ფინალისტების ვინაობა 6 ივნისს გაირკევა
ფინალისტების ვინაობა 6 ივნისს გაირკევა
03.06.2018
ავტორი:

ფუტსალის ლიგა კულმინაციური ნახევარფინალების მოლოდინშია. მიმდინარე სეზონის ფინალისტების ვინაობა 6 ივნისს გაირკვევა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კი, დღეს, საქართველოს ფუტსალის ლიგის განმეორებითი ½ შეხვედრები გაიმართა. ამ საასპარეზო დღის შემდეგ, ვერც ერთმა ნახევარფინალისტმა ფინალში გადასვლა ვერ მოახერხა და გადამწყვეტ მატჩებამდე სერიებში ანგარიში 1-1 არის.

დღეს კი, თავდაპირველად „კოლხი-გულრიფში" და „აგორა" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დაძაბული და სანახაობრივი  მატჩი „კოლხი-გულრიფშის" გამარჯვებით 2-0 დასრულდა. ამ მატჩში, პირველი გოლი საჯარიმოთი ამირან ცხომარიამ გახსნა. შეხვედრის 38-ე წუთზე კი ილია რეხვიაშვილმა მეორე გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.



„პირველი წაგებული შეხვედრის შემდეგ მეორე თამაშისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით. განვიხილეთ წინა მატჩი, შეცდომები ასე, თუ ისე გამოვასწორეთ. შევძელით მობილიზება, რაც თამაშზეც აისახა. ყველაფერი წინ არის, გადმწყვეტი შეხვედრა გვაქვს  ჩასატარებელი და  ყველაფერს  გავაკეთებთ, რომ ფინალში ვითამაშოთ. მეტოქე ძალიან ძლიერი გვყავს და ურთულესი თამაში გველოდება", - ამბობს ილია რეხვიაშვილი.

„ერთი კონკრეტული მიზეზი ჩემი აზრით  ჩვენს  დღევანდელ მარცხს არა აქვს. პირველ რიგში, იმიტომ წავაგეთ, რომ მომენტების  რეალიზება ვერ შევძელით. პირველი თამაში  იყო, სადაც  გოლი ვერ გავიტანეთ. აქედან გამომდინარე, შემდეგ თამაშში ვეცდებით შეტევითი პოტენციალი გავაძლიეროთ და მეტად  მოვინდომოთ. მეტოქეს  დაუფასდა შრომა. ჩვენი მიზანი ფინალში გასვლაა", - ამბობს დავით ბობოხიძე.

ამრიგად, სერიაში ანგარიში 1-1 გახდა და ახლა, ფინალისტის ვინაობას მესამე გადამწყვეტი შეხვედრა გაარკვევს, რომელიც  6 ივნისს გაიმართება.


***

ანალოგიურად, მესამე, გადამწყვეტ შეხვედრაში გაირკვევა ფინალისტის ვინაობაც „ტატიშვილისა" და „სტუ-თელასის" დაპირისპირებაში. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ამ გუნდების ½ ფინალური ფლეი-ოფის დაპირისპირებაშიც ამ მომენტისთვის ანგარიში 1-1 გახდა. დღეს კი, მიმდინარე სეზონის ყველაზე ხანგრძლივი და დრამატული შეხვედრა ტატიშვილსა და  თელასს შორის მედიკოსების გამარჯვებით 1-0 დასრულდა.



„მინდა მივულოცო ჩემს გუნდს  გამარჯვება.  ვიბრძოლეთ თითოეული  ნაბიჯისთვის. გამოვიჩინეთ, უდიდესი  ჟინი და  მონდომება. უხეში თამაში  იყო,  ბევრი ტრავმები გვქონდა, დღევანდელ შეხვედრაში. სავარაუდოდ, დანაკლისი  გვექნება მომდევნო მატჩში,  მაგრამ  არ აქვს  მნიშვნელობა 4 მოთამაშით  გავალთ და ჩვენს  გასაკეთებელს  გავაკეთებთ. მადლობა  მინდა  გადავუხადო  მოწინააღმდეგეს   კარგი თამაშისთვის", - ამბობს ალექსანდრე ძაბირაძე, „ტატიშვილის" მწვრთნელი.

აღსანიშნავია, რომ ფუტსალის ლიგის ისტორიაში პირველი უგოლოდ  დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ, გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ორი ხუთ წუთიანი ტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 0-0 დასრულდა. ამ მატჩში ერთად-ერთი გოლი კი, სწორედ, ამ დამატებით დროში გავიდა. ვახტანგ კეკელიამ, „ტატიშვილი" ½ ფინალურ სერიაში „დატოვა".

„ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ დაძაბული შეხვედრა იქნებოდა, მოწინააღმდეგეს მინდა ტაში  დავუკრა. ბოლომდე იბრძოლეს, არაფერი დათმეს, დამსახურებულად  გაიმარჯვეს. მესამე  შეხვედრა გვიწევს, რაც  უფრო რთული იქნება, ვიდრე ეს ორი  და მე ვფიქრობ კარგი სანახაობა ელოდება მაყურებელს", - ამბობს ავთანდილ ასათიანი, „სტუ-თელასის" მოთამაშე-მწვრთნელი.

შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში "სტუ-თელასმა" დიდი ანგარიშით 5:0 გაიმარჯვა.

***

ამრიგად, 6 ივნისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის ფინალისტების ვინაობა, სერიის გადამწყვეტ, მესამე შეხვედრებში გაირკვევა. ამ დღეს, 18:30 „ტატიშვილი" - „სტუ-თელასს", ხოლო 21:00 „კოლხი-გულრიფში" - „აგორას" დაუპირისპირდება.