
„ოქროს მედალი, ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი - ეთერ ლიპარტელიანის ისტორიული გამარჯვება და ნიშნობა ტატამზე" - ასეთი სათაურით მიუძღვნა ეთერ ლიპარტელიანს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვებ-გვერდმა სტატიაში, რომელიც მაისის დასაწყისში გამოაქვეყნა.
ალბათ, არაფერი ჯობია იმ გრძნობას, როცა იცი, რომ ისტორიას შენს ქვეყანაში, შენი გულშემატკივრის წინაშე წერ ხომ?
22 მარტს, ეთერ ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ჯუდოკა ქალი, რომელმაც ძიუდოს გრან სლემის მოგება მოახერხა. ბრძოლის დამთავრებისთანავე კი, თემურ ნოზაძემ, (ასევე პროფესიონალმა ჯუდოკამ), რომელიც ასევე ჯოდოგიში იყო გამოწყობილი ტატამზე გამარჯვებულს ხელი სთხოვა. ძიუდოს ქართველ გულშემატკივარს ეს მომენტი მშვენივრად ახსოვს.
აღნიშნულ სტატიაში, ეთერმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ჟურნალისტს განუცხადა, რომ ძალიან ბედნიერია და მისთვის წარმოუდგენელია. „ოქროს მედლის მოგებით ბედნიერი ვარ, მაგრამ ბეჭედს, ცხოვრებაში ერთხელ გაძლევენ, ოქროებს კიდევ ვეცდები მომავალშიც მოვიგო", - ამბობს ლიპარტელიანი.
ქართველი ქალი ჯუდოკა ამის შემდეგ აღნიშნავს, რომ ის თავისი წარმატებებით მომავალ თაობებს სპორტის ამ სახეობაში გზას უკვალავს. ქვეყანაში სადაც, არც თუ შორეულ წარსულში ტატამზე გოგონები თითქმის არ იყვნენ, ლიპარტელიანისთვის ამ გზის გავლა არ იყო მარტივი. მაღალმთიანი სვანეთი, ბიჭებთან ერთად ვარჯიშებში გატარებული წლები, წინააღმდეგობა ოჯახიდან, 10 წლის ასაკში სახლის მიტოვება და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ პატარა გოგოს, რომელსაც ბიჭების ტურნირებიც აქვს მოგებული ევარჯიშა ძიუდოში.
ეთერ ლიპარტელიანი საერთაშორისო სარბიელზე პირველად 2016 წელს გამოჩნდა. მაშინ ის კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. 2019 წელი ეთერი ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი ხდება, იმავე წელს 23-წლამდეთა ევროპის ჩემპიონატს იგებს. ხდება ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის. 2023 წელს ევროპის ჩემპიონი.
„ჩემთვის დიდი მოტივაციაა, რომ მომავალ თაობებს გზას ვუკვალავ. მომავალ თაობებს ვაძლევ მაგალითს. ეს ამავდროულად, დიდი გამოწვევაა", - ამბობს ლიპარტელიანი.
ქართველი ქალი ჯუდოკა სოკ-ის ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქართველი გოგოები, რომლებმაც ძიუდოში აშკარად იმატეს, ყველანაირად ცდილობენ, რომ ბიჭების გვერდით მყარად დადგნენ ფეხზე და მათი პოზიციები გაამყარონ, საერთო წარმატებისთვის. თავის მხრივ, საიტი აღნიშნავს, რომ ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ, რეალურად, ერთ ოლიმპიურ ციკლში, საქართველოში გოგოებმა მოახერხეს თითქმის ყველა წონით კატეგორიაში „გაზრდა", რაც შესაძლოა ტოკიოში, შერეულ გუნდურში მოგებული ბრინჯაოს მედლების სინჯის წინაპირობაც იყოს პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე.
ეთერს, რომელსაც შეეძლო გამხდარიყო პირველი ქართველი ქალი, რომელმაც ოლიმპიური მედალი მოიგო, ტოკიოში ცოტა დააკლდა. თუმცა, სოკ-ის გამოცემა არ გამორიცხავს, რომ ეს ქართველმა შესაძლოა პარიზში „ჩაიდინოს" და კიდევ ერთი ისტორიული ფურცელი დაწეროს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბიჭები პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე უძლიერესი შემადგენლობით იქნებიან წარმოდგენილები. ამიტომ ჩვენ, ქართველი ქალები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ბიჭების გვერდით ვიდგეთ, როგორც ერთიანი გუნდი და საუკეთესო სინჯის მედალი მოვიგოთ გუნდურ ასპარეზობაში. ვფიქრობ, რომ ქართული ძიუდოს უკეთესი მომავლისთვის და მისი მომავლისთვის იქნება პარიში მოგებული ოქროს მედალი", - ამბობს ლიპარტელიანი და განაგრძობს, „ამჟამად სრულად მოტივირებული და მობილიზებული ვარ ოლიმპიური თამაშებისთვის. ვიცი, რომ წინა ოლიმპიადაზე წავაგე მედალი, მაგრამ ამჯერად, მე ვიბრძოლებ ოქროსთვის".
სოკ-ი კი თავის სტატიას იმავე თემით ამთავრებს, რითაც დაიწყო, „სახალხო ნიშნობაზე" და ქორწილზე, რომელიც როგორც წესი ნიშნობას მოჰყვება. აქ, ეთერი იძახის, რომ ახლა წყვილს საკმაოდ რთული და დატვირთული პერიოდი აქვს. ასე, რომ ქორწილზეც პარიზის შემდეგ იფიქრებენ.
„თემურთან ერთად თავს, ზემოტივირებულად ვგრძნობ და მჯერა, ერთად მრავალი წარმატების მიღწევა შეგვიძლია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გვერდით ასეთი ადამიანი მყავს", - ამბობს ლიპარტელიანი.
იმის გათვალისწინებით, რომ თემურს 2022 და 2021 წელს აქვს მოგებული გრან სლემები, 2024 წელს, ეთერის მოგებულ გრან სლემთან ერთად, ახლა წყვილს სამი მოგებული გრან სლემი აქვს ჯამში და ახლა მათი რიცხვის გაზრდის შანსი აქვს. თუმცა, მომავალი წარმატებების პარალელურად, სოკ-ის გამოცემა, წყვილის საქორწინო ფოტოების მოლოდინშიც არის.
სტატია მომზადებულია olympics.com-ის მიხედვით
ფოტო: credit © Gabriela Sabau / IJF





ჩვენ








