
ქართული ძიუდოს „ოჯახში" კვლავ გაურკვევლობაა. ქართული სპორტის მოყვარულებისთვის არც თუ მოულოდნელი, თუმცა მაინც, გულდასაწყვეტი საკითხი საზოგადოების განსჯის საგანი გახდა. რეალურად რა არის მიზეზი, რის გამოც ქართველი სპორტსმენები, როგორც სახელოვანები, ასევე ახალგაზრდები, საკუთარი ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე უარს ამბობენ, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აპრილში, ევროპის ჩემპიონატის „ჩაგდებისა" და შემდგომ, თბილისში განვითარებული მოვლენების, ქართულ ძუდოში არსებული კრიზისის, ვითომ მოლაპარაკებისა და თანამშრომლობის ფორმატში გადაყვანის მცდელობის მიუხედავად, კვლავ ჩიხშია.

ხვალ, 27 ივლისს, ხორვატიაში, საერთაშორისო ტურნირი იწყება ძიუდოში, ზაგრების გრან-პრი. ფედერაციის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, 6 წონით კატეგორიაში 7 ქართველი იასპარეზებს: 60კგ-ში ლაშა ჩადუნელი, 66კგ-ში თორნიკე ნაგლიაშვილი, 81კგ-ში თამაზ კირაკოზაშვილი და კობა მჭედლიშვილი, 90კგ-ში გიორგი პაპუნაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი. 100კგ-ში ლაშა ტაველური, +100კგ -ში კი გურამ თუშიშვილი და გიორგი ქავთარაძე. ტუნირის ფინალური ბრძოლების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა „სილქ-უნივერსალით" ქართველ ძიუდოს მოყვარულებსაც შეეძლებათ.

თუმცა, ქართველი ქომაგისთვის უფრო საინტერესო სხვა ინფორმაცია გამოდგა, რომლის მიხედვითაც, 81 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნუგზარ ტატალაშვილი, რომელსაც ამ წონაში 2 გამოკვეთილი კონკურენტი ჰყავდა, საქართველოს სახელით ასპარეზობას აღარ აპირებდა.
მოგვიანებით ინფორმაცია დაადასტურა თავად ძიუდოს ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც. განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ ნათქვამია, რომ: „დღეს გავრცელდა ინფორმაცია სპორტსმენ ნუგზარ ტატალაშვილის არაბთა გაერთიანებულ საემიროში გადასვლასთან დაკავშირებით. საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია ადასტურებს, რომ მათი მხრიდან იყო მოთხოვნა აღნიშნული სპორტსმენის მათი დროშის ქვეშ გამოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენი მხრიდან ერთმნიშვნელოვნად იქნა ნათქვამი უარი, გამომდინარე იმ დებულებიდან, რომელიც მიღებული აქვს საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის აღმასრულებელ კომიტეტს 2013 წლის 23 მაისს:
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის დებულება ძიუდოისტთა სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლასთან დაკავშირებით
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები გუნდის წევრს, რომელიც მოისურვებს სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლას, მინიმუმ ორი წლის განმავლობაში ეთქვას უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ნაკრები გუნდის წევრად განისაზღვროს სპორტსმენი, რომელსაც ერთხელ მაინც მიუღია მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირზე სახელმწიფოს დაფინანსებით. აღნიშნული წესი ძალაში შევიდეს 2013 წლის 23 მაისიდან. რაც შეეხება სხვა დანარჩენ შემთხვევებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ დრომდე, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომი იტოვებს უფლებას ინდივიდუალურად განიხილოს საკითხი თითოეულ სპორტსმენთან მიმართებაში.
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია მოუწოდებს ყველა სააგენტოს თავი შეიკავოს დეზინფორმაციის გავრცელებისგან".

ძიუდოს ფედერაციის ამ განცხადების მიუხედავად, საწრმუნო წყაროები იუწყებიან, რომ შემოდგომიდან ტატალაშვილს მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე შეეძლება საამიროების სახელით ასპარეზობა. თავად სპორტსმენი ამ ეტაპზე განმარტებებისგან თავს იკავებს. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ხვალიდან ზაგრებში მიმდინარე გრან-პრის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს „სილკ უნივერსალი" 19:00-დან შემოგთავაზებთ.
27 ივლისი: -60კგ, -66კგ, -48კგ, -52კგ, -57კგ.
28 ივლისი: -73კგ, -81კგ, -63კგ, -70კგ.
29 ივლისი: -90კგ, -100კგ, +100კგ, -78კგ, +78კგ.





ჩვენ








