„დინამო თბილისში“ ესპანელებს აკვირდებიან
„დინამო თბილისში“ ესპანელებს აკვირდებიან
29.05.2018
ავტორი:

მე-13 ტურის დასრულების შემდეგ, „დინამო თბილისი" დღეს პირველად შეიკრიბა ანდრო ჟორდანიას სახელობის დიღმის საწვრთნე ბაზაზე. დინამოელებთან ერთად, დღეს, წვრთნის პროცესში მონაწილეობა, ორმა ესპანელმა ფეხბურთელმა მიიღო. 29 წლის ფორვარდი ბორის გაროსი და 22 წლის ნახევარმცველი ალექს კიერემე თბილისში 2 დღეა ჩამოვიდნენ და იმ შემთხვევაში, თუკი ფეხბურთელები სინჯებს გაივლიან, არაა გამორიცხული ისინი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბშიც ვიხილოთ. ამ დროისთვის, კი ცნობილია, რომ ესპანელებს, „დინამო თბილისის" სამწვრთნელო შტაბი, სანაკრებო პაუზის დროს დააკვირდება და გადაწყვეტილებას მათ შესახებ მოგვიანებით მიიღებს.




საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისის" ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ბორის გაროსი ბოლოს „რეკრეატივო უელვაში" გამოდიოდა, ხოლო წარმოშობით განელი ალექს კიერემე საფეხბურთო კლუბ „გავაში" ასპარეზობდა. კიერემე, „ალბასეტეს" სკოლის აღზრდილია და „გავამდე" სწორედ იქ თამაშობდა. კიდევ ერთი ესპანელი ფეხბურთელი, 25 წლის ცენტრალური მცველი კარლეს მასი, რომელიც" ჟირონას"  ღირსებას იცავდა, საწვრთნელ პროცესს ხვალ შეუერთდება.



სინჯებზე მყოფი ესპანელების გარდა, დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა ბაქარ ქარდავამაც, რომელიც გამიზეზებული ტრავმის გამო ეროვნული ლიგის მე-7 ტურში, ბოლნისის „სიონთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ მინდორზე აღარ გამოჩენილა. გუნდთან ერთად ვარჯიშობს გიორგი კუციაც, რომელსაც ელიგის პირველ წრეში, „საჩხერის" ჩიხურასთან, მიღებული ტრავმის შემდეგ მენისკი ამოკვეთეს. ნელ-ნელა აქტიურად შეუდგა ვარჯიშს გიორგი ზარიაც, რომელიც თითქმის 8 თვეა სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.



კიდევ ერთი ფეხბურთელი ოთო გოშაძე, რომელიც „დინამო თბილისის" განაცხადში, სანაკრებო პაუზამდე არ ჩანდა, უკვე ჯანმრთელად არის და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად, თბილისში,  3 და 6 ივნისს „მიხეილ მესხზე" უელსის 21-წლამდე ნაკრებთან გასამართი ამხანაგური შეხვედრებისთვის ემზადება. გოშაძის გარდა, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში დავით კობოური, ლუკა ლოჩოშვილი და აკაკი შულაია არიან გამოძახებულები.

„დინამო თბილისის" კიდევ 3 ფეხბურთელი, ოთარ კიტეიშვილი, ბუდუ ზივზივაძე და ლევან ხარაბაძე, ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ავსტრიაში იმყოფებიან, სადაც 1 და 5 ივნისს, მალტისა და ლუქსემბურგის ეროვნულ ნაკრებებთან სათამაშოდ გადიან წვრთნას.

დინამოელთა კიდევ ერთი მეკარე დემეტრე ბულისკერია, თამაზ ბაბუნაძესთან, ბექა დარცმელიასთან და „დინამოს აკადემიის" კიდევ  5 ფეხბურთელთან გიორგი მამარდაშვილითან, ნიკოლოზ გაბელაიასთან, არჩილ ბასარიასთან, ფირუზ გაბიტაშვილთან, თემურ გაბუნიასთან ერთად, საქართველოს 18-წლამდე ნაკრებში არიან გამოძახებულები.

დინამოელთა საწვრთნელ შეკრებას დღეს არ ესწრებოდა „დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელი კახი კაჭარავა, რომელიც უეფას მწვრთნელთა PRO-ლიცენზიის, რიგით მეორე მოდულის სასწავლო პროცესს გადის.


საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისის" ფოტოები