სოხუმში დაგეგმილ საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით სფფ-მ განცხადება გაავრცელა
სოხუმში დაგეგმილ საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით სფფ-მ განცხადება გაავრცელა
04.08.2018
ავტორი:

მოასწრებს თუ არა ფიფა რეაგირებას სფფ-ს მიმართვაზე უახლოეს პერდიოში გაირკვევა. ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ კი დღეს, ფიფა-ში ოფიციალური შეტყობინება გაგზავნა, რომელშიც 8 აგვისტოს, სოხუმში „დინამოს" სტადიონზე, აფხაზეთისა და ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრებების დაგეგმილ ამხანაგურ თამაშს აპროტესტებს. აფხაზური საინფორმაციო სააგენტოს „აპსადგილ-ინფოს" ინფორმაციით, ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრები ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას 6 აგვისტოს გეგმავს.  

„საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გვსურს, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, სხვადასხვა მედია საშუალების მიერ დღეს, 4 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ დაუყონებლივ აცნობა მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს და მოითხოვა მისგან შესაბამისი რეაგირება.

კერძოდ, რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს ნიგერიის ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები, ჩვენ ისევე როგორც სხვა მსგავს შემთხვევებში, დროული რეაგირებისთვის  აღნიშნული ინფორმაცია და ჩვენი პოზიცია სრულად მივაწოდეთ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს - ფიფას. აგრეთვე შესაბამისი რეაგირებისთვის ინფორმაცია და მოთხოვნა გადაიგზავნა ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციაშიც.

ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო, ნებისმიერი მსგავსი ტიპის ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ყველა საშუალებას გამოიყენებს, რათა არ დაუშვას ქართული სახელმწიფოებრიობის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული სპორტული ქმედებები", - ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.