
თითქმის 2 კვირაზე მეტია, ქართული და არა მხოლოდ ქართული სპორტული საზოგადოება, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობისა და ფედერაციის ირგვლი ტრიალებს. ქართველი ძიუდოისტები, მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები ყველა იმ შეკითხვებზე პასუხის საჯაროდ გაცემას ითხოვენ, რაც ძიუდოს „ოჯახში" დაგროვდა და წესით, „ოჯახის" შიგნითვე უნდა მორგვარებულიყო. თუმცა, როდესაც სხვა გამოსავალი არ დარჩა და ვითარება მოქმედ სპორტსმენებსა და ფედერაციის ხელმძღვანელობას შორის უკიდურესად დაიძაბა, მოქმედი სპორტსმენები ყველა მოვლენისა და ნიუანსის გასაჯაროებას ითხოვენ.
18 კითხვა, რომელზეც საქართველოს ბოლო წლების საუკეთესო სპორტსმენებს, დაუყოვნებლივ და საჯაროდ უნდათ პასუხის გაგება, დღეს, ვარლამ ლიპარტელიანმა, ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა გაასაჯაროვა:
1.სად დაიკარგა და წავიდა ის თანხები, 85 ათასი ლარის ოდენობით, რომლებიც სპორტსმენებს ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებისთვის უნდა მიეღოთ, რატომ ჩაირიცხა 13 ათასი ლარი, რა მიზნობრიობით დაიხარჯა, წარმაოდგინოს ყველა საბუთი და გაგვცეს პასუხი;
2. სად მიდის სახელფასო ფონდიდან ჩარიცხული თანხები, რომლებიც „ატკატის" სახით ბრუნდება ფედერაციაში?
3. მწვრთნელებისთვის განკუთვნილი საპრემიო ფონდიდან რატომ აბრუნებინებს 10% და რაში ხარჯავს?
4. ვისი ხარჯებით დადიან გულშემატკივრები ტურნირებზე, როდესაც ძიუდოს ეროვნულ ნაკრებს არ ჰყავდა ევროპის ჩემპიონატზე მასაჟისტი. გაასაჯაროვოს, ვისი თანხებით დადიან და რატომ არ იყო მასაჟისტი ევროპის ჩემპიონატზე?
5. რატომ არ ჰყავს ქალების ნაკრებს პირადი ექიმი, არ სჭირდებათ თუ არ სცნობს მათ?
6. რა ძალა გვმართავს ჩვენ, დაასახელოს კონკრეტული სახელი და გვარი იმ ადამიანის, ვინც გვმართავს.
7. რატომ არ იყო ყრილობა საჯარო, რატომ არ მიეცით ჟურნალისტებს შესვლის უფლება, რას საუბრობდით და რას განიხილავდით?
8. ვინ არიან აღმასკომის წევრები, ის ადამიანები, ვინც ძიუდოისტებს ბედს უწყვეტენ, რა დამსახურებებით დაინიშნენ ისინი?
9. რამდენი კლუბია „შევარდენი 2005"-ში დარეგისტრირებული, ერთ დარბაზში, რომელ კლუბებსაც აქვთ არჩევნებში მონაწილეობისა და პრეზიდენტის არჩევის უფლება. ჩამოთვალოს.
10. რომელმა სპორტსმენმა ამოვწურეთ ჩვენი შესაძლებლობა, რომელს არ შეგვწევს ძალა ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა, რომელი ვართ იმ ასაკში, რომ პრეზიდენტობა, ვიცე-პრეზიდენტობა ან სხვა პოსტი გვინდოდეს?
11. ვინ დგას ქევხიშვილის უკან? არ გვინდა კონკრეტულად დასახელება, რომ დაძაბულობამდე მივიდეს კიდევ ეს საქმე. ხალხის თვალში თავს შერცხვენილად ვთვლი, ამ ზომამდე ქევხიშვილმა მიგვიყვანა.
12. საკლუბო ჩემპიონატი ტარდება. თანხები გამოვყავი და ვაფინანსებ ამდენ სპორტსმენსო. რატომ აბრუნებინებს სპორტსმენებს 10% უკან პრემიებიდან. წარმოადგინოს ყველა საბუთი.
13. რატომ ითხოვდა სპორტსმენებისთვის განკუთვნილი შედეგებიდან 10%. მივიღებდით და შემდეგ 10% უკან უნდა დაგვებრუნებინა, რატომ?
14. რატომ დააგვიანა ფედერაციამ ლუხუმ ჩხვიმიანის განაცხადის გაგზავნა მასტერსზე. გაგვცეს კონკრეტული პასუხი, ვინ იყო კონკრეტული, პასუხისმგებელი პირი. მასტერსზე, კარიერის განმავლობაში შეიძლება ერთხელ მოუწიოს სპორტსმენს ასპარეზობა და მათი უყურადღებობით ჩხვიმიანმა ეს ვერ მოახერხა. ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე?
15. სად წავიდა „ზედაზენის" მიერ დაფინანსებული შეჯიბრის ხარჯები, რომლებიც სპორტსმენებს უნდა მიეღოთ. რატომ არ მისცეს ჩემპიონებსა და პრიზიორებს, როდესაც შავით თეთრზე ეწერა, ვის რამდენი თანხა უნდა მიეღო და სპორტსმენებს ცარიელი კონვერტები გადასცეს, სადაც თანხა არ იყო.
16. რატომ ათავისუფლებს მწვრთნელებს აღმასკომის გარეშე და რატომ იგებენ ამას სპორტსმენები სახლში, თუ ის ერთპიროვნულად არ იღებს გადაწყვეტილებებს?
17. რატომ არ აძლევს სპორტსმენებს კიმონოებს და რატომ აძლევს შერჩევით. 2015-2016 წლებში 300 კიმონო გამოუგზავნა საერთაშორისო ფედერაციამ, ვინ იცვამდა და სად მიდიოდა?
18. რატომ არ შეგვხვდა ორშაბათს და დღესაც, რატომ ცდილობს დახურულ კარს მიღმა ისაუბროს. რატომ არ უნდა სააშკარაოზე გამოიტანოს ყველა ის საკითხი, რაც ჩვენ გვაწუხებს.
პრობლემის მოგვარებაში ქართველი ძიუდოისტები დახმარებას სთხოვენ ყველას, ვისაც ამის ძალა და უფლებამოსილება შესწევს. ძიუდოისტები სწუხან, იმ ვითარების გამო, რაც დღეს მათი სახეობის ირგვლივ არის შექმნილი და სცხვენიათ ხალხის, იმ გულშემატკივრის, ვისაც მსგავსი დავების თვალისდევნება „ყელში აქვთ ამოსული" და სპორტსმენებისგან წარმატებას და შედეგს ელიან.

