
საკალათბურთო სუპერლიგის ფინალურ სერიაში, დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართული მესამე მატჩის შემდეგ თბილისის „დინამოსა" და „ქუთაისს" შორის ანგარიში 2-1 გახდა, თბილისელთა სასარგებლოდ. მას შემდეგ, რაც ამ გუნდების დაპირისპირების პირველ 2 რაუნდში, იმერეთის მთავარ ქალაქში, „ქუთაისმა" ვერ მოახერხა საკუთარ მოედანზე ორივე შეხვედრის მოგება (ქუთაისის რაუნდი 1-1 დასრულდა), ე.წ. მოედნის უპირატესობა თბილისელთა მხარეს გადმოვიდა, რადგან ფინალურ სერიაში ის გუნდი, რომელიც 3 გამარჯვებას მოიპოვებს ხდება ჩემპიონი. ამრიგად, ხვალ, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შესაძლოა საქართველოს 2017-2018 წლების საკალათბურთო სეზონის გამარჯვებული გამოვლინდეს.
„წელს უკვე ვიყავით ასეთ სიტუაცაიში, როდესაც „რუსთავთან" სერიაში ვაგებდით 1-2. თუმცა, მოვახერხეთ ფლეი-ოფის შემოტრიალება. მჯერა ჩემი ბიჭების და მათი იმედი მაქვს. მჯერა იმისაც, რომ დღეს მოვახერხებთ სწორი დასკვნების გაკეთებას და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვნახოთ, რა გამოვა", - ამბობს მატჩის დასრულების შემდეგ ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში.

ბუნებრივია, ხვალინდელ მატჩამდე, რომელიც ოლიმპიურ სასახლეში 28 მაისს, კვლავ 16:00 დაიწყება, კოტე ტუღუში, გუნდთან ერთად გააანალიზებს, დღევანდელ მატჩში დაშვებულ შეცდომებსაც და მათ გამოსწორებასაც შეეცდება. თუ უნდა, რომ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის დაბრუნების შანსი მიეცეს. თუმცა, გულხელდაკრეფილი არც თბილისის „დინამო" აპირებს დაჯდეს. მიუხედავად იმისა, რომ დღესაც და ხვალაც, თეორიულად მოედნის უპირატესობა „დინამოს" მხარეს არის და თბილისური კლუბიც, სწორედ ამ დარბაზში თამაშობს, ტრიბუნების შემხედვარე ამას ვერ იტყვი. ტრადიციულად საკალათბურთო მატჩებზე „დინამო", ქვეყნის ჩემპიონატზე სახლში თამაშობს, თუ გასვლაზე, თბილისში კალათბურთის გულშემატკივარს ეს არ ანაღლვლებს.

დღესაც, თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში, თუ არ ჩავთვლით VIP სექტორის ერთ ფლანგს, სადაც დინამოელთა ოჯახის წევრები და კლუბის ხელმძღვანელობა იჯდა, სხვა დანარჩენი ქუთაისიდან ჩამოსული ქომაგები ან, თბილისში მცხოვრები ქუთაისელები იყვნენ. გამომდინარე აქედან, დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა, ირაკლი ხოშტარიამ, იცის, რომ არის მოედნის უპირატესობა, თუმცა ამ უპირატესობას, გამოყენება უნდა.
დღევანდელ მატჩში, კი „დინამომ" მოედნის უპირატესობაზე მეტად, ალაგ-ალაგ, ქუთაისელთა ბავშვური შეცდომებით უფრო ისარგებლა კარგად. თუმცა, შეცდომები არც საქართველოს მოქმედ ჩემპიონს აკლდა, როგორც დაცვაში, ასევე შეტევის დროს.
„ამ მატჩმდე, სერიაში ანგარიში 1-1 იყო და აქედან გამომდინარე თამაშიც ძალიან დაძაბული გამოვიდა. ვიბრძოლეთ, როგორც შეგვეძლო. თითქმის, მთელი თამაში ვაგებდით, მაგრამ ბოლოში, შევძელით მობიზლიზება და სასურველი შედეგიც მივიღეთ. რაც შეეხება ხვალინდელ თამაშს, ვიცით, რომ „ქუთაისი" არაფერს დათმობს და ჩვენც, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა გავხდეთ ჩემპნიონები", - ამბობს ლევან გრძელიძე, დინამოელთა მე-6 ნომერი.

