ეროვნულ ლიგაში სანაკრებო შესვენაბაა
ეროვნულ ლიგაში სანაკრებო შესვენაბაა
26.05.2018
ავტორი:

ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-13 ტურის შედეგბს თუ გადავხედავთ, განსაკუთრებული ალბათ, არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით იმ გარემოებას, რომ თბილისის „ლოკომოტივი" მესამე ტურია წაუგებლად ასპარეზობს და „დინამო თბილისის" შემდეგ, ქუთაისის „ტორპედოსა" და საჩხერის „ჩიხურას" დამარცხებას ახერხებს.

ცალკე სალაპარაკოა, ზემოთხსენებული 3 ქართული კლუბი, „დინამო თბილისი", „ტორპედო", „ჩიხურა" რომლებსაც თვენახევარში, ევროპის სარბიელზე მოუწევს ასპარეზობა, დღეს გუნდებში არსებული რესურსითა და პოტენციალით, რამდენად მოახერხებენ ამოცანების შესრულებას. აღარაფერს ვამბობთ, „სამტრედიაზე", რომელიც ეროვნული ლიგის დაწყებიდან დღემდე, იმედია, მწვრთნელის სტაბილურობის საკითხში მაინც შეჯერდა, თორემ ფეხბურთელები ზოგი რა და ზოგიც რა მიზეზის გამო გუნდს, ერთი-მეორეს მიყოლებით ტოვებენ.

***

რადგან საუბარი „ლოკომოტივით" დავიწყეთ, უნდა აღინიშნოს, რომ „ჩიხურა"-„ლოკომოტივის" შეხვედრის ფინალი, დასაწყისიდან გამომდინარე მოულოდნელად დასრულდა. სტუმრებმა, 1-3 გამარჯვეს. თუმცა, ივან წმინდაში მე-4 წუთზე ირაკლი ბუღრიძის სწრაფი გოლის შემდეგ, ბევრი და ალბათ, მათ შორის, საჩხერელთა მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძეც, სხვა შედეგს ელოდა. ფაქტია, რომ მიმდინარე ჩემპიონატის დასაწყისში, მიუხედავად იმისა, რომ „ჩიხურას" ევროსარბიელზე გამოსვლა ელის, გუნდის სატურნირო ცხრილის ზედა საფეხურებზე მყარად ყოფნას არავინ ელოდა. სოსო ფრუიძე მიიჩნევს, რომ ბიჭებმა ირწმუნეს, რომ მათ ეს შეუძლიათ. თუმცა, მიმდინარე სეზონში, „ლოკომოტივის" დამარცხებას საჩხერლები, მაინც ვერ ახერხებენ. ამ გუნდების პირველი თამაში ელიგაზე ფრედ დასრულდა. კონკრეტულ მატჩშიც, პირველ ტაიმში თანაბარი თამაშის შემდეგ, მეორეში  მასპინძლებს „წესები" „ლოკომოტივმა"  შესთავაზა და საბოლოოდ ანგარიშშიც ასახა. ახლა, ამ ტურის  შემდეგ, „ლოკომოტივს" 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში,  მე-7 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს, „ლოკომოტივი", „საბურთალოს" წინააღმდეგ, 10 ივნისს გამართავს.




რაც შეეხება „ჩიხურას", რომელიც მე-14 ტურის შეხვედრას თბილისში, „დინამო არენაზე" ითამაშებს, ევროტურნირებამდე თვენახევრით ადრე აცხადებს, რომ „ევროპის ლიგაზე ჩვენს გამოსვლას რაც შეეხება, რაცა ვართ, ეგა ვართ. ჯერ-ჯერობით, ვინმეს დამატებას არ ვაპირებთ"-ო.

