილორ სტეფორდი იყო, რომელმაც „მგზავრებს" 20 ქულა მოუტანა.
„ძალიან საპასუხისმგებლო მატჩი იყო ძალიან ძლიერ მეტოქესთან. პირველ მატჩში მოგების შემდეგ ძალიან რთულ ბრძოლას ველოდით და საბოლოოდ ასეც გამოვიდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენს სასარგებლოდ. გავიმარჯვეთ და ნახევარფინალში გავედით, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენი მეტოქეა "დინამო", რომელსაც ღირსეულად შევებრძოლებით და ჩვენი მიზანი ამ ბრძოლაში იქნება, მხოლოდ ფინალში გასვლა", - ამბობს ტეილორ სტეფორდი.

ბოლო, გადამწყვეტ მეოთხედში, არჩილ ჟღენტის გუნდმა, რამდენჯერმე შესძლოა ანგარიშში სხვაობა 3 ქულამდეც ჩამოეყვანა. თუმცა, „კაკტუსს" ძალები აღარ ეყო. მატჩის დამთავრებამდე, კაკტუსელთა შეცდომებით ისარგებლეს „მგზავრებმა" და 2:31-ით წუთით ადრე მატჩის დასრულებამდე, ტაბლოზე უკვე 10-ქულიანი სხვაობა იყო დაფიქსირებული 83-73. დარჩენილ დროში, „მგზავრებმა" კიდევ 4 ქულა დაიმატეს, „კაკტუსმა" კი 2. საბოლოოდ, „მგზავრებმა" პირველი მატჩის მსგავსად დღესაც მოიგეს, ამჯერად 87-75 და ½ ფინალში გავიდნენ.

***
დღესვე, სუპერლიგის რეგიონალურ მეოთხედფინალში, „ბათუმსა" და „რუსთავს" შორის, სერიაში ანგარიში გათანაბრდა, 1-1. შეგახსენებთ, რომ „რუსთავმა", "ბათუმს" ფლეი-ოფის სერიის პირველი შეხვედრა 6 მაისს, რუსთავში მოუგო. დღეს კი, აჭარაში საპასუხო მატჩი გამართა, რომელშიც „ბათუმმა" 84-66 იმარჯვა. ამ გუნდებიდან, თუ რომელი გავა ფლეი-ოფის მომდევნო ეტაპზე 10 მაისს, რუსთავში გარკვევა.
მანამდე კი, ხვალ 9 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, „მარნეული დელტასა" და „ქუთაისის" წყვილის მეორე ¼ ფინალური მატჩი გაიმართება. შეგახსენებთ, ფლეი-ოფის ამ წყვილში წინ „ქუთაისია" 1-0.





ჩვენ








