ინფორმაციის სახით
ინფორმაციის სახით
21.08.2018
ავტორი:

მეორე დღეა, ქართულ ინტერნეტსივრცეში აქტუალურია თემაა ქართული და არა მხოლოდ საფეხბურთო გუნდების მონაწილეობით მატჩების ტრანსლირება. მოგეხსენებათ, 23 აგვისტოს საფეხბურთო კლუბი ქუთაისის „ტორპედოს" თბილისში, „მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე", უეფას ევროპა ლიგის ფლეი-ოფის პირველ შეხვედრას გამართავს, ბულგარულ „ლუდოგორეცთან".

მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განცხადება გაავრცელა: „მორიგი წარმატების შედეგად ქუთაისის „ტორპედო" უეფა-ს ევროპის ლიგის პლეი ოფში გადავიდა და მისი მეტოქე ბულგარეთის საფეხბურთო კლუბი „ლუდოგორეცი" იქნება. სამწუხაროდ, მოვლენები ისე ვითარდება, რომ ამჟამადაც შესაძლოა, ისეთივე გაუგებრობის წინაშე აღმოვჩნდეთ, როგორც ალბანურ კლუბ „კუკეშთან" მატჩის დროს, როდესაც ვერ მოხერხდა ალბანეთიდან მატჩის ტრანსლირება. ამის გამო, გულშემატკივართა ერთი ნაწილი, რომელიც არ იცნობდა საქმის ვითარებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ გამოთქვამდა უკმაყოფილებას.

რეალურად კი საქმე ის გახლავთ, რომ საქართველოდან საკუთარი მატჩების ტრანსლირების უფლებას ფლობს ქუთაისის „ტორპედო", რომელმაც „კუკეშთან" მატჩის საზღვარგარეთ ჩვენების უფლება მიყიდა უცხოურ საშუამავლო კომპანიას, რის გამოც საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერ შეძლო ალბანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან მატჩების ტრანსლირების გაცვლა. ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ახლაც მზად არის, სრულიად უსასყიდლოდ გადაიღოს და გადასცეს „ტორპედოს" საშინაო მატჩი, ასევე გაუცვალოს სიგნალი ბულგარეთის მხარეს, თუმცა ამისთვის საჭიროა ქუთაისის „ტორპედოს" ხელმძღვანელობის თანხმობა", - ნათქვმია განცხადებაში, რომლის სრული ვერსიაც შეგიძლიათ საზმაუწყებლის გვერდზე იხილოთ.

მოგვიანებით, საფეხბურთო კლუბმა ქუთაისის „ტორპედომაც" გააკეთა განცხადება საკუთარ გვერდზე გაავცელა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით განცხადება: "ტორპედომ", როგორც მასპინძელმა კლუბმა, "ლუდოგორეცთან" მატჩის ტრანსლაციის უფლებები "სილქ უნივერსალს" გადასცა.

ჩვენთვის პრიორიტეტად იქცა ის, რომ აღნიშნულმა ტელეკომპანიამ ბულგარულ მხარესთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვით, განმეორებითი მატჩიც "სილქ უნივერსალის" ეთერში გავა, კლუბისთვის კი მნიშვნელოვანია, გულშემატკივარმა ორივე მატჩს უყუროს.

შესაბამისად, 23 აგვისტოს, 20:00 საათზე, ევროპალიგის პლეი-ოფის მატჩი "ტორპედოსა" და "ლუდოგორეცს" შორის "სილქ უნივერსალის" ეთერში გავა, რომელიც მთელ საქართველოში მაუწყებლობს. კომენტატორები ლუკა ხოჯავა და გიორგი პავლიაშვილი იქნებიან", -ნათქვამია „ტორპედოს" განცხადებაში.

