„ჰოპ“-ამდე 2 თამაშია
„ჰოპ“-ამდე 2 თამაშია
28.06.2018
ავტორი:

ოთხი უკვე ჩატარებული მატჩიდან, მხოლოდ ერთი მოგება და G ჯგუფის 2 დარჩენილ შეხვედრაში, მაქსიმალური ქულების დაგროვებაღა დარჩა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, რათა, ჯერ ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდეს და შემდეგ, მომდევნო ეტაპზე გადასულს, ქულების კომფორტული რაოდენობა გადაჰყვეს თან. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის 2 დარჩენილი შეხვედრიდან, ერთს ხვალ, 29 ივნისს, თბილისის სპორტის სასახლეში გამართავს.

ქართველი კალათბურთელების მეტოქე, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები სერბეთი იქნება. ამ გუნდების პირველი შეხვედრა, ბელგრადში, 105-87  დასრულდა სერბების სასარგებლოდ. თბილისში კი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი შესუსტებული შემადგენლობით ჩამოვიდა. გუნდს, რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშე აკლია.  




„ვინც ჩვენ გვადევნებს თვალს, იცის, რომ ჩვენი მამოძრავებელი, ყოველი მომდევნო და უმნიშვნელოვანესი თამაშია. ასე, რომ მომდევნო ორი თამაში და განსაკუთრებით საქართველოში, მაფიქრებს ახლა. ორივე თამაში იქნება რთული. ამ საკვალიფიკაციოს დროს, რაც იყო კარგი, ისაა, რომ ბევრი მოთამაშის გამოცდა მოვახერხეთ თამაშების და სამწვრთნელო პროცესის დროს. შევაჩვიეთ ეროვნული ნაკრების სისტემასა და პრინციპებს", - წერს ფიბას ოფიციალურ გვერდზე ალექსანდერ ჯორჯევიჩი, სერბთა ნაკრების თავკაცი.




ჯორჯევიჩი იმასაც ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსულს, განსაკუთრებით თორნიკე შენგელია აფიქრებს, რომელსაც ხვალ, დიდი ალბათობით საგანგებოდ გაუწევენ მეურვეობას.  „მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებლად მცირე დრო იყო, გუნდი კარგ ფორმაშია. ჯგუფიდან გასასვლელად ერთი თამაშის მოგებაც საკმარისია, თუმცა სასურველია, რომ ორივე თამაში მოვიგოთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ამბობენ, რომ სერბები გადახალისებული შემადგენლობით მოდიან და როგორც ჩანს, ევროლიგის 7 მოთამაშეს გულისხმობენ. ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ და შევეცდებით, რომ ისეთი ტაქტიკა დავუპირისპიროთ, რომელიც მათ მაქსიმალურად შეუშლის ხელს. რაც შეეხება ჩემ საკლუბო კარიერას, ჯერჯერობით საინტერესოს ვერაფერს გეტყვით", - ამბობს თორნიკე შენგელია.




მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ორ ფანჯარაში, თორნიკე შენგელიას, გიორგი შერმადინთან და  მანუჩარ მარკოიშვილთან ერთად მაღალ საკალათბურთო ეშელონებში მიმდინარე „ცივი ომის" გამო, არ  მოუხდათ თამაში. თუმცა, ახლა საკლუბო კალათბურთზე „არდადეგებია" და ბოლოსწინა მატჩში, საქართველოს ნაკრებს ევროლიგის მოთამაშეებიც დაემატნენ. გუნდთან ვარჯიშობენ და ხვალ მოედანზე გამოვლენ თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი. რაც შეეხება მანუჩარ მარკოიშვილს, ტრავმის გამო ის, გუნდს ვერ დაეხმარება.




„კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, რომ წინ ორი ურთულესი მატჩი გველოდება. შესაძლოა ბევრმა არც იცის, რომ ჩვენს წინააღმდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, სერბეთის ნაკრები ითამაშებს. სერბებს ეყოლებათ NBA-ს ერთი და ევროლიგის არაერთი მოთამაშე. ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. უნდა გვესმოდეს, რომ მეორე შეხვედრაც რთული იქნება, რადგან ავსტრიასაც შესანიშნავი გუნდი ჰყავს. მინდა მივმართო გულშემატკივრებს, რომ ამ მნიშვნელოვან მომენტში მათი მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება", - ამბობს საქართველოს ეროვნული ნაკრების ბერძენი წვრთნელი ილიას ზუროსი, სერბებთან მატჩამდე, დღეს გამართულ ბოლო ღია ვარჯიშზე.




საქართველოს ნაკრებში 14 კალათბურთელიდან რომელი 12 მოხვდება სერბეთთან მატჩის განაცხადში, თამაშამდე ცოტა ხნით ადრე გაირკვევა. ამ მომენტისთვის ზუროსის განკარგულებაში 14 მოთამაშეა: გიორგი ცინცაძე ("პოლიტექნიკა", რუმინეთი), თად მაკფადენი ("კიმისი", საბერძნეთი), რატი ანდრონიკაშვილი ("ბასკონია", ესპანეთი), დუდა სანაძე ("პისტოია", იტალია), მიხეილ ჭოჭუა ("ოლიმპი"), მერაბ ბოქოლიშვილი ("ოლიმპი"), ნიკა დარბაიძე ("ოლიმპი"), ანატოლი ბოისა ("კაკტუსი"), სანდრო მამუკელაშვილი (სეტონ ჰოლი, აშშ), მიხეილ ბერიშვილი ("დინამო"), აკაკი დვალიშვილი ("ქუთაისი"), გიორგი შერმადინი ("უნიკახა", ესპანეთი), გიორგი ბითაძე ("მეგა ბემაქსი", სერბეთი), თორნიკე შენგელია ("ბასკონია", ესპანეთი).

შეგახსნენებთ, რომ ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით ჩვენი ეროვნული გუნდი 11 ივნისიდან ემზადება. საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთში 2 სპარინგი გამართა 22 დ 23 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან და ორივეში დამარცხდა.




სერბეთის ნაკრებთან თამაშის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფის ბოლო მატჩს 2 ივლისს, თბილისში, ავსტრიასთან გამართავს. მას შემდეგ კი, რაც ჩვენი ნაკრები ჯგუფიდან გასვლას მოახერხებს, H ჯგუფის საუკეთესოებს დაუპირისპირდება. იმ ჯგუფში კი, საბერძნეთი, ისრაელი, დიდი ბრიტანეთი და ესტონეთი თამაშობენ. H ჯგუფში დღეისათვის, მხოლოდ საბერძნეთს აქვს ჯგუფიდან გასვლა განაღდებული. მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის თამაშები 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე ჩატარდება.