თოკი ჩამოვიდა, მანუ გამოეთიშა
თოკი ჩამოვიდა, მანუ გამოეთიშა
27.06.2018
ავტორი:

საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს. სერბეთთან და ავსტრიასთან, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის პირველი, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩებში ვერ დაეხმარება მანუჩარ მარკოიშვილი. ცოტა ხნის წინ, ინფორმაცია კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურმა გვერდმაც დაადასტურა.

"იმ პროცედურების შემდეგ, რაც მაისის ბოლოს ჩავიტარე, იმედი მქონდა, ნატკენ ფეხს საბოლოოდ თუ არ მოვირჩნდი, ნაკრების მატჩებში მაინც ვითამაშებდი, მაგრამ... ინექციას, რომელიც გერმანიაში 26 მაისს გავიკეთე, ექიმების თქმით, მაქსიმალური ეფექტი 4 - 6 კვირის შემდეგ უნდა მოეცა. ჯერ 6 კვირა არ გასულა, თუმცა ტკივილები არ გამნელებია. ვერ ვახერხებ სირბილს და ხტომას. როცა მეგონა, ტრენაჟორებიდან ვარჯიშს სირბილსაც დავამატებ თქო, ექიმებმა პირიქით - ვარჯიშების შემსუბუქება მირჩიეს. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რადგან არ მეძლევა საშუალება, ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ჩვენს ნაკრებს დავეხმარო. საქმე ისეთ კრიტიკულ დონემდეა მისული, რომ თუკი ამ ინექციამ შედეგი არც უახლოეს კვირეებში გამოიღო, ოპერაციის გაკეთება იქნება საჭირო. კიდევ ერთი ოპერაცია კი ჩემთვის კარიერის დასრულებას ნიშნავს. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს მზადყოფნას, დავეხმარო ნაკრებს, მაგრამ ამ რეალობაში ეს სამწუხაროდ შეუძლებელია", - ამბობს, მანუჩარ მარკოიშვილი ფედერაციის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

ამავე გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მარკოიშვილს ტარდიციულმა ტრავმამ გაუხსენა თავი და ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ, ამ ეტაპზე მისი თამაში გამოირიცხა. სამაგიეროდ, ნაკრებთან ერთად ივარჯიშა თორნიკე შენგელიამ, რომელიც გამთენიისას ჩამოფრინდა თბილისში.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასაძლევად საქართველო G ჯგუფში საუკეთესო სამეულში უნდა მოხვდეს. ამ ეტაპზე, ჩვენი გუნდი 5 ქულით, სასურველ მე-3 ადგილზეა.

დარჩენილი 2 თამაშიდან, პირველს საქართველოს ნაკრები 29 ივნისს, 19:00 თბილისის სპორტის სასახლეში სერბეთის უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ გამართავს. ამავე დროს, იმავე ადგილას დაიწყება ბოლო მატჩი, რომელშიც ჩვენი კალათბურთელები ავსტრიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირიპსირდებიან.