მეტოქე ცნობილია, თამაშის ადგილი კი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას
მეტოქე ცნობილია, თამაშის ადგილი კი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას
19.06.2018
ავტორი:

იმედს, რომ 10-11 ივლისისთვის, როდესაც „ტორპედოს" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო შეხვედრის გამართვა  უწევს, ქუთაისის „რამაზ შენგელიას სახელობის" სტადიონი მზად იქნება, არც ქუთაისელი და არც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი არ კარგავს. ყოველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ სტადიონზე, უეფას ინსპექტირების დროს მიცემული ხარვეზების გამოსწორება დღემდე არ დაწყებულა, სულაც არაა გამორიცხული, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩის გამართვა, ქუთათურებს თბილისში, ან ზესტაფონში მოუხდეთ.

„რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის" ინსპექტირებისას, უეფას მიერ მიცემული შენიშვნების გამოსწორება კი ქუთაისის მერიის უშუალო მოვალეობაა. თუმცა, ადგილობრივი მერია, ტორპედოელთა მცდელობას, დროულად გაიგონ რა ბედი ელის ქვეყნის მოქმედ ჩემპიონის საერთაშორისო „სარბიელს" დღემდე უყურადღებოდ სტოვებს. „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი" კი ქუთაისის მერიის მმართველობაშია.

ამასობაში კი, დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპის წილისყრა გიმართა, სადაც საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, ქუთაისის „ტორპედოს" პირველი მეტოქე გამოვლინდა. უეფას ჩემპიონთა პირველ საკვალიფიკაციო მატჩში, ქუთაისელები მოლდოვის მოქმედ ჩემპიონს და ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს, ტირასპოლის „შერიფს" დაუპირისპირდებიან. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 10-11 და 17-18 ივლისს გაიმართება. კახაბერ ჩხეტიანის გუნდი, პირველ მატჩს სახლში ჩაატარებს."სავარაუდო მეტოქეებიდან, მხოლოდ "ნიუ საინთსი" იყო სხვა კლუბებთან შედარებით სუსტი, დანარჩენები კი ძლიერები იყვნენ.




"შერიფი" საკმაოდ ძლიერი გუნდია. შარშან ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზეც კი იყვნენ და ჯგუფში, სადაც მოსკოვის "ლოკომოტივი" და "კოპენჰაგენი" არიან, 9 ქულა დააგროვეს, რაც იოლი საქმე ნამდვილად არაა. მოძიებული ინფორმაციით, ამ გუნდში 15 ლეგიონერია, ჩემპიონატში კი ახლა პირველ ადგილზე არიან... ყველაფერი ორი მატჩის ჯამში გადაწყდება. პირველი თამაში ქუთაისშია და ვეცდებით, დადებით შედეგს მივაღწიოთ. იგეგმება გუნდის გაძლიერება. ვფიქრობ, რომ აუცილებელიცაა ფეხბურთელების დამატება. მატჩამდე მცირე დროა და არის პოზიციები, სადაც გაძლიერება აუცილებელია და ვეცდებით ამას. რა თქმა უნდა, იმ ფეხბურთელების დიდი იმედიც მაქვს, ვინც გუნდში არიან. ევროტურნირებზე მხოლოდ ქუთაისს არ წარვადგენთ, იქ ქვეყნის სახე ვართ და ვალდებულები ვართ, ჩვენს თამაშში ქართული გული და სული იგრძნობოდეს. ყველამ ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, რომ ეს ბარიერი გადავლახოთ", - ამბობს კახა ჩხეტიანი.

ქუთაისის „ტორპედოს" სავარაუდო მეტოქეები „აპოელი" (კვიპროსი), „ყარაბაღი" (აზერბაიჯანი), „შერიფი" (მოლდოვა), „ნიუ საინთსი" (უელსი) და  „ვიდეოტონი" (უნგრეთი) იყვნენ..

ხვალ, 20 ივნისს კი, უკვე ევროპა ლიგის წილისყრა გაიმართება, სადაც საქრთველოდან 3 კლუბი: „დინამო თბილისი", „სამტრედია" და „ჩიხურა" მონაწილეობენ.