მიქაუტაძის გოლმა მეცს ვერ უშველა, კიტეიშვილი საჩემპიონო ბრძოლაშია
მიქაუტაძის გოლმა მეცს ვერ უშველა, კიტეიშვილი საჩემპიონო ბრძოლაშია
28.04.2024
ავტორი: მარიამ მესხი

უქმეებზე ქართველმა ლეგიონერებმა შიდა ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები გამართეს.


27 აპრილს გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა" ინგლისის ჩემპიონშიპის 45-ე ტურში „სანდრელდენს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 1-0 იმარჯვა. შეხვედრის განაცხადში არ ყოფილა ქართველი ნახევარმცველი, რომელსაც ლონდონური კლუბი ევრო 2024-ისთვის  უფრთხილდება. „უოტფორდის" მთავარი მწვრთნელის, ტომ კლევერლის თქმით, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გიორგის პერსონალურად უნდა გაუფრთხილდეს. „გიორგის საზარდულის ქრონიკული პრობლემა აქვს. ზაფხულში ევროპის ჩემპიონატია, სწორედ ამიტომ, მას პერსონალურად უნდა გავუფრთხილდეთ. ყოველთვის მსურს, რომ ჩემს ფეხბურთელებს პირადად დავუჭირო მხარი. მესმის, რას განიცდის, როდესაც მის ფიტნესთან დაკავშირებით გაურკვევლობა აქვს, სწორედ ამიტომ, ის ბოლო საშინაო მატჩს გამოტოვებს", - ამბობს უოტფორდის მთავარი მწვრთნელი.


საფრანგეთის ლიგა 2-ის 35-ე წუთში კი ზურიკო დავითაშვილის „ბორდო" „ლავალს" ესტუმრა. ქართველი ნახევარმცველის გუნდმა სამწუხაროდ, უმნიშვნელოვანესი მატჩი მინიმალური ანგარიშით 0-1 დათმო და ლიგა 1-ში დაწინაურების თეორიული შანსიც დაკარგა. ზუკამ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. 46-ე ტურში „ბორდო", „აიაჩოს" უმასპინძლებს.


MLS-ში მორიგი მატჩი გამართა საბა ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედმა", რომელიც „ჩიკაგოს" დაუპირისპირდა. ლობჟანიძემ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. შეხვედრა კი ფრედ, 0-0 დასრულდა. ამ დროისთვის ქართველი ფეხბურთელის კლუბი აღმოსავლეთ კონფერეციის სატურნირო ცხრილში 12 ქულით მეცხრე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრაში „ატლანტა იუნაიტედი" 5 მაისს, „მინესოტას" დაუპირისპირდება.


გიორგი მიქაუტაძის „მეცმა" უმნიშვნელოვანესი მატჩი „ლილის" წინააღმდეგ გამართა და მინიამლური სხვაობით, 1-2 დამარცხდა. „მეცმა" ანგარიში, სწორედ, ქართველი ფორვარდის გოლით გახსნა. მიქაუტაძემ 23-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა და „მეცი" დააწინაურა. სამწუხაროდ, „ლილმა" წონასწორობა მალევე, 31-ე წუთზე, ისმაილის გოლით აღადგინა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კი, იუსუფ იაზიჯის გოლით „ლილი" დაწინაურდა. მეორე ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა და საბოლოოდ, „მეცმა" 1-2 წააგო. 31 ტურის შემდეგ გიორგი მიქაუტაძის „მეცი" 29 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა და გასავარდნ ზონაში იმყოფება, მომდევნ მატჩს, 4 მაისს, „რენის" წინააღმდეგ გამართავს. აღსანიშნავია, რომ ჟორჟმა ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა და ლიგა 1-ში უკვე 11 გოლი დაუგროვდა. ბომბარდირთა დავაში კი ქართველი ფორვარდი მეექვსე ადგილზეა.


გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე", „ნურნბერგს" დაუპირისპირდა. ქართველი შემტევის კლუბმა სტუმრად მინიმალური ანგარიშით 1-0 იმარჯვა და ბუნდესლიგაში დაწინაურების შანსს კვლავაც ინარჩუნებს. ბუდუმ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 68 წუთი გაატარა. მატჩში ერთადერთი გოლი კი, იგორ მატანოვიჩმა გაიტანა. 32-ე ტურში  ბუდუ ზივზივაძის გუნდი 4 მაისს, „როსტოკს" ესტუმრება.


ავსტრიის ბუნდესლიგის 29-ე ტურში, პრაქტიკულად საჩემპიონო დაპირისპირება შედგა. ოთარ კიტეიშვილის „შტურმი" სტუმრად უშუალო კონკურენტს, „ზალცბურგს" დაუპირისპირდა. გრაცის „შტურმმა", უპირატესობა პირველივე წუთზე მოიპოვა და ალექსანდერ პრასის გოლით დაწინაურდა. 30-ე წუთზე ზალცბურგელთაგან კონატემ შეაგდო, თუმცა, გოლი ხელით თამაშის გამო გაუქმდა. 34-ე წუთზე კი პრასმა დუბლი გაიფორმა და კიტეიშვილის გუნდმა კომფორტული უპირატესობა მოიპოვა. 70-ე წუთზე „შტურმის" მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ილზერმა ოთარ კიტეიშვილი შეცვალა, ზუსტად 2 წუთში, 72-ე წუთზე დორგელეს ნენეს გოლით ზალცბურგმა ანგარიში შეამცირა. 82-ე წუთზე კი კარიმ კონატემ ანგარიში გაათანაბრა. 89-ე წუთზე „შტურმის" კარში კიდევ ერთი გოლი გავიდა, თუმცა, სამსონ ბაიდე თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა და გოლი არ ჩაითვალა - 2-2. საბოლოოდ კი მატჩი ფრედ დასრულდა. ავსტრიის ბუნდესლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე კიტეიშვილის შტურმი მეორეადგილოსან „ზალცბურგს" 3 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში კი, შტურმი 5 მაისს, „ჰარტბერგს" უმასპინძლებს.  თუმცა, მანამდე, 1 მაისს კიტეიშვილის გუნდი ავსტრიის თასის ფინალში ითამაშებს, სადაც „რაპიდს" დაუპირისპირდება.