მართლაც, საწყისი პერიოდი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მატჩის დაწყებიდან, დაახლოებით 5 წუთის შემდეგ, „ქუთაისმა" თამაშის სადავეების ხელში აღება მოახერხა და ანგარიში ჯერ გაათანაბრა, შემდეგ კი, 4-5 ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და ალაბათ, რომ არა დინამოელთა მე-11 ნომრის კიელ ტურპინის თავდადება მატჩის ეს მონაკვეთი არა 2 ქულით, არამედ უფრო მეტი სხვაობითაც დასრულდებოდა. პირველი მეოთხედი, „ქუთაისმა" 20-22 მოიგო.
მეორე მეოთხედის საწყის დროში, ძირითადად „ქუთაისი" ლიდერობდა. დინამოელთაგან კვლალ კიელ ტურპი გამოირჩეოდა, რომელსაც ამ მეოთხდის შემდეგ 12 ქულა ჰქონდა უკვე დაგროვებული. ნელ-ნელა მას მხარი მეორე ლეგიონერმა ლაველ ბოიდმაც აუბა, რომელსაც პირველი ტაიმის შემდეგ ყველაზე მეტი 14 ქულა ჰქონდა. სხვთა შორის, მატჩის ამ მონაკვეთისთვის თბილისის „დინამოს" 3 ლეგიონერს - ტურპინს, ბოიდსა და ლის, 10-ქულიანი ზღვარი უკვე გადალახული ჰქონდა. „ქუთაისიდან" კი, ამ მონაკვეთში ყველაზე შედეგიანი 14 ქულით, აკაკი დვალიშვილი იყო. მეორე პერიოდი „დინამომ" 24-21 მოიგო და შესაბამისად, პირველი ტაიმით, 44-43 დასრულდა.

„პირველი 3 პერიოდი გარდამავალი უპპირატესობით მიმდინარეობდა. მესამე მეოთხედში, უპირატესობა 11-ქულიანიც იყო, მაგრამ მე-4 პერიოდი მთლიანად ჩავაგდეთ. რამ გამოიწვია ეს, რა შეცდომები იყო, ამის შესახებ ვიმსჯელებთ. რა თქმა უნდა ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. მათ შესახებ, მოგვიწევს დაფიქრება, რომ არ დავიტოვით საქართველოს ჩემპიონის ტიტული, ვიბრძოლოთ ბოლომდე და ჩვენს სასარგებლოდ დავამთავროთ თამაში", - ამბობს კოტე ტუღუში.
მე-3 მეოთხდის საწყის ეტაპზე „ქუთაისმა" გაქცევა მოახერხა. მატჩის ამ მონაკვეთში, „დინამომ" მხოლოდ 11 ქულის დაგროვება შესძლო, მაშინ, როცა ქუთათურებმა აქტივში 23 ქულა დაიმატეს. სწორედ, ამ მეოთხედის შემდეგ, ანგარიში 55-66 იყო, სტუმრების სასარგებლოდ.

„ავღნიშნავ, რომ ფინალებში არ არსებობს ფავორიტი. ამიტომ, უნდა ბოლომდე ბრძოლა ადრეც მითქვამს, რომ გვაკლია სტაბილურობა. ისევე, როგორც მთელი ჩემპიონატის მანძილზე, ახლაც, კონკრეტულად მოცემულ თამაშში, იგივე განმეორდა. გუნდში, მოთამაშეთა უმეტესობა ახალგაზრდები არიან. ძალიან ბევრს ვაძლევ თამაშში მონაწილეობის შანსს და ეს „ჩავარდნებიც" მოსალოდნელია. თუმცა, ვფიქრობ, რომ დღეს, ბრძოლის ხარჯზე, იმის ხარჯზე, რომ თამაში გრძელდება 40 წუთი და ბოლო წამამდე უნდა ითამაშო, ჩვენ გამარჯვება მოვახერხეთ. ეს არის ფინალები და აქ, არ შეიძლება დანებება. სწორედ, ამის ხარჯზე შევძელით გამარჯვება. თუმცა, ხვალ გველის ძალიან რთული თამაში. ძალიან კარგ გუნდთან. ასე რომ უნდა მოვემზადოთ", - ამბობს ირაკლი ხოშტარია, თბილისის „დინამოს" მთავარი მწვრთნელი.

