
უეფას მიერ პირველად დაწესებული ჯილდოს პირველი მფლობელი ქართველი ფეხბურთელია. დღეს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია, მონაკოში გამართულ ღონისძიებას თავად, მხოლოდ იმიტომ ვერ დაესწრო, რომ „სან ხოსეში" მატჩი ჰქონდა გასამართი. თუმცა, გურამის პრიზი საქრათველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ჩაიბარა და მას გურამს უახლოეს დღეებში პირადად გადასცემს.
„უპირველესად, მადლობას ვუხდი უეფას პრეზიდენტს, მინდა, გურამის მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვხატო. ეს რთული დრო იყო მისთვის. საქართველოში ზოგიერთი ადამიანი ითხოვდა, რომ მას აღარ ეთამაშა ნაკრებში. გურამმა მათ სწორი პასუხი გასცა: "სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება, მე მისთვის ვითამაშებ საქართველოს სახელით". მინდა, ვთქვა,რომ მე ერთი ასეთი გულშემატკივარი ვარ და საქართველოში კიდევ ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც სურს,რომ გურამმა ნაკრებში ითამაშოს"- ლევან კობიაშვილმა მონაკოში გამათულ შეხვედრაზე.

გემახსოვრებათ, რომ გასულ საფეხბურთო სეზონში, ჰოლანდიის კლუბ „ვიტესში" თამაშისას, გურამ კაშიამ, როგორც მოგვიანებით დადასტურდა კიდეც მისი სამშობლოში, საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის ერთი ნაწილის გაღიზიანება იმ გაბედული ნაბიჯის გამო გამოიწვია, როდესაც საჯაროდ მხარი დაუჭირა თანასწორობის იდეას და დაგმო აგრესია. მაშინ, კაშიამ, ისევე როგორც ჰოლანდიის ყველა სხვა კლუბის კაპიტანმა, ცისარტყელის ფერებში შემოსილი სამკლაური გაიკეთა, რაც ლგბტ ადამიანების მხარდაჭერას გულისხმობს.
აღნიშნულ ქმედებას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ქართული საზოგადოების ნაწილისგან. ზოგი, გურამ კაშიას ნაკრებიდან წასვლასაც კი ითხოვდა. ნაწილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ქუთაისური ამხანაგური თამაშის დროსაც მივიდნენ „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე" და კაშიას საწინააღმდეგო 10 წუთიანი „შოუს" დროს, ლგბტ დროშაც დაწვეს.

მიუხედავად ამისა, კაშიამ განაცხადა, რომ ის არ ნანობს სამკლაურის გაკეთებას, და მხარს უჭერს ინკლუზიურობასა და მრავალფეროვნებას. კაშიას მიერ თანასწორობის იდეის საჯაროდ მხარდაჭერას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ფართო საფეხბურთო საზოგადოებაში. იმ პერიოდიდან მოყოლებული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და ლევან კობიაშვილი საჯაროდ უჭერენ მხარს თანასწორობის იდეას.
„მივესალმები გურამის გამბედაობასა და სიმტკიცეს. მისი ქმედებები მეტად მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს თანასწორობის პრინციპის მხარდაჭერის კუთხით. აქედან გამომდინარე, მან ნამდვილად დაიმსახურა ეს ჯილდო", - განაცხადა უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა, - „აღნიშნული ჯილდო ასახავს უეფას კამპანიის #EqualGame-ის პათოსს, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთისგან სიამოვნების მიღების უფლება გააჩნია ყველას, განურჩევლად მისი წარმომავლობისა, ასაკისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, სოციალური მდგომარეობისა თუ რელიგიისა. #EqualGame-ის ჯილდოს შემოღებით ჩვენ გვსურს იმ ფეხბურთელების აღიარება, ვინც მხარს უჭერს ჩვენი კამპანიის ღირებულებებს - მრავალფეროვნებას, ინკლუზიურობასა და ხელმისაწვდომობას. ფეხბურთი განაპირობებს საზოგადოებაში ცვლილებებს. ადამიანები, რომლებიც დადებით მაგალითს ჰქმნიან საკუთარ საზოგადოებასა და სპორტში, იმსახურებენ აღიარებასა და დაჯილდოვებას."

უეფას გადაწყვეტილებით, Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია გახდა. აღნიშნული ჯილდო იმ მოთამაშეს გადაეცა, რომელიც სამაგალითოდ მოიქცა ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციის კუთხით. გურამ კაშიას ჯილდო, მონაკოში უეფას ჩემპიონთა ლიგის წილისყრის ცერემონიაზე, როგორც უკვე აღვნიშნეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა უეფას პრეზიდენტისგან მიიღო.
„მოხარული ვარ, რომ უეფასგან #EqualGame-ის ჯილდო მივიღე, და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ალექსანდრ ჩეფერინს. მე მჯერა თანასწორობისა და თანაბარი უფლებების და ყოველთვის დავიცავ ამ პრინციპებს," - განაცხადა გურამ კაშიამ, რომელიც ამჟამად აშშ-ში „სან ხოსეში" ასპარეზობს.

მაშინ, როდესაც გურამ კაშიას დღეს, მოდრიჩი, რონალდუ, რამოსი, ნავასი, ბექჰემი და ბევრი საფეხბურთო ვარსკვლავი ტაშს უკრავდა, საქართველოში საზოგადოების იგივე ნაწილი, რომლებიც შემოდგომის „მარშებში" მონაწილეობდნენ, ახალი ქმედებებისკენ ემზადებიან. თუმცა, ამის პარალელურად სოციალური ქსელებში აქტიურად განიხილება საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობით, უეფა-ს ერთა ლიგის 9 სექეტემბრის მატჩისთვის ნაკრების კაშიას ნომრიანი მაისურის შეძენის მსურველთა მიმოწერები. ამრიგად, რამდენიმე დღის წინ, თავად ფეხბურთელის მიერ გავრცელებული ცნობილი ფრაზას „სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში", უკვე ათასობით ერთი ეხმაურება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთთა ლიგის მატჩისთვის 3 სექტემბრიდან დაიწყებს შეკრებას. ეროვნული ნაკრები 5 სექტემბერს ყაზახეთში გაემგზავრება, სადაც 6 სექტემებრს, ასტანაში უეფა-ს ახალი გამოწვევის პირველ მატჩს გამართავს. მომდევნო შეხვედრას, ქართველი ფეხბურთელები 9 სექტემბერს თბილისში, დინამო არენაზე ლატვიის ეროვნული ნაკრების წინააღმდებ გამართავენ.
ეროვნულ ნაკრებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში უკვე მიმდინარეობს (იხ. ინფორმაცია). სფფ კი თავის მხრივ გულშემატკივარს აცნობს თამაშის დღეს, სტადიონზე შესვლის და ქცევის რეგულაციებს (იხ. ინფორმაცია).





ჩვენ








