
დღეს თბილისის დროით 22:00 საათზე, O.A.K.A. საკალათბურთო დარბაზში, საქართველოს ნაკრები „აკროპოლისის თასზე" პირველ შეხვედრას გამართავს. ქართველ კალათბურთელთა მეტოქე მასპინძელი, საბერძნეთის ნაკრები იქნება.
ტურნირში, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქში 23-25 აგვისტოს იმართება, ბერძნების გარდა, ქართველთა მეტოქეები იტალიისა და სერბეთის ძლიერი გუნდები იქნება. ჩვენი ნაკრებისთვის, „აკროპოლისის თასი" ბოლო მოსამზადებელი ეტაპია ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის წინ.
საქართველოს ნაკრები ათენში გუშინ, გამთენიისას ჩაფრინდა და გუშინვე გამართა პირველი ვარჯიში O.A.K.A. საკალათბურთო დარბაზში. ნაკრებთან ერთად იმყოფება ტრავმირებული ვიქტორ სანიკიძე, რომელიც ტურნირის და შემდეგ უკვე „ევრობასკეტის" განმავლობაშიც გუნდთან ერთად იქნება და გაამხნევებს მათ.
რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, ნაკრების ექიმების განცხადებით, ზაზას საშუალო სირთულის ტრავმა აქვს. ფაჩულიას, ტრავმისთვის შესაბამისად დაგეგმილი მკურნალობის ციკლი უტარდება, საათობრივად უკეთდება გეგმიური სარეაბილიტაციო მკურნალობა, უტარდება სპეციალური ვარჯიშები. ექიმები ვარაუდობენ, რომ 5 დღეში ზაზა უნდა შევიდეს იმ კონდიციაში, რომ „ევრობასკეტისთვის" იყოს ფორმაში და რაც მთავარია, იყოს გუნდთან ერთად.
იხ. ბმული





ჩვენ








