უეფა-ს განვითარების თასის მორიგი ტურნირი დაიწყო თბილისში. ამჯერად, ასპარეზობაში 16-წლამდე გოგონები ჩაებნენ. ისევე, როგორც რამდენიმე დღის წინ დასრულებლ 16-წლამდე ვაჟთა ტურნირზე, 9-13 მაისის ჩათვლით საქართველოს 16-წლამდე ქალთა ნაკრები ყაზახეთის, რუმინეთისა და ბელორუსის გუნდებთან შეეცდება ურთიერთობის გარკვევას.
ქართველი გოგონები, ტურნირის სასტარტო მატჩში ყაზახეთის 16-წლამდე გოგონათა ნაკრებს შეხვდნენ. „მესხი 2"-ზე თითქმის მთელი თამაშის მანძილზე, თავსხმა წვიმაში, საქართველოს ნაკრები ბურთს აკონტროლებდა და მეტოქეს სახიფათოდ უტევდა. ქართველმა ფეხბურთელებმა მატჩისა და ტურნირის სადებიუტო გოლი შეხვედრის მე-9 წუთზე გაიტანეს და ანგარიშით 1-0 დაწინაურდნენ. გოლის ავტორი ანასტასია ბოლქვაძე გახდა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე თბილისის „ნიკეს" ღირსებას იცავს. კიდევ ერთი გოლი გავიდა პირველ ტაიმის დასასრულისკენ. ყაზახთა კარი მეორედ, ქსკ „ლანჩხუთის" ფეხბურთელმა, ნათია წოწერიამ ეფექტური დარტმით აიღო, 2-0.

„ფეხბურთში დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურად თუ, როგორ არის გუნდი მომზადებული. ფეხბურთელი მინდორზე, რომ გადის ყველანაირი დაძაბულობა მოხსნილი უნდა ქონდეს და ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნებას იღებდეს. რა თქმა უნდა, გოგოებმა დღეს, შეასრულეს ის ტაქტიკური დავალება, რაც სამწვრთნელო სტაფისგან აქვთ მიღებული", - ამბობს ლევან ბაჯელიძე, საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელი.
პირველი ტაიმის მსგავსად განვითარდა მოვლენები მეორე ტაიმშიც. ქართველი ფეხბურთელი გოგონების აქტიურობას ერთ-ერთ მომენტში 11-მეტრიანი მოჰყვა, რომელიც ზუსტად შეასრულა ანასტასია ბოლქვაძემ და უეფა-ს განვითარების თასის პირველ მატჩში, დუბლი გაიფორმა, 3-0. ყაზახეთის ნაკრებმა, ამ შეხვედრაში, მხოლოდ მატჩის მიწურულს პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 3-1.

„ყოველთვის სასიამოვნოა ტურნირის გამარჯვებით დაწყება. ყაზახეთის ნაკრები გვყავდა შესწავლილი და ჩვენმა გოგონებმა ისარგებლეს მათი სუსტი მხარეებით. რა თქმა უნდა, იყო შეცდომები და უნდა ვიმუშაოთ ამ შეცდომების გამოსწორებაზე. წინ ორი მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს დარჩენილი და უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად კარგად გამოვიყენოთ ჩვენი ნაკრების პლიუსები დადებითი შედეგს, რომ მივაღწიოთ. ზოგადად, კარგია ესეთი ტურნირები ბავშვების განვითარებისთვის და გამოცდილების შესაძენად", - ამბობს ლევან ბაჯელიძე.
ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ, საქართველოს 16-წლამდე ქალთა ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: სვეტლანა გაბელაია („ნიკე" თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი („ნორჩი დინამო"), ელენე რაუხი („თბილისის თბილისი", კ), ანა აკობიძე („ნიკე" თბილისი), ქეთევან ცაავა („მართვე" ქუთაისი), ნათია დანელია („ნიკე" თბილისი), მაიკო ბებია („ნიკე" თბილისი), ლიზი მწყერაშვილი („ნიკე" თბილისი), ანასტასია ბოლქვაძე („ნიკე" თბილისი), ანა წულაია („კოლხეთი" ხობი), ნათია წოწერია („ლანჩხუთი").

შეცვლაზე შევიდნენ: ლანა მჟავია („ლანჩუთი"), ნინო გურიელიძე („ნორჩი დინამო"), მეგი ეჯიბია („ნიკე" თბილისი), მეგი გოცირიძე („თბილისის თბილისი"), ლიკა ხუნაშვილი („თბილისის თბილისი"), მარიამ გოროზია („კოლხეთი" ხობი), მარიამ რომანჩუკი („ლანჩხუთი").
დღესვე, პეტრო არენაზე, ბელორუსისა და რუმინეთის ნაკრებების შეხვედრა 3-1, რუმინელთა გამარჯვებით დასრულდა.
მომდევნო მატჩს, ქართველი ფეხბურთელები 11 მაისს, კვალვ „მესხი 2"-ზე ითამაშებენ და მათი მეტოქე რუმინეთის 16-წლამდე ქალთა გუნდი იქნება. ამავე დღეს, მხოლოდ 14:00 „პეტრო არენაზე" ბელორუსი, ყაზახეთს შეხვდება.
ტურნირის ბოლო დღე 13 მაისია. ამ დღეს, ორივე, „პეტრო არენაზე" და „მესხი 2"-ზე თამაშები 11:00 საათზე დაიწყება. დავით პეტრიაშვილი არენაზე რუმინეთი დაყაზახეთი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანიზე კი საქართველო და ბელარუსი ითამაშებენ.
ლაშა კუპრაშვილის ფოტოები





ჩვენ