***

მე-13 ტურის დაწყებამდე, ევროტურნირებზე მოასპარეზე კიდევ ერთ ქართულ გუნდში, „სამტრედიაში" სრული აურზაურია. ბუნებრივია, სიტყვას „აურზაური" სამტრედიელები შეურაცხყოფად არ მიიღებენ, რადგან ის რაც კლუბის შიდა სამზარეულში ხდება და ჩვენთვის ბოლომდე ამოუხსნელია, სხვაგვარად ალბათ, ვერ შეფასდება. ჭორის თუ, სიმართლის გამო, ამ ტურამდე „სამტრედიის" რიგები გუნდის მეკარემ ომარ მიგინეიშვილმა და კაპიტანმა ბუბა დაუშვილმა დატოვეს.




ფეხბურთელები, ჩვენთან კონტაქტს ამ ეტაპზე კვლავ ერიდებიან. კულუარებში კი, არ წყდება ლაპარაკი, მათ  და ვითომ, მათ მიერ ნაცემ კლუბის ლეგიონერ სანიას შესახებ, რომელიც ასევე დაემშვიდობა „სამტრედიას".  არის კიდევ სხვა მიზეზებიც.  თუმცა, ამბავი, ამ ეტაპზე, „სამტრედიის" „სამზარეულოში იხარშება". რაც გარეშე თვალისთვის სჩანს კიდევ ისაა, რომ გუნდში, ბადრი კავარაცხელიას მისვლის შემდეგ, „სამტრედიამ", მხოლოდ 2 მატჩი, „საბურთალოსთან" და „დინამო თბილისთან" წააგო, დანარჩენში კი კლუბი ქულის აღებას ახერხებს. მორიგი ქულა ჩაითვალა გუნდმა მე-13 ტურშიც, ზესტაფოში, „დავით აბაშიძეზე".  მოუხედავად იმისა, რომ ფოთის „კოლხეთი 1913"-თან პირველი ტაიმის შემდეგ, სამტრედიელები 1-0 აგებდნენ, კვარაცხელიას შეგირდებმა მეორე ტაიმის სტარტზევე შეძლეს ანგარიშის გათანაბრება 1-1, შემდეგ კი დაწინაურდნენ კიდეც 1-2. თუმცა, ივან ფატიჩის გაძევების შემდეგ, 10 კაცით დარჩენილებმა ანგარიშის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა.  

***

ფრედ 2-2 დასრულდა შეხვედრა თბილისში, „მესხი 2"-ზე ბოლნისის „სიონსა" და გორის „დილას" შორის.  ბოლნისელებმა ამ შეხვედრაში 2-ჯერ თამაშის „გადარჩენა" მოახერხეს. რამდენიმე მატჩი კი, გოლის გარეშე არ ტოვებს მინდორს, დილელთა უკრაინელი ლეგიონერი მიკოლა კოვტალიუკი. 13 ტურის შემდეგ, ბომბარდირთა დავაში ის, 6 გატანილი გოლით, მე-5 ადგილზეა. „სიონთანაც" პირველი გოლი სწორედ მის ანგარიშზეა. გორელთა კიდევ ერთი ლეგიონერი, ლეანდრო რიბეირო კი, ამ მომენტისთვის  8 გატანილი გილით, ქართული ჩემპიონატის გოლეადორთა სიის სათავეში იმყოფება. „სიონთან" შეხვედრაში, სწორედ მან დააწინაურა „დილა" მეორედ. თუმცა,  77-ე წუთზე მორიგ მატჩში, მორიგი სტანდარტული სიტუაციის დროს, ლაშა ლეჟავას ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, ბოლნისელთა ცენტრალურმა მცველმა ლუკა ნოზაძემ წონასწორობა აღადგინა. ამ მატჩის შემდეგ, სატურნირი ცხრილში „დილა" 24 ქულით მე-3 საფეხურზეა. „სიონი" კი „სამტრედიასთან" ერთად 9-9 ქულით ელიგის ბოლო ორ ადგილს იყოფს.