რა ხდება რეალურად „ტორპედოსა" და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის. ამ უკანასკნელის გავცრელებული განცხადების ერთი ფრაგმენტიდანაც სჩანს, რომელიც სიციალურ ქსელშიც განიხილება. „საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვის საკუთარ მოვალეობად მიიჩნევდა მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების ტრანსლირებას და მომავალშიც ასე მოხდება, მაგრამ თუ რომელიმე სუბიექტი გადაწყვეტს ტრანსლირების უფლებების კომერციული მიზნით გამოყენებას და ამ უფლებების მიყიდვას შუამავალი ფირმებისთვის, ჩვენი თხოვნაა, ამის შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას", - ნათქვამია საზმაუწყებლის განცხადებაში. ჩვენის მხრივ კი შეგახსენებთ საფეხბურთო კლუბების შემოსავლის ძირითად წყაროებს:

  • მატჩის დღეს მიღებული შემოსავალი (ბილეთების გაყიდვა, სხვადასხვა ბრენდირებული პროდუქციის გაყიდვით შემოსული თანხა);
  • მათი მატჩების სატელევიზიო ტრანსლირების უფლების გაყიდვით მიღებული თანხა;
  • კომერციული აქტივობები - სპონსორებისაგან მოზიდული თანხები;

აქვე, მაგალითად მოვიყვანთ მსოფლიოში ცნობილ მაგალითებს, ცნობილი კლუბების შესახებ, რომლელთა ბიუჯეტში, ყოვლეწლიურად ლომის წილი სატელევიზიო უფლებების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს:

  • Real Madrid - 40 %, 160.8 მილიონი ევრო
  • FC Barcelona - 43%, 158.4 მილიონი ევრო
  • Manchester United - 36%, 117.1 მილიონი ევრო
  • Bayern Munich - 24%, 69.6 მილიონი ევრო
  • Arsenal - 34%, 89 მილიონი ევრო
  • Chelsea - 38%, 92.9 მილიონი ევრო

აღნიშნული დავის წარმოშობასთან ერთად, სოციალურ ქსელში დაისვა საზოგადოებისთვის სრულიად ადექვატური შეკითხვები. მაგალითად, რატომ უნდა მისცეს ქუთაისის „ტორპედომ" საზოგადოებრივ მაუწყებელს მატჩის ტრანსლირების უფლება უფასოდ და ამით დაკარგოს შემოსავალი, რომელიც მაგალითად, გუნდის საერთაშორის თამაშებზე გასამგზავრებლად „ჩარტერს" მოხმარდებოდა. უეფას ტურნირებში მონაწილეობის გამო, რომლის დროსაც „ტორპედოს" რეგულარული რეისით და ზოგჯერ 30 საათიც კი უწევდა ამ მომენტამდე გზაში ყოფნა, გუნდმა საქართველოს ეროვნულ ლიგაზე 5 თამაში გამოტოვა.

სატელევზიო რეკლამიდან შესული თანხა (სხვა თანხებთან ერთად), მომხმარდებოდა თუნდაც, ქუთაისის მთავარი სტადიონის იმ კონდიციამდე მიყვანას, რომ იმერულ გუნდს, თბილისში, ნახევრად ცარიელი ტრიბუნების წინ არ უხდებოდეს თამაში.

ბუნებრივია, ეს ჩამონათვალი შესაძლოა გავაგრძელოთ და არა მხოლოდ სატელევიზიო რეკლამიდან შემოსული თანხები „გავწეროთ ხარჯებში". თუმცა, საქართველოში იდეალურ გარემომდე, განვითარებულ და სამართლიან სპორტულ მარკეტინგამდე და ამ მიმართულებით, „საფეხბურთო ამინდამდე" შორს ვართ. ამიტომ, ვიდრე ეს „ამინდი" დადგება, ალბათ კომპრომისებზე წასვლა ყევლას, მათ შორის ტელევიზიებს, კლუბებსა და  მარეგულირებელსაც (რომლის რეგულაციების გამო თუნდაც საზმაუწყებელს უწევს ხშირ შემთხვევაში საკუთარი ინტერესების დათმობა) მოუწევს, რომელიც „საფეხბურთო (სპორტულ) მოედანზე", განსაკუთრებით საერთაშორისო დონეზე, იქ დამკვიდრებული წესებით ითამაშებს.