კონცენტრაცია, სახელი თუ ქართული სენი?
კონცენტრაცია, სახელი თუ ქართული სენი?
23.08.2018
ავტორი:

უეფა-ს ევროპა ლიგის ფლეი-ოფის თბილისური რაუნდის დასრულების შემდეგ, ქუთაისის „ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი, ბულგარული რაზგრადის „ლუდოგორეცთან" განცდილ მარცხს ასე შეაფასებს:

„მსაჯობით უკმაყოფილო ვერ ვიქნები. პირიქით. შედეგი კიდევ, დასანანია. თუმცა, საპასუხო მატჩი წინაა და ამ წაგებამ, შესაძლოა უფრო კარგი სამსახური გაგვიწიოს და ბიჭები თამაშზე უფრო მობილიზებულები გავიდნენ. ჯერ არაფერი დამთავრებულა, ბულგარეთში გაირკვევა ყველაფერი. ბოლომდე ვიბრძოლებთ. 0-1 წაგება არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დამთავრდა. ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგიურად უკეთ ვიქნებით ჩვენ და უფრო თავისუფლად ვითამაშებთ. დღეს, კი ფაქტია, „ლუდოგორეცის" თამაშის საშუალება არ მივეცით", - იტყვის კახა ჩხეტიანი მატჩის შემდეგ, საპრესკონფერენციო დარბაზში შესვლამდე და იქ ყოფნისას, მედიასთან შეხვედრის დროსაც.




ელემენტარული შეცდომა, წამიერი უყურადღებობა და კონცენტრაციის დაკარგვა პირველი ტაიმის ბოლო წამზე, „ტორპედოს" წაგებად დაუჯდა. თუმცა, საერთო ჯამში, ქუთაისელები, „ლოდოგორეცთან" მატჩში, უფრო შებოჭილებიც ჩანდნენ, მათ მიერ მანამდე ჩატარებულ მატჩებთან შედარებით და ჩვენის აზრით, შეტევის ბოლო ფაზაში ურთიერთგაგებაც აკლდათ. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა იმ მომენტალური კონცეტრაციის დაკარგვის მიზეზი, რომლის შედეგაც „ლუდოგორეცმა" ქუთათურებს პირველი ტაიმის ბოლო წამზე შეცდომა არ აპატია და მისი დასრულების შემდეგ, გოლი „გასახდელში" გაატანა.

„ვფიქრობ, ზოგადად, ქართული ფეხბურთის სენია ბოლო წუთები. ალბათ, ეს კონცენტრაციის ბრალიცაა, რომელსაც ვკარგავთ. ბოლო წუთია და სადღაც ვეშვებით. ამ დროს წამიც, რომ მოეშვა საკმარისია. იმედია, გამოვასწორებთ ყველაფერს. არც ახლაა ყველაფერი დაკარგული. შეიძლება თამაში და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. იმედია, მოვახერხებთ და ჯგუფურ ეტაპზე გავალთ", - ამბობს ქუთაისელთა მეკარე როინ კვასხვაძე, რომელიც აღნიშნულ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო ტორპედოელთა რიგებში.




ბოლო წუთის გარდა, ამ მატჩში იყო „ტორპედოს" მიერ გატანილი და არ ჩათვლილი სწრაფი გოლი. ბუნებრივია, ახლა რთულია მტკიცება გოლის ჩათვლის შემთხვევაში, როგორი თამაში წავიდოდა, თუმცა ფაქტია, რომ ამ მომენტმა და მომდევნომ, რომლის დროსაც თურქმა მსაჯმა ტორპედოელი მათე ცინცაძე ყვითელი ბარათით „დააჯილდოვა", ქუთაისელები ოდნავ დაძაბა და ეს რამდენიმე წუთი თამაშსაც დაეტყო. ალბათ, აქვე აღსანიშნავია, რომ ტორპედოელთა მეკარის გარდა, რომელმაც 2 აშკარა გოლისგან იხსნა გუნდი, ქუთათურთა შორის, სწორედ მათე ცინცაძის თამაშის გამორჩევა შეიძლება. ისევე როგორც გრიგოლ დოლიძისა და გიორგი ქიმაძის. თუმცა, მთელი მატჩის მსვლელობისას „ტორპედოს"  რეალურად მომენტი აღარ ჰქონია. ერთი, რომ სტუმრები თავს კარგად იცავდნენ და მეორე, ქუთაისელებს უახლოესი მომავალი ერთი კვირის მანძილზე, სათამაშო კომუნიკაცია აქვთ დასალაგებელი.