11-ქულიანი სხვაობით, დარჩენილ, მე-4 პერიოდში, „ქუთაისი" კიდევ 2 წუთი იგებდა. მატჩის ამ მონაკვეთში დინამოელებმა ქულის აღება ვერ მახერხეს. თუმცა, აღსანშნავია, რომ სწორედ ამ მეოთხედში, ორივე გუნდმა კატასტროფულად ბევრი შეცდომა დაუშვა. ამ შეცდომებით, კარგად ისარგებლებს ლაველ ბოიდმა და კიელ ტურპინმა და ნელ-ნელა ანგარიშში სხვაობა შეამცირეს. საერთოდ დღევანდელ მატჩში, კალათბურთლების უმეტესობა, უფრო შავ სამუშაოს ასრულებდა, სასროლად კი რამდენიმე დგებოდა. მაგალითად, ქუთაისელთაგანა, მთელი მატჩი აკაკი დვალიშვილი და დეჟან რაითი გამოირჩეოდნენ. ამ კალათბურთელებმა საბოლოოდ, 16 და 24 ქულა დააგროვეს. ქუთაისელთაგან აკაკი დვალიშვილს ცოტა დააკლდა ორმაგ დუბლამდე. სამაგიეროდ ორმაგი დუბლი კიელ ტურპინის ანგარიშზეა, რომელმაც საერთო ჯამში 28 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. აქვე გეტყვით, რომ ლაველ ბოიდმა 25, რავენ ლიმ 12 და ილია ლონდარიძემ 10 ქულა დააგროვეს (იხილეთ მატჩის სტატისტიკა).

საინტერესოა, რომ ბოლო მეოთხედში, „დინამომ" 25-5 მოიგო. აქედან მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, „ქუთაისი" ჯერ კიდევ ანგარიშში წინ იყო, 68-71. თუმცა, ამ მომენტში, დაახლოებით წუთი, წუთნახევარი, ორივე გუნდი, ერთი მეორეს მიყოლებით ისე კარგავდა ბურთს, რომ ფარის მიმართულებით არც კი უსვრიათ. ამ სიტუაციაში, პირველი გონს დინამოელები მოვიდნენ და კიელ ტურპინის, ილია ლონდარიძის და ლაველ ბოიდის ზუსტი თამაშის წყალობით ჩემპიონმა ანგარიშში წინ გაჭრა მოახერხა. სხვათა შორის, დინამოელთა კიდევ ერთმა ლეგიონერმა სერბმა ალქესანდერ მიტროვიჩმა პირველი ქულები მხოლოდ მატჩის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე, საჯარიმო სროლებიდან დააგროვა. ნოდარ გოგოძის ანგარიშზე თამაშის დასრულების შემდეგ, მხოლოდ 2, გრძელიძისაზე 1, ხოლო მიხეილ ბერიშვილის გვარის გასწვრივ, რაც არ უნდა საკვირველი იყოს 0 ქულა ეწერა.

ბუნებრივია, ხვალ ორივე გუნდში მოთამაშე კალათბურთელების გასწვრივ, მაჩვენებლები შეიცვლება. ამასთან ერთად, ხვალ, მოედანზე კალათბურთელები გამოვლენ, თუმცა ბრძოლის მსვლელობას მწვრთნელების ირაკლი ხოშტარიასა და კოტე ტუღუშის გადაწყვეტილებები წარმართავს. ფაქტია, რომ გაიმარჯვებს ის, ვისაც გამოცდილებასთან ერთად, ნერვებიც არ უმტყუვნებს და იღბალიც. დღეს კი თბილისის „დინამომ" 80-71 მოიგო და სერიაში 2-1 დაწინაურდა.





ჩვენ








