ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელია!
ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელია!
17.05.2024
ავტორი: მარიამ მესხი

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და გრაცის „შტურმის" ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 2023-24 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.


კიტეს „შტურმში" გატარებულ ექვს სეზონში, მიმდინარე საუკეთესოა. მის ანგარიშზე 9 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა და ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელიც დამსახურებულად გახდა.


„ჩემთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება. ეს არის დასტური იმ უდიდესი შრომისა, რომელიც პირადად მე და მთელმა გუნდმა მთელი სეზონის განმავლობაში გავწიეთ. სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობა შესანიშნავია, თუმცა ამ უქმეებზე ჩვენი მთავარი მიზანი გვაქვს შესასრულებელი. ვიმედოვნებ, ერთად ვიზეიმებთ", - ამბობს კიტეიშვილი.


ცნობისთვის, გრაცი ავსტიის ჩემპიონობისთვის იბრძვის. ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე ქართველი ფეხბურთელის გუნდი უშუალო კონკურენტს, „ზალცბურგს" 2 ქულით უსწრებს, ჩემპიონის ბედი კი, ბოლო ტურში გადაწყდება.


19 მაისს, 19:00 საათზე „შტურმი" „კლაგენფურტს" უმასპინძლებს. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას ოთარ კიტეიშვილი დისკვალიფიკაციის გამო ვერ მიიღებს. კიტემ, „ლასკთან" დაპირისპირებაში, მიმდინარე სეზონში, მეცხრე ყვითელი ბარათი მიიღო და ბოლო ტურის მატჩში „შტურმს" ვერ დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ ლასკთან შეხვედრაში, ქართველმა ნახევარმცველმა დუბლი გაიფორმა და „შტურმი" ჩემპიონობასთანაც ძალიან ახლოს იყო, თუმცა მეტოქემ გათანაბრება მოახერხა და საჩემპიონო ზეიმიც იმ დღეს, არ შედგა.


ფოტო: (C) Österreichische Fußball-Bundesliga /SK Sturm Graz