შავი ლენტებისა და წუთიერი დუმილის ტური
შავი ლენტებისა და წუთიერი დუმილის ტური
19.08.2018
ავტორი:

ეროვნული ლიგის 21- ე ტურის ყველა შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო. ფეხბურთელებმა და სტადიონებზე მყოფმა გულშემატკივრებმა ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ფეხბურთელის თედო კაკულიასა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის ნუკრი რევიშვილის 9 წლის შვილის, ტატა რევიშვილის ხსოვნას მიაგეს პატივი.

***

ეროვნული ლიგის 21-ე ტურის მხოლოდ ერთ შეხვედრაში გავიდა ორი გოლი, დანარჩენ სამში, რომელიც ამ ტურში ჩატარდა და არ გადაიდო, ნულოვანი ფრე დაფიქსირდა. ვიდრე უშუალოდ თამაშებს შევეხედებით, აღსანიშნავია, რომ მინდინარე ტურის დაწყებამდე,  საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალის სხდომა გაიმართა. მასზე, „კოლხეთი 1913"-ის სამი ფეხბურთელის სარჩელი განიხილეს. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ თორნიკე ჯიმშელეიშვილი, ბორის მახარაძე და ზურაბ არზიანი გარიგებულ თამაშებში მონაწილეობაში ამხილეს. ფეხბურთელები სწორედ, ამ ბრალდებას ასაჩივრებდნენ სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტში.  პირველადი გადაწყვეტილებით, ფეხბურთელებს 2018 წლის 3 ივლისს, უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშების საფუძველზე „კოლხეთი 1913"-ის ხუთ მოთამაშეს დაუწესდა 6-თვიანი დისკვალიფიკაცია, ხოლო კლუბს დააკლდა 6 ქულა.




სფფ-ს ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, „სპორტული ტრიბუნალის დირექტორმა ზურაბ ბიწაძემ მოისმინა რა მხარეთა პრეტენზიები, არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების  გაუქმების შესახებ. ამასთანავე ტრიბუნალმა, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, მიიჩნია, რომ პირველივე შემთხვევაში უმჯობესი იქნებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობის უფრო მსუბუქი ზომის შეფარდება და დაადგინა: „დისკვალიფიკაციის დაკისრებიდან ტრიბუნალის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ვადა ჩაითვალოს მოხდილად, ხოლო დარჩენილი ვადა 2019 წლის 4 იანვრამდე ჩაითვალოს გამოსაცდელ ვადად", - ნათქვამია ფედერაციის გვერდზე.

***

21-ე ტური კი კვლავ გამოტოვა ქუთაისის „ტორპედომ", რომელსაც სავარაუდოდ კიდევ 2 ტურის გამოტოვება მოუწევს. საერთო ჯამში, ქუთათურებს უკვე 4 გამოტოვებული თამაში დაუგროვდათ. შესაბამისად, რთული სათქმელია, რას მოიმოქმედებს ფედერაცია, ტორპედოელთა უეფას ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვედრის შემთხვევაში. ქუთაისელთათვის 23 და 31 აგვისტოს არასასურველი შედეგისას, კი „ტორპედოს" ეროვნული ლიგის გათამაშებაში სანაკრებო ფანჯრების დროს მოუწევს გაცდენილის ანაზღაურება.

***

როგორც გითხარით, ტურის სამ მატჩში ნულოვანი ფრე დაფიქსირდა. ამ ანგარიშით დაასრულა შეხვედრა ივანწმინდაში „ჩიხურამ" „რუსთავთან", 0-0.




თბილისში, „დინამო არენაზე" „დინამო თბილისმა", მიმდინარე გათამაშების აუტსაიდერთან „სამტრედიასთან" ქულები დაკარგა. მატჩი უგოლოდ 0-0 დასრულდა. ალბათ, ერთად-ერთი ამ შეხვედრიდან რაც დაგვამახსოვრდა, დინამოელთა მიერ შექმნილი სახიფათო მომენტები და ძალიან იშვიათი დარტმები კარის ჩარჩოს მიმართულებით, თბილისელთა აბსოლუტური ინდეფერენტულობა და მსაჯის, გიორგი ყრუაშვილის (მთლიანად მსაჯთა ბრიგადის) ამოუხსნელი შეცდომები, როგორც „დინამოს", ასევე „სამტრედიის" საზიანოდ.




კიდევ ერთი ნიუანსი, რომელიც დინამოელთა თამაშს მესამე წრის განახლების შემდეგ აშკარად აკლია, გუნდის კაპიტანი ოთარ კიტეიშვილია. ყოფილმა დინამოელმა დღეს ავსტრიული „შტურმი"-ს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო თამაში, მოედანზე 80 წუთი დაჰყო და ახალი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

***



ვერ გამოიყენეს შანსი ვერც „საბურთალომ", რომელსაც შეეძლო უშუალო კონკურენტთან „დინამო თბილისთან" ამ ტურის შემდეგ სხვაობა 7 ქულამდე გაეზარდა და ვერც გორის „დილამ", რომელსაც ასევე კარგი შანსი ჰქონდა „ჩიხურასთან" სხვაობა შეემცირებინა. „საბურთალოსა" და „დილას" შეხვდრა, რომელშიც გორელებს წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი გიორგი შაშიაშვილი გამოუძღვა მთავარი მწვრთნელის ამპლუაში, უგოლოდ დასრულდა. თუმცა, აქ, მთავარი მწვრთნელის საკითხში, ერთ გაურკვევლობას მაინც გადავაწყდით. ელიგის ოფიციალურ გვერზე, გორელთა მთავარი მწვთნელის გასწვრივ, რამაზ სოლოღაშვილი არის მიწერილი. არადა, ოფიციალურად კლუბმა განაცხადა, რომ გიორგი დარასელია, სწორედ შაშიაშვილმა ჩაანაცვლა. ასეა, თუ ისე, 21-ე ტურის ამ შეხვედრაში არც შაშიაშვილის და არც გიორგი  ჭიაბრიშილის შეგირდებმა გოლი არ გაიტანეს, 0-0. ამ ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს კვლავ „საბურთალო" უდგას სათავეში, რომელიც „დინამო თბილისს" ისევ, 5 ქულით უსწრებს.




არ შეცვლილა მდგომარეობა სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურებზეც. გათამაშების აუტსაიდერი და ბოლოადგილოსანი, კვლავ ფოთის „კოლხეთი 1913" არის, რომელიც 21-ე ტურში ბოლნისის „სიონთან" 2-0 დამარცხდა. ბოლნისელებმა გოლები შეხვედრის პირველ ტაიმში გაიტანეს. მე-19 წუთზე ანგარიში ალექსანდრე კოშკაძემ გახსნა, 1-0. კიდევ 5 წუთში ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი, დავით კირტკიტაძემ „სიონი" 2-0 დააწინაურა.   აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში კოშკაძემ პირველი გოლი გაიტანა, ხოლო კირკიტაძემ „სიონის" მაისურით უკვე, მეოთხე გოლის გატანა შეძლო. ზედიზედ ორი ტურია, ბოლნისელთა კარს მშრალად ინახავს მეკარე თორნიკე ზარქუა. ამ გამარჯვების შემდეგ, „სიონმა" 19 ქულა დააგროვა და მხოლოდ, 3 ქულითღა ჩამორჩება თბილისის „ლოკომოტივს", რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.


მომდევნი 22-ე ტური, 25 და 26 აგვისტოს ჩატარდება.