***

მე-13 ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში, ქართულ დერბიში დაფიქსირდა საყაიმო ანგარიში 1-1. ქუთაისში, „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე" ტრადიციული მეტოქეების „ტორპედოსა" და „დინამოს", რიგით 69-ე დაპირისპირებაში ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა.  მე-6 წუთზე, ვაჟა ტაბატაძის გადაცემის შემდეგ, გოლი ლევან კუტალიამ გაიტანა 1-0.  თუმცა, ამ მომენტამდეც და მას შემდეგაც, შეხვედრა დინამოელთა ტერიტორიული უპირატესობით მიმდინარეობდა და ამის დასტური 15-ე წუთზე, აკაკი შულაიას გოლი გახდა 1-1.



საერთოდ, აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ბურთის ფლობით და სახიფათო მომენტების შექმნის კუთხით, „დინამო თბილისი" უკეთ გამოიყურებოდა. თუმცა, ამ მომენტებს და კარში დარტყმებს თუ შევადარებთ, „ტორპედომ" თბილისურ გუნდს აშკარად აჯობა. შესაბამისად, ქუთათურთა მეკარეს, როინ კვასხვაძეს ამ დღეს დიდად გარჯა არ დასჭირვებია. აი, „დინამო თბილისის" 18 წლის მეკარემ, დემეტრე ბულისკერიამ კი თბილისელები ჯერ 37-ე წუთზე, მიშიკო სარდალიშვილის დარტმულის შემდეგ გადაარჩინა. კიდევ ერთი „სეივი" კი დინამოელმა 75-ე წუთზე, გრიგოლ დოლიძის დარტყმის შემდეგ შემოგვთავაზა. აქვე, ისიც ვთქვათ, რომ კვასხვაძეც და ბულისკერიაც, სანაკრებო შესვენების დროს, შესაბამისად ქვეყნის ეროვნულ და 18-წლამდე ნაკრებებში არიან გამოძახებულნი.



ქართული დერბი, რომელიც საერთო ჯამში, საინტერესოდ, დაძაბულად და კორექტულად წარიმართა, 3 ნაწილად შეიძლება დაიყოს. საწყისი ეტაპი, სადაც უფრო თანაბარი ბრძოლა იყო, მაგრამ მომენტებში სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ. პირველი ტაიმის დასასრული და მეორე ტაიმის პირველი ნახევარი, სადაც „ტორპედომ" ბურთი „დაიჭირა" და მატჩის ბოლო ნახევარი, რომლის დროსაც „ტორპედოს" უფრო გაუმართლა. გამომდინარე აქედან, არ შეიძლება არ დაეთანხმო დინამოელთა მთავარ მწვრთნელს კახი კაჭარავას, რომელმაც, მატჩის შემდეგ არ დამალა, რომ ქუთაისში, „დინამომ" უფრო დაკარგა 2 ქულა, ვიდრე 1 ქულა წამოიღო. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ბოლო 7 წლის მანძილზე, ეროვნული ჩემპიონატების გათამაშებებში, „დინამო თბილისს" ქუთაისში მატჩი არ წაუგია.



აქვე შეგახსენებთ, რომ თვენახევარში „ტორპედოსაც" და „დინამო თბილისსაც" წინ ევროტურნირები აქვთ და თუკი, ამ ჭრილში, ორივე გუნდის საერთო პრობლემა შემადგენლობის გაძლიერებაზე ზრუნვა იქნება, ქუთაისელებს, აშკარად სერიოზული ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებაც მოუწევთ. თუმცა, როგორც ჩანს ქუთაისის მერია, რომელსაც უეფას მიმართ, მთელი რიგი ვალდებულებების აღება დაეკისრება, თუკი უნდა, რომ „ტორპედომ" საშინაო მატჩები „რამაზ შენგელიაზე" და არა „მიხეილ მესხზე" ჩაატაროს, ტორპედოსგან უფრო მეტ „გარანტიებს" ელოდება, ვიდრე ერთი ან ორი ეტაპის გადალახვას.  უეფა-სთან სალაპარაკოდ კი, გაუმართავი ინფრქსტრუქტურის შემთხვევაში, დიდი შანსია, რომ თამაშები ქუთაისში არ ჩატარდეს, რაც „ტორპედოს" გულშემატკივართა და მთლიანად ქუთაისში საკუთარი გუნდის სიყვარულიდან გამომდინარე, ფეხბურთის ადგილობრივი ქომაგისთვის დიდი და უპატიებელი დარტყმა იქნება.