„მაინც ვფიქრობ, რომ ახალი შეკრებილი გუნდია და ფიზიკური კონდიციებიც ახლო მომავალში გამოსწორდება. რა თქმა უნდა, არ დავნებდებით და ყველამ დაინახა, რომ შეიძლება ასეთ გუნდებთან თამაში. მოსამზადებელი პერიოდი ორი კვირაც არ გვქონია, გადაადგილებები, გზა. ყოველთვის გვიწევს თამაშებში ფორმაში შესვლა. ის ტემპი, რაც ჩვენთვის საჭირო იყო, აღარ შეგვეძლო. თამშის მსვლელობისას იყო ეპიზოდები, რომლებიც ალბათ თქვენც მოგეწონათ, ის უნდა იყოს მთელი თამაშის განმავლობაში. მე დარწმუნებული ვარ ჩემს ფეხბურთელებში, რომ ყველაფერს გააკეთებენ. მთლიანობაში, როგორც თამაშის ხარისხით, ასევე ფეხბურთლეების მონდომებით კმაყოფილი ვარ, ერთადერთი რითაც უკმაყოფილოები ვართ, არის შედეგი", - ამბობს კახა ჩხეტიანი.




შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ევროპა ლიგის ფლეი-ოფის ამ მატჩამდე, ჯერ კიდევ ალბანური „კუკეშის" წინააღმდეგ სტუმრად გამართული შეხვედრისას დაკარგულ კონცენტრაციაზე ამახვილებდა ყურადღებას ჩხეტიანი „ლოდოგორეცთან" მატჩს წინაც. თუმცა, კონკრეტულ თამაშში, ეს ალბათ, იმ რეჟიმის ბრალიც არის, რომელშიც გუნდს ევროტურნირებზე თამაში უწევს. მხედველობაში, გასვლით მატრჩებზე მრავალსაათიანი გადაფრენები (ამის გამო „ტორპედოს" ელიგის 4 თამაში უკვე ოფიციალურად აქვს გადავადებული) და თუნდაც, საშინაო მატჩების თბილისში გამართვაა. ჩვენ  TSFF.GE კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ აზრს, რომ „ტორპედოს" საშინაო თამაშების ქუთაისში გამართვის შემხვევაში, შედეგი უფრო ეფექტური იქნებოდა და იმერეთის მთავარი ქალაქიც, კონკრეტული გუნდის კონკრეტულ თამაშებს უფრო სხვა მუხტს შეძენდა. იმედია, სამომავლოდ, ამ ერთის შეხედვით „სულერთია" დეტალებს ქუთაისის მერია, უფრო ყურადღბით და გულდასმით მოეკიდება, ყოველგვარი წინასწარი „გარანტიების" გარეშე.

მანამდე კი, თბილისში, ბულგარელებმა სტუმრად მინიმალური ანგარიშით 0-1 გამარჯვება მოიპოვეს და სერიოზული ნაბიჯი გადადგეს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპისკენ.




„ეს, მხოლოდ პირველი თამაში იყო. საპასუხო წინაა და ყველაფერი იქ გაირკვევა. ამიტომ, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ და მომდევნო მატჩისთვის კარგად მოვემზადოთ. თავიდან, დაახლოებით 25 წუთი, გუნდმა დასახული ამოცანები ვერ შეასრულა. მეორე ტაიმში, შევძელით ბურთი „დაგვეჭირა". ახლა, საპასუხო მატჩში სრული კონცეტრაცია გმვართებს", - ამბობს, პაულო აუტუორი, „ლუდოგორეცის" მთავარი მწვრთნელი.

საპასუხო მატჩი  რაზგრაგდში, ერთ კვირაში 30 აგვისტოს გაიმართება. თბილისში მიღწეული წარმატების მიუხედავად, თამაში არც ერთი გუნდისთვის იქნება იოლი. ქართველებისთვის იმიტომ, რომ ისტორიის შესაქმნელად აუცილებლად მოგება სჭირდებათ. ბულგარულ გუნდს, კი „ტორპედოს" გარდა,  საკუთარი გულშემატკივრის ფსიქოლოგიური წნეხის გაძლებაც მოუწევს. საპასუხო მატჩის გასამართად, ქუთაისელები სავარაუდოდ ჩარტერული რეისით, 29 აგვისტოს გაემგზავებიან.



სფფ-ს ფოტოები / ლაშა კუპრაშვილი