სუპერლიგის ფინალისტები ვერც დღევანდელმა დღემ გამოავლინა
სუპერლიგის ფინალისტები ვერც დღევანდელმა დღემ გამოავლინა
18.05.2018
ავტორი:

საქართველოს სუპერლიგის ფინალისტების ვინაობა კვლავ გაურკვეველია. თბილისსა და რუსთავში დღეს ½ ფინალური ფლეი-ოფის მორიგი მატჩები გაიმართა.

თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამო", „მგზავრებთან" დამარცხდა და ამ გუნდების სერიაში ანგარიში 2-1 გახდა „დინამოს" სასარგებლოდ. ამ გუნდების დაპირისპირება ხვალ კვლავ ოლიმპიურ სასახლეში 18:00 გაიმართება.

რუსთავში კი „ქუთაისმა" ფლეი-ოფში დარჩენა მოახერხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა 2-2. ახლა „ქუთაისისა" და „რუსთავის" წყვილში გამარჯვებული, ბოლო, მე-5 შეხვედრაში გაირკვევა, რომელიც 20 მაისს გაიმართება ქუთაისში.

გთავაზობთ, კალათბურთის ფედერაციის მიერ მომზადებულ დღის მიმოხილვას.


„მგზავრები" - „დინამო" 71-60

"დინამოსა" და "მგზავრების" ნახევარფინალური სერია გრძელდება. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მოქმედი ჩემპიონი დინამოელები დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ნახევარფინალურ მატჩში 71-60 დაამარცხა და სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა - 1-2.

ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა ნახევარფინალური სერიის საწყისი 2 შეხვედრა დამაჯერებლად - 85-74 და 84-75 მოიგეს, საერთო ანგარიშით 2-0 დაწინაურდნენ და დღეს ფინალში გასვლასაც გეგმავდნენ. მოქმედმა ჩემპიონებმა დამაჯერებლად ითამაშეს პირველ ნახევარში და ერთი შეხედვით, გამარჯვებამდე გეგმაზომიერად მიდიოდნენ, თუმცა მეორე ნახევარი "მგზავრების" აღმოჩნდა.

გუნდური გარჯისა და გააზრებული შეტევების ხარჯზე ბერიშვილის გუნდმ მესამე პერიოდის მეორე ნაწილში მატჩზე კონტროლი დაამყარა. 37-41 ჩამორჩენა "მგზავრებმა" 51-47 ლიდერობად აქციეს და ბოლო შესვენებაზე 4-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ.

ტეილორ სტეფორდის, დავით ბარბაქაძის, ადრიან ბოუისა და ჯახა ჯინჭარაძის მექულეობით "მგზავრებმა" დასკვნითი მეოთხედი ისე ითამაშა, "დინამო" ახლოს არ გაიკარა. დაძაბული ფინალის მოლოდინში მყოფ მაყურებლებს არ გაუმართლათ ბერიშვილის გუნდმა 10-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა და თამაშის ბოლომდე დამაჯერებლად შეინარჩუნა.

"მგზავრების" 5 მოთამაშე 10-ქულიან ზღვარს ასცდა, რაც იმის გათვალისწინებით, რომ გუნდმა მთლიანობაში 71 ქუყლა მიითვალა, გამორჩეული შედეგია და გუნდურ თამაშზე მიუთითებს. 15 ქულით, 10 მოხსნით და 5 პასით გამოირჩა ადრიან ბოუი. 14 ქულით და 16 მოხსნით გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო ბერნარდ ნკალიმ, ხოლო დავით ბარბაქაძის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა. "დინამოში" 14 ქულით გამოირჩა კაელ ტურპინი, ხოლო ილია ლონდარიძემ 10 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.

 

 

„რუსთავი" - „ქუთაისი" 63-74

"ქუთაისი 2010"-მა რუსთავში 74-63 იმარჯვა და ნახევარფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 2-2. გადამწყვეტი, მე-5 მატჩი 20 მაისს, ქუთაისში გაიმართება და გამარჯვებული გუნდი სუპერლიგის ფინალში გავა.

ეს გახლავთ ზედაპირული ინფორმაცია, ხოლო დღევანდელ მატჩში მომხდარი დეტალები მეტად დამაფიქრებელია. "რუსთავისა" და "ქუთაისის" მატჩი 19:00 საათზე რომ დაიწყო, თითქმის 22:00 საათამდე გაგრძელდა. ცხადია, 3 საათი არ თამაშობდნენ, თუმცა დროის გახანგრძლივების მიზეზი მეორე პერიოდის მიწურულს მატჩის 40 წუთით შეწყვეტა გახლდათ.

ერთ-ერთ ეპიზოდში, როცა "ქუთაისი" 15 ქულით იგებდა და პირველი ნახევარის დასრულებამდე სამიოდ წუთი რჩებოდა, იმერული კლუბის მწვრთნელი, კოტე ტუღუში არბიტრმა დავით ბერეკაშვილმა პროტესტის გამო ტექნიკურით რომ დააჯარიმა. დარბაზის დაცვის თანამშრომელმა ჩათვალა, რომ მსაჯსა და მწვრთნელს შორის კონფლიქტი იწყებოდა და ვითარების განსამუხტავად ტუღუშთან მიიჭრა, რომელსაც ბექა წივწივაძე გამოესარჩლა და შეიქმნა კონფლიქტური სიტუაცია.

აქ კი ვითარება უმართავი გახდა - ტრიბუნებიდან პოლიეთილენის ბოთლები და სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს, მაყურებელთა ეგზალტირებული ნაწილი კი მოედანზე გადმოვიდა. მსაჯებმა თამაში შეწყვიტეს და მატჩიც ჩაიშლებოდა, რომ არ ორგანიზატორთა და რუსთავის მერის გონივრული გადაწყვეტილება. შეხვედრა რომ გაგრძელდა, უმეტესწილად რუსთაველთა მერის - ირაკლი ტაბაღუას დამსახურებაა, რომელიც მატჩს ესწრებოდა და ვითარების დაძაბვისთანავე მის განსამუხტავად ყველაფერი იღონა.

შეთანხმების საფუძველზე, თამაშის ცარიელი ტრიბუნების წინაშე გაგრძელება გადაწყდა. დარბაზი მაყურებლებმა დატოვეს და გვარიანი პაუზის შემდეგ მატჩი განახლდა. რუსთაველები 15 ქულას კი აგებდნენ, თუმცა მესამე პერიოდში ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ მასპინძლებს არ გაუმართლათ. რევაზ ჩაჩანიძემ, ტაირელ ნელსონმა და გიორგი ცეკვავამ პერსონალურების ლიმიტის გამო მოედანი დატოვეს და ქვემოქართლელებიც უშანსოდ დარჩნენ.

საბოლოოდ ქუთაისელებმა მოგება გაიფორმეს და სასიცოცხლოდ საჭირო გამარჯვებას მიაღწიეს. იმერულ კლუბს დეჟუან რაიტმა (23 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი) და აკაკი დვალიშვილმა (21 ქულა, 10 მოხსნა) ულიდერეს. რუსთაველთაგან 20 ქულით გოგა ცეკვავა გამოირჩა. 12 ქულა მიითვალა ადამ ბლეიზეკმა.

ნახევარფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტი შეხვედრა ქუთაისში, 20 მაისს, 18:30 საათზე გაიმართება.