(მატჩის ფოტო-ალბომი)

***

და ბოლოს, ვლადიმერ გაზაევის „რუსთავიდან" წასვლის და საჯარიმო სანქციების დაკისრების  შემდეგ მეტალურგთა ქალაქის ქომაგები ოდნავ დაცრხნენ და „ღუმელში ცეცხლის შეკეთებას" შეეშვნენ. თუმცა, ვარლამ კილასონიას თაოსნობით, „რუსთავმა" პირველი მატჩი  „საბურთალოსთან" მინიმალური ანგარიშით 2-1 წააგო. მატჩის დაწყებამდე, კილასონიამ აღნიშნა რომ სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ, კლუბში ის რუსთაველები დაბრუნდებიან, რომლებმაც „რუსთავში" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე დაბრუნებულ კულასონიასთან ერთად, გუნდი ეროვნულ ლიგაში ამოიყვანა. სავარაუდოდ, სწორედ ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს, „რუსთავს", მის შემადგენლობაში მყოფი, რამდენიმე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელიც დატოვებს. შეგახსენებთ, რომ კლუბი, 4-მა ლეგიონერმა გაზაევთან ერთად უკვე დატოვა.



კონკრეტულად „საბურთალოსა" და „რუსთავის" თამაში, უფრო ემოციურად დაძაბული იყო, ვიდრე საინტერესო. ამ დღეს, მატჩის „გმირი" ვეტერანი დავით  კვირკველია იყო. სწორედ მის ანგარიშზე ჩაიწერა მე-8 წუთზე „საბურთალოს" კარში გატანილი შეხვედრის პირველი გოლი, 0-1. შემდეგ, 36-ე წუთზე, აბსოლუტურად უწყინარ სიტუაციში უკვე, ნუკრი რევიშვილის კარში გატანილი ავტოგოლი 1-1 და ბოლოს, მატჩის 76-ე წუთზე, „აკიდებული" 11-მეტრიანი, რომელიც უკვე საბურთალოელმა გიორგი კოხრეიძემ, გამარჯვების გოლში გარდასახა 2-1.




ამას გარდა,  ალბათ, უნდა აღინიშნოს, იმისდა მიუხედავად, რომ „საბურთალომ" მთელი მეორე ტაიმი გაძევებული ლაზარე კუპატაძის გარეშე ითამაშა, მე-13 ტურში, „რუსთაველთა" „დახმარებით" 3 ქულის აღება მაინც მოახერხა და ელიგის სატურნირო ცრხილის სათავეშია. 

***

ამ ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაზე შესვენება გამოცხადდა. სანაკრებო პაუზის დროს, ეროვნულ ნაკრებში, ჩემპიონატში მონაწილე სამი გუნდიდან „ტორპედოდან" -როინ კვსახვაძე, „დინამო თბილისიდან" - ოთარ კიტეიშვილი, ბუდუ ზივზივაძე, ლევან ხარაბაძე და „რუსთავიდან"-  ლევან გეგეჭკორი არიან გამოძახებულები.

მთა გარდა, „არდადეგების" დროს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში არიან გამოძახებული მთელი რიგი ფეხბურთელებიც. ამ ნაკრებებიდან ერთი, 21-წლამდე ნაკრები 3 და 6 ივნისს, თბილისში, მიხეილ მესხზე, ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს უელსის 21-წლამდე ნაკრებთან.

რაც შეეხება ეროვნულ ლიგას ის 9 და 10  ივნისს განახლდება. მე-14 ტურში

შაბათი, 9 ივნისი

18:00 „სამტრედია" - „ტორპედო"

20:00 „რუსთავი" - „სიონი"

21:00 „დილა" - „კოლხეთი 1913"

კვირა, 10 ივნისი

18:00 „ლოკომოტივი" - „საბურთალო"

20:30 „დინამო თბილისი" - „ჩიხურა"