
ბექარ ფაჯიშვილი, გუა იმნაძე და ლუკა ლომაშვილი 6 აგვისტოს პამირში, ლენინის პიკზე (7134 მ.) ავიდნენ. ახალგაზრდა ქართველ მთამსვლელთა 3 კაციანი ჯგუფი ყირგიზეთში 22 ივლისს გაემგზავრა.
„გულთბილი მოკითხვა ყველას პამირის ბუმბერაზი და ცივი მთებიდან. დღეს დავბრუნდით სააკლიმატიზაციო გასვლიდან. 5300მ-ზე ორი ღამე გავატარეთ. ერთი ღამე 6100მ-ზე გვეძინა. ახლა საბაზო ბანაკში ვართ და ვისვენებთ. ყველანი კარგად ვგრძნობთ თავს. რამდენიმე დღეში მწვერვალისკენ გავეშურებით", - ასეთი შეტყობინება დატოვა ბექარ ფაჯიშვილმა თავის სოციალურ ქსელში.
ლენინის პიკის საბაზო ბანაკიდან ქართველმა სამეულმა, ჯერ სააკლიმატიზაციო ასვლები გააკეთა. მოგვიანებით კი, მწვერვალის შტურმი დაიწყო. რამდენიმე საათის წინ კი ბექარის გვერდზე მორიგი, სასიხარული შეტყობინება გამოჩნდა: „ქართული ექსპედიცია შუა აზიაში, პამირში წარმატებით დასრულდა. 6 აგვისტოს მე ,გუა იმნაძე და ლუკა ლომაშვილი ავედით იბნ სინას, იგივე ლენინის პიკის მწვერვალზე (7134მ). ამ დამოუკიდებელი ასვლით მივიღეთ უდიდესი გამოცდილება, რომელიც შემდეგი უფრო ამბიციური და რთული ასვლებისათვის აუცილებელი პირობაა.
სასიამოვნოდ გაკვირვებულები დავრჩით ბანაკებსა და მთაზე შემხვედრი სრულიად უცხო ხალხის კეთილგანწყობით ქართველებისადმი. ეს ამ ადგილების სტუმარი ქართველი მთამსვლელების უზადო რეპუტაციით უნდა იყოს გამოწვეული. ამისათვის მადლობა მათ. ჩვენც ვცდილობთ სასახელოები და ღირსეულები ვიყოთ ჩვენის მხრივ.
სახლებიდან და ახლობელი ადამიანების გარემოცვისგან ძალიან შორს, არ გვტოვებდა განცდა მათი მონატრების. მოკითხვა ყველას, მალე შევხვდებით!"
ახალგაზრდა ქართველ მთამსვლელთა ეს ექსპედიცია პამირში საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებულმა ფედერაციამ და სადაზღვეო კომპანიამ „არდი"-მ დააფინანსეს.
ექსპედიციის ფოტოები







ჩვენ