ამ მომენტამდე მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა:
2018 წლის აპრილში, საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა თელ ავივში გამართული ევროპის ჩემპიონატი უმედლოდ (!) დაასრულა;
ირაკლი ცირეკიძე საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი აღარ არის. ამის შესახებ, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა - დავით ქევხიშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
2018 წლის მაისი, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი სამუშაო ადგილზე არ იმყოფება. სიცარიელეა ფედერაციის შენობაში. ქართველი ძიუდოისტებმა, რომლებიც დღეს, ორშაბათს 12:00 ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გეგმავდნენ, დილიდან შეკრება დაიწყეს.
იმავე დღეს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. პრობლემის შინაარსიდან გამომდინარე მინისტრმა დრო ითხოვა, რის შემდეგაც კონკრეტულ პოზიციას დააფიქსირებდა.
ამასობაში, დღეს, 10 მაისს, სასტუმრო „ბილტმორში", საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაზე მისული საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ჯერ დაცვამ არ შეუშვა დარბაზში, შემდეგ კი ნაწილი, რომელმაც მაინც მოახერხა ყრილობაზე შეღწევა, მალევე უკან გამობრუნდა. მიზეზი, ყრილობის დელეგატთა ინდეფერენტულობა იყო.
მოვლენებს „ბილტმორში" tsff.ge-იც ადევნებდა თვალს. გთავაზობთ, ეკა ელოშვილის მიერ მომზადებულ მასალას.

დღევანდელი დღის ჩვენი ქრონიკა:
ძიუდოს ფედერაციის აღმასკომიდან გამოსულმა სპორტსმენებმა კომენტარი გააკეთეს. ძიუდოისტები სხდომაზე ცოტა ხნით იყვნენ შესულები. როგორც მათ განუცხადეს, სხდომა დახურულია და ფედერაციის პრეზიდენტი თავის ანგარიშს წარადგენს.
ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ, პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმს პირველი კომენტარი გააკეთა
ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა თითქმის სამი საათის შემდეგ დასრულდა.ამის შემდეგ, დავით ქევხიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა.
ძიუდოისტები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით კანონის ფარგლებში ბრძოლას არ წყვეტენ. შემდგომი ნაბიჯების შესახებ კი განცხადებას უახლოეს მომავალში გაავრცელებენ.





ჩვენ








