ახალი სპორტული სივრცე ქართულ სატელევიზიო ბაზარზე
ახალი სპორტული სივრცე ქართულ სატელევიზიო ბაზარზე
17.05.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დღეიდან, ახალი სპორტული არხი ჩაუშვა. ჩვენი გვერდის ინფორმაციით, ქართველებისთვის საყვარელი ყოფილი მეორე არხის სიხშირე, რომელიც ბოლოს „ტელე სკოლას" ჰქონდა დათმობილი, ამიერიდან სპორტის ქომაგებს შემოიკრებს.

„პირველად სატელევიზიო ეთერში არხი მაყურებელს შესთავაზებს ეროვნულ ჩემპიონატებს ყველა დისციპლინაში, რაც უპრეცედენტო მოვლენაა სპორტის მოყვარული აუდიტორიისთვის. პირველი არხი-სპორტის განუყოფელი ნაწილია უნიკალური არქივი, რომელიც ეროვნული სპორტის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეტაპების და პერსონალიების მემატიანეა. აღსანიშნავია, რომ პირველი არხი-სპორტი გახდა ევროპული პლატფორმის EourovisionSport-ის პარტნიორი, რაც საშუალებას აძლევს ქართველ მაყურებელს, ევროპული სპორტის მრავალფეროვან, მულტიდისციპლინარულ, მათ შორის, პარასპორტის ჩემპიონატებს ადევნოს თვალი.


პირველი არხი-სპორტი 20 მაისიდან მაყურებელს შესთავაზებს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს 17-წლამდელ ფეხბურთელთა შორის, ხოლო 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდგომ,  19-წლამდელთა ევროპის  ჩემპიონატს ფეხბურთში.


ორშაბათიდან სტარტს აიღებს ATP Challenger Tour-ის პროფესიონალ კაც ჩოგბურთელთა ტურნირი, რომელიც 20-26 მაისის პერიოდში გაგრძელდება, პირველი არხი-სპორტი მაყურებელს ცენტრალურ კორტზე მიმდინარე ასპარეზობებს შესთავაზებს.


ასევე პირველად სატელევიზიო ეთერში დაგეგმილია ხელბურთში ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრების და ფინალური მატჩის ჩვენება.


პირველი არხი-სპორტი მაყურებლისთვის ხელმისაწვდომია სატელევიზიო ეთერში, საკაბელო ტელევიზიების საშუალებით და პირველი არხის ციფრულ პლატფორმაზე - 1tvplay.ge." - ნათქვამია არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


დიდი ალბათობით, ახალი სპორტული არხი, სავარაუდოდ ახალი გადაცემებით, შეივსება მას შემდეგ, რაც საზმაუწყებელი ახალ ოფისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე გადავა. მანამდე კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, არხის გენერალური დირექტორის მცირე კომენტარით თუ ვიმსჯელებთ, სამომავლოდ ძველ და კარგად ნაცნობ სიხშირეზე ეროვნული ჩემპიონატების ტრანსლირებაც იგეგმება.


„საქართველოში სპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის გადამწყვეტია ეროვნული სპორტული ჩემპიონატების გადაღება და ტრანსლაცია, რაც ნამდვილად უნიკალური შეთავაზებაა ჩვენი მხრიდან და გარკვეულ სოციალურ ასპექტებს შეიცავს, რადგან სპორტის ყველა სახეობას არ აქვს დამატებითი რესურსი, აუდიო ან ვიდეოგადაღება აწარმოოს და პოპულარიზაცია გაუწიოს დისციპლინას, რომელიც ნაკლებად ცნობადია. ასევე, სხვადასხვა სპორტული სახეობების გაძლიერება სპორტით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის მოტივაციის გაზრდას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ნიშნავს, რაც პირველი არხის ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანაა", - ამბობს თინათინ ბერძენიშვილი, .პირველი არხის გენერალური დირექტორი.



გამოყენებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტო-მასალა