ერთა ლიგის პირველი 3 ქულა
ერთა ლიგის პირველი 3 ქულა
06.09.2018
ავტორი:

ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ, უეფა-ს ახალი ტუნირის ერთა ლიგის გათამაშებაში გოლების ათვლა დაიწყო. ჩაკვეტაძემ ერთა ლიგის ისტორიაში, პირველ, სასტარტო შეხვედრაში, ტურნირის პირველი გოლი ყაზახებთან მატჩის დროს, 69-ე წუთზე გაიტანა და ყაზახეთის ნაკრების სურვილი, ