
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ასტანაშია
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ასტანაშია. ვლადიმირ ვაისის გუნდი უეფა-ს ერთა ლიგის პირველი შეხვედრის ჩასატარებლად ყაზახეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, თბილისიდან დილის 9:10 წუთზე ჩარტერული რეისით გამოფრინდა. თბილისის დროით 13:00 საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები სასტუმრო "კომფორტ ოტელში" დაბინავდა. ერთადერთი, რაც ამ დროისთვის ქართული დელეგაციისთვის ოდნავ დისკომფორტს ქმნის, ჩვენთვის უჩველოდ ცივი ამინდია. ამ მომენტში ასტანაში მხოლოდ 12 გრადუსი სითბოა.
ფეხბურთის ფედერაციის ახალი პარტნიორი ავოკომპანია „მაივეი აირლაინსის" ბორტით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ეროვნულ ნაკრებთან ერთად გულშემატკივართა 25-კაციანი გუნდიც ჩამოვიდა. ასტანაში არიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი პირები, ვეტერანი დინამოელი ალექსანდრე ჩივაძე, სკ „დინამო თბილისის" პრეზიდენტი რომან ფიფია, საქართველოს სპორტის სამინისტროს წარმომადგენლობით დელეგაცია და ფეხბურთში დასაქმებული პირები.
ყაზახეთში არიან 10-მდე ჟურნალისტი, რომლებიც უკვე ერთ საათში „ასტანა არენაზე" შეიკრიბებიან და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენციასა და მოგვიანებით კი, ნაკრების ვარჯიშს დაესწრებიან.
ასტანაში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 25 ფეხბურთელით ჩამოვიდა. ვლადიმირ ვაისის გუნდში არიან: მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი; მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი); ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი); თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი). მოგვიანებით ნაკრების მთავარი მწვრთნელი იმ 23 ფეხბურთელს დაასახელებს, რომლებიც ხვალინდელი თამაშის განაცხადში იქნებიან შეყვანილები.
ყაზახეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება, ასტანაში 6 სექტემბერს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
იხილეთ ალბომი





ჩვენ








