
დღეს, 5 ივნისს, "მოყვარულთა თასი 2017"-ის გამარჯვებული ფოთის სამოყვარულო გუნდი „ჭაბონამა", ევროპის სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატზე, თავის პირველ მატჩს გამართავს. ფოთელების პირველი მეტოქე სლოვენიური „მარიბორი" იქნება. შეხვედრა კი, რომელსაც ქართული გუნდი სლოვენიაში გამართავს, თბილისის დროით 21:30 წუთზე დაიწყება.
უეფას რეგიონთა თასზე, საქართველოს წარმომადგენელი მომდევნო მატჩებს 8 და 11 ივნისს, შესაბამისად, 17:30 და 21:30 საათზე, ასევე სლოვენიაში ჩაატარებს. მომდევნო თამაშებში, ქართველები რუმინეთის „ბუზაუ"-ს და ცენტრალურ შოტლანდიას დაუპირისპირდებიან.
ევროპის სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი - უეფას რეგიონთა თასი სამი ეტაპს მოიცავს: პირველი, შესარჩევი რაუნდი სამი ოთხგუნდიანი ჯგუფისაგან შედგება, მეორე, შუალედური ეტაპი - რვა ჯგუფისგან დაკომპლექტდება, საიდანაც რვა საუკეთესო გუნდი ფინალურ მესამე ეტაპზე იასპარეზებს. თითოეული გათამაშება, საერთო ჯამში, ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობს.

ევროპის სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება, ჩვენი ქვეყნის გუნდმა, ისტორიაში პირველად, ადგილობრივ დონეზე ორგანიზებულ სამოყვარულო საფეხბურთო ტურნირზე გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ „მოყვარულთა თასი"-ს 2017 წლის პროექტი ქართული სპორტის ისტორიაშიც მასშტაბებით უპრეცედენტო აღმოჩნდა. მასში მონაწილეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონის 41 სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 294 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდმა, 7688 მოყვარულმა ფეხბურთელმა მიიღო. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ 2018 წლის პროექტში გაიზარდა როგორც მონაწილე მუნიციპალიტეტების, ისე მონაწილე გუნდებისა და შესაბამისად, მოთამაშეთა რაოდენობა. მიმდინარე გათამაშებაში ქვეყნის მასშტაბით 49 მუნიციპალიტეტის 350-მდე გუნდი და 10 000-მდე მოყვარული ფეხბურთელია ჩართული.
რაც შეეხება ფოთის „ჭაბონამას" , გუნდმა შეკრება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლაგოდეხის საწვრთნელ ბაზაზე გაიარა. სლოვენიაში გამგზავრებამდე კი, სფფ-ს წარმომადგენლებმა მოყვარულ ფეხბურთელებს ბრენდირებული სათამაშო ფორმები და სავარჯიშო ეკიპირება გადასცეს. „ჭაბონამა" უეფას რეგიონთა თასზე სწორედ ამ ახალი ეკიპირებით წარსდგება.






ჩვენ








