
„მიხეილ მესხზე" დღეს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა უელსელ თანატოლებთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. თავიდანვე ვიტყივთ, რომ შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა. თუმცა, ამ მატჩდან რაც დასამახსოვრებელი იყო შეხვედრის მე-12 წუთზე ბექა მიქელთაძის მიერ უელსელთა კარში გატანილი ულამაზესი გოლი, ამავე ტაიმში, თითო-თითოჯერ ორივე ნაკრების ხარიხაზე გარტყმული ბურთი, მატჩის მეორე ტაიმში ვატო არველაძის მომენტი, როდესაც ქართველმა მეკარის მოტყუებაც შესძლო და შემდეგ ცარიელ კარში ბურთი ვეღარ გადაგზავნა და ის, რომ მეორე ტაიმის მიწურულს, 86-ე წუთიდან (მას კიდევ მსაჯის მიერ კომპენსირებული 5 წუთიც დაემატა) ქართველი 21-წლამდელები 10 უელსელს ეთამაშებოდნენ.

„შეხვედრას დადებითად შევაფასებდი. უარყოფითს ნამდვილად არ ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში შეიძლება ვერ დავალაგეთ თამაში ისე, როგორც მეორეში. ამხანაგური თამაში სწორედ იმისთვისაა გამოსაყენებლი, რომ შენი სისუსტეები დახვეწო. მადლობა სფფ-ს ხელმძღვანელებს, რომ ასეთი კარგი სპარინგ-პარტნიორი შეგვირჩიეს. სუსტ გუნდთანაც შეიძლება ითამაშო, მაგრამ მირჩევნია, ჩვენი დონის ან ჩვენზე ძლიერ ნაკრებს ვეთამაშოთ. ამხანაგურ დაპირისპირებაში ბევრი რამ ჩანს", - ამბობს შეხვედრის დასრულების შემდეგ გია ცეცაძე, საქართველოს 21-წლამე ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

პირველი ტაიმი ცეცაძის გუნდმა შემდეგი შემადგენლობით დაიწყო: ჩოჩიშვილი, მარგველაშვილი, გიორგაძე, კობოური, ჩაბრაძე, ლაკვეხელიანი, ცეცხლაძე, მაჭარაშვილი, კოხრეიძე, მიქელთაძე, არველაძე. ჩვენი ნაკრების მიმართ საწყენად არა, მაგრამ მატჩის პირველი ნახევარი უელსელთა უპირატესობით წარიმართა. ბექა მიქელთაძის გოლს თუ არ ჩავთვლით, შეხვედრის ამ ნაწილში ქართველებ უელსელთა მეკარე დიდად არც შეუწუხებიათ. გიორგი კოხრეიძის აქტიურობის მიუხედავად, ქართველი 21-წლამდელების მცდელობები კარის მიმართულებით დარტმით თითქმის არ სრულდებოდა. მიუხედავად ამისა, მატჩის შემდეგ გია ცეცაძემ განაცხადა: „ჩვენი ბიჭების სასახელოდ მინდა ვთქვა, მათი მონდომება და სიზუსტეები ვარჯიშზე. დიდი ხანია ჩვენი ფეხბურთელებით ასეთი კმაყოფილი არ ვყოფილვარ. მოგეხსენებათ, ნაკრებში ცოტა დროა სავარჯიშოდ, მაგრამ ყველაფერი კარგ ტემპში მიდის, რაც მეორე ტაიმშიც ჩანდა მოედანზე. ჩვენ ყველაფერს ვგეგმავთ მოწინაღმდეგის მიხედვით. უელსის ნაკრებს ცუდი გუნდი არ ეთქმის, კარგი თამაში იყო გულშემატკივრისთვის. კარგი იქნებოდა, რომ მოგვეგო, მაგრამ ჩემთვის ახლა შედეგს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. პირველ ტაიმშიც იყო, მაგრამ მეორეში ის ფეხბურთი ვნახე, რომელსაც ვარჯიშის დროს ვდგამდით".

პირველ ტაიმში ბექა მიქელთაძის გოლს კი უელსელებმა 31-ე და 35-ე წუთებზე გატანილი გოლებით უპასუხეს. ჯერ ანდრო გიორგაძეს ხელით თამაშისთვის დანიშნული პენალტი გაიტანეს სტუმრებმა (გოლი მორელიმ გაიტანა) 1-1, შემდეგ კი ჰარისმა სტუმრები დააწინაურა 1-2. მეორე ტაიმში, თუმცა ისევე, როგორც პირველში ქართველთა შორის ბექა მიქელთაძე გამოირჩეოდა. დღევანდელ მატჩში, მეორე გოლიც მის ანგარიშზე. შეცვლაზე შემოსული ირაკლი ბუღრიძის წაქცევის გამო, შეხვედრის 87-ე წუთზე მიქელთაძემ პენალტი ზუსტად შეასრულა 2-2. აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში ქართველთა შეტევები, სწორედ ცეცაძის მიერ გაკეთებული შეცვლების შემდეგ გამწვავდა.

„მომდევნო თამაშში, ფეხბურთელების ცვლილებები იქნება, რა თქმა უნდა. ვინც ცოტა ითამაშა, ან საერთოდ ვერ ითამაშა, შანსს მათ მივცემთ", - ამბობს გია ცეცაძე. დღევანდელ მატჩში კი „ცოტა" ჭიჭინაძემ, ალთუნაშვილმქ, შულაიამ, ბუღრიძემ, გოშთელიანმა და ძებნიაურმა ითამაშეს. მეორე ამხანაგურ მატჩს კი საქართველოსა და უელსის 21-წლამდე ნაკრებები კვლავ თბილისში, მიხეილ მესხზე, 6 ივნისს, 20:00 გამართავენ.






ჩვენ








