„ჩაჩავების თასი“, ბოლო მოსამზადებელი ევროპის წინ
„ჩაჩავების თასი“, ბოლო მოსამზადებელი ევროპის წინ
19.08.2018
ავტორი:

რამდენიმე დღეში, საქართველოს წყალბურთელთა 19-წლამდე ნაკრები ბელორუსში გაემგზავრება, სადაც, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას. ტურნირი მინსკში, 26 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.  ქართველი სპორტსმენები 19-წლამდე ასაკის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მეშვიდედ იასპარეზებენ.


„ევროპის ჩემპიონატამდე ერთი კვირა დაგვრჩა და შევეცდებით ის შეცდომები გამოვასწოროთ, რაც ამ ტურნირის მსვლელობისას დავინახეთ. ბიჭები, ნორმალურად არიან მომზადებულები და ალბათ, შედეგებიც ნორმალური იქნება", - ამბობს დავით რურუა, საქართველოს საწყლოსნო სახეობების ფედერაციის პრეზიდენტი.


ევროპის ჩემპიონატამდე, ბოლო მოსამზადებელი ეტაპი, კი ქართველმა წყალბურთელებმა თბილისში, სპორტკომპლექს ოლიმპიკში გაიარეს, სადაც დღეს დასრულდა  „როსტომ და ზურაბ ჩაჩავების თასის" გათამაშება. საეართაშორისო ტურნირში, რომელშიც ნიდერლანდების, რუმინეთისა და რუსეთის ნაკრებები მონაწილეობდნენ, საქართველოს 19 წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა.


„ძირითადი მიზანია ევროპის ჩემპიონატზე ისე მინაწილეობა, რომ რაღაც შედეგს მივაღწიოთ. აქედან გამომდინარე, ეს ტურნირიც იყო მოსამზადებელი პერიოდი", - ამბობს, გალაქტიონ ლაითაძე, საქართელოს 19-წლამდე წყალბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.


გალაქტიონ ლაითაძის გუნდმა  ორი შეხვედრა რუსეთთან 8-11, რუმინეთთან კი 5-9 დათმო. დღეს კი ტურნირის ბოლო მატჩი ჰოლანდიის ნაკრებთან ფრედ 9-9 ითამაშა. საბოლოოდ, „ჩაჩვების თასის" გამარჯვებული რუსეთის ნაკრები გახდა, მეორე ადგილი რუმინეთს ერგო. აღსანიშნავია, რომ ტურნირს, ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი ჯანი ლონციც ესწრებოდა.

რაც შეეხება 19-წლამდე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატს, ქართველი წყალბურთელები, C ჯგუფში უნგრეთის, იტალიისა და საფრანგეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდნენ. პირველ შეხვედრას ქართველი წყალბურთელები 26 აგვისტოს, უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა 28 აგვისტოს გაიმართება.