„ბოისა ჩემი გზა“ - სპორტსმენის ავტოპორტრეტი
„ბოისა ჩემი გზა“ - სპორტსმენის ავტოპორტრეტი
21.08.2017
ავტორი:

ბავშვობა, გატაცება, კალათბურთი, პროფესია, საქართველოში გატარებული წლები, უცხოეთში თამაშის პერიოდი, მშობლები, ოჯახი, ძმა ტოლიკა, მეგობრები და ღვინის ბიზნესი - ეს არის თემების მოკლე ჩამონათვალი, რომელიც ერთ წიგნად შეკრული, დღეს უკვე, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ვლადიმერ ბოისას შესახებ გამოცემაში შევიდა.
„წიგნზე მუშაობისას დიდი გამოცდილება მივიღე. ხშირად ვხუმრობდი, რომ უფრო კარგად ვისწავლე ქართული ენა. ამას გარდა, თუ რამე მოგეწონათ ჩემი დაწერილია და რაც არა, ზურა თალაკვაძის, ვისთან ერთადაც ეს წიგნი გამოვეცი. ბუნებრივია, ეს ხუმრობით ნათქვამია. ძალიან მინდა, რომ ხალხს, წიგნი მოეწონოს", - აღნიშნა ვლადიმერ ბოისამ.
წიგნზე მუშაობა წელიწადნახევარი გაგრძელდა. კალათბურთელის მოგონებების გარდა, გამოცემაში სპორტული ჟურნალისტები რეცენზიები და რამდენიმე სპორტული ფოტოგრაფის, მათ შორის ბადრი კეთილაძის ფოტოებიც არის შესული.
„კარგი სახელმძღვანელო სპორტსმენებისთვის" და შანსი, სპორტის მოყვარულთათვის გაიცნოს სპორტსმენი უფრო ახლოს. ასეა თუ ისე, მსგავსი გამოცემა სპორტის ნებისმიერი სახეობის პუპულარიზაციას შეუწყობს ხელს. „წიგნში ბევრი საინტერესო ისტორიაა მოთხრობილი და კარგია, თუ იმ გამოცდილებას რის შესახებაც აქ წერია, ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენები წინსვლისთვის გამოიყენებენ", - აღნიშნა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა „ქორთიარდ მერიოტში", სადაც სპორტული ჟურნალისტის ზურაბ თალაკვაძის წიგნის „ბოისა, ჩემი გზა" პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნის პრეზენტაციას საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებიც დაესწრნენ, რომლებიც რამდენიმე საათში, ევრობასკეტის წინა, ბოლო მოსამზადებელ ეტაპისთვის საბერძნეთში გაემგზავრებიან. ნაკრებთან ერთად, „აკროპოლისის თასში" მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება ვლადიმერის ძმა, ანატოლი ბოისაც, რომლსაც ვოვამ ცალკე თავი - „ჩემი ძმა, ტოლიკა" მიუძღვნა.