ექსპერიმენტმა არ გაამართლა
ექსპერიმენტმა არ გაამართლა
06.06.2018
ავტორი:

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის დაწყებამდე ბოლო ამხანაგური შეხვედრა ლუქსქემბურგში ადგილობრივ ნაკრებთან 1-0 წააგო. ამ მატჩში ერთადერთი გოლი 69-ე წუთზე, ქართველთა საჯარიმოში არეულობას მოჰყვა და ჩვენი ნაკრების 5-მატჩიანი წაუგებელი სერიაც დაასრულა. ყველაფერი კი ჩვენი საჯარიმოდან საკმაოდ შორს, ცუდად მოგერიებული ბურთით დაიწყო, რომელიც საბოლოოდ ხოაკიმმა გოლით დაასრულა. სხვათა შორის, გოლამდე, ამავე ფეხბურთელს კიდევ ჰქონდა 2 საგოლე მომენტი მეორე ტაიმის დასაწყისში და ქართველთა მეკარის, გიორგი მაკარიძის წყალობით, ჩვენი კარი გოლს გადაურჩა.

არადა, სწორედ ლუქსემბურგთან შეხვედრას ანიჭებდა ვლადიმირ ვაისი დიდ მნიშვნელობას. ქართველთა მთავარი მწვრთნელი, ერთა ლიგის დაწყებამდე ბოლო საკონტროლო მატჩში თავის გამოჩენისკენ იმ ფეხბურთელებს მოუწოდებდა, ვისაც არც მალტასთან ჰქონდა ნათამაშები და სამომავლოდ, ნაკრებში შემოსასვლელად, ადგილის დაკავება სურდა. საქრათველოს ნაკრებმა, ლუქსემბურგთან მატჩში, მალტასთან გამართული მატჩიდან განსხვავებით, გადახალისებული შემადგენლობით ჩაატარა: მაკარიძე, ნავალოვსკი (შერგელაშვილი 79), კაშია, ხოჭოლავა, კანკავა (კ), აბურჯანია (კიტეიშვილი 56), ჯიღაური (გეგეჭკორი 89), ჭანტურიშვილი, ხარაიშვილი (დვალი 56), კაჭარავა (ზივზივაძე 62), ბერიძე (ლობჟანიძე 46).




თუმცა, ექსპერიმენტმა არ გაამართლა და ქართული საზოგადოება, „მხსნელი" ერთა ლიგის გათამაშების დაწყებამდე, რეალური სიშიშვლის წინ დადგა. ბუნებრივია, ის შეკითხვებიც, რომლებიც მალტასთან და ლუქსემბურგთან ჩვენი ამ ფორმაციის ნაკრების თამაშის შემხედვარეს ძალაუნებურად გიჩნდება - თუკი, ვერ მოასწრეს ჯანმრთელობის აღდგენა ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობის იმ ფეხბურთელებმა ვისაც ამ შეკრებისთვის ტრავმები აწუხებდათ და მოხდა საოცრება და ვერც „გაგდებულ"-მოუცლელები დაეხმარნენ ნაკრებს, გამოდის, რომ გვრჩება უცხოურ კლუბებში წარმატებულად მოთამაშე გვარები და სახელები, რომლებსაც ფეხბურთის თამაში აშკარად შეუძლიათ და იციან, მაგრამ ეროვნული ნაკრების მთელი „ფსიქოლოგია" მათ აშკარად მძიმედ აწვებათ მხრებზე.




„ავსტრიული შეკრებიდან" გამომდინარე არ შეიძლება, რომ ქართველთა მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი, რომელმაც გუნდს ფეხბურთის თამაში დააწყებინა, კონკრეტული  შედეგით კმაყოფილი იყოს. ქართველთა თავკაცისგან, რომელიც არც მედიასთან კონტაქტს გაურბის და არც კითხვისგან გვტოვებს უპასუხოდ, ბუნებრივია, აღნიშნულ შეკრებაზე და თუნდაც ნაკრებში, მოთამაშეთა პოზიციური ცვლილებებისა და ტაქტიკური მონახაზის შესახებაც ისაუბრებს, პირველივე შეხვედრაზე. მანამდე კი, ვიდრე ეს შეხვედრა შედგება და კითხვებზე პასუხები არ გვექნება, არც ყავაზე მარჩიელობას ვაპირებთ და არც დისტანციურად საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის იმ გადაწყვეტილების გაშიფრვას, რაც მალტასთან და ლუქსემბურგთან „დაყენებული სასტავები" გამო მუსირებს. ფაქტია, რომ მაშინ, როდესაც ეროვნულ ნაკრებს აკლდა ძირითადი გუნდის 90%, ვაისს უნდა გამოეცადა ის რეზერვი, რომელიც შესაძლოა „ღმერთმა არ ქნას" და დაგვაჭირვოს. სხვა თუ არაფერი, უნდა იცოდე, ვისი ნდობა სად, რა ადგილას შეგიძლია.



ალბათ, ერთად-ერთი ვინც ამ შეკრებაზე დადებითად გამოჩნდა და მის შესახებ, საფეხბურთო სამყარო თანხმდება „ერიან-ბერიანად" დინამოელი ოთარ კიტეიშვილია. ლუქსემბურგის ნაკრებთან მატჩშიც, სწორედ ამ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის გამოჩენას მეორე ტაიმის 56-ე წუთიდან, ჩვენი გუნდის გააქტიურება მოჰყვა. კიტეიშვილს ორჯერ, 59-ე და 67-ე წუთებზე შეეძლო ლუქსემბურგელთა კარის აღება. თუმცა, ორივე მომენტში მასპინძლები, მეკარემ გადაარჩინა.


საქართველო-მალტა / ამხანაგური


ყველაზე მეტად გულდასაწყვეტი ის გარემოებაა, რომ „ჟოზი ვარტოლის სახელობის სტადიონზე", თითქმის მთელი მატჩის მანძილზე ბურთის ფლობის %-ეული მაჩვენებელიც ქართველთა მხარეს იყო და კარის მიმართულებით დარტყმებითაც თითქოს არაგვიშავდა. თუმცა, ამ დარტყმებს ან სიზუსტე აკლდა, ან ძალა, ან დამუშავება.

ლუქსემბურგთან მატჩამდე, ვაისი აღნიშნავდა, რომ მეტოქე, კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელიც დაცვაში ხისტად თამაშობსო. ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც მასპინძლებმა გოლი გაგვიტანეს ლუქსემბურგი კიდევ უფრო „ჩაჯდა" დაცვაში. აი, ვაისის სურვილი, რომ „ასეთ ამხანაგურ შეხვედრებში პირველდ ნომრად თამაში უნდა ვისწავლოთ", ქართველთა მწვრთნელისთვის კვლავ მთავარ ამოცანად რჩება.




მოკლედ, „ავსტრიული შეკრება" იყო ერთგვარი ლუსტრირება, ქართველთა ნაკრებში არსებული სურათის. თუმცა, აქედან არც ტრაგედიის შემქნაა საჭირო, რადგან შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ნაკრებს სხვადასხვა მიზეზით ძირითადი შემადგენლობის 14-15 ფეხბურთელი აკლდა.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას, უეფას ერთა ლიგის გათამაშებაზე, 6 სექტემბერს ასტანაში, ყაზახეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.



თავის მხრივ, ბოლო ამხანაგური მატჩი ითამაშა ყაზახეთმაც, რომელსაც მეზობელი აზერბაიჯანის დამარცხება, ანგარიშით 3-0, არ გასჭირვებია. ნიშანდობლივია, რომ მატჩის შემდეგ, ყაზახთა მწვრთნელმა აზერბაიჯანის ნაკრები ქართველთა ნაკრებს შეადარა და საკუთარი გუნდისთვის სპარინგად, აზერბაიჯანლეთა შერჩევაც ამ გარემოებით ახსნა.


სფფ-ს ფოტოები