ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონია!
ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონია!
19.05.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი გრაცის „შტურმთან" ერთად ავსტრიის ჩემპიონი გახდა.


„შტურმმა", „ზალცბურგის" ათწლიანი დომინირება დაასრულა და ავსტრიის ბუნდესლიგის გამარჯვებული 12 წლის შემდეგ პირველად გახდა.


ბოლო ტურში „შტურმი", „კლაგენფურტს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 2-0 სძლია. ანგარიში გრეგორი ვუთრიხმა გახსნა, რომელმაც კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე შესანიშნავად ითამაშა და შტურმი დააწინაურა. მატჩის ბოლო წუთზე კი, ამადი კამარამ ყველაფერი დაასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.


მიუხედავად იმისა, რომ მატჩში მონაწილეობა დისკვალიფიკაციის გამო კიტეიშვილს არ მიუღია, ქართველი ფეხბურთელის წვლილი „გრაცის" ჩემპიონობაში უდიდესია. ოთომ ავსტრიის ჩემპიონატში კარიერის საუკეთესო სეზონი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემაც მიითვალა და წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.


ავსტრიის ჩემპიონი „შტურმი" 2024-25 წლის სეზონში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ეტაპზე ითამაშებს.


აღსანიშნავია, რომ 2023-24 წლების სეზონში კიტეიშვილის გუნდმა დუბლი გაიფორმა და ბუნდესლიგასთან ერთად ავსტრიის თასიც მოიგო. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ აღნიშნული დუბლის გარდა, ქართველი ავსტრიული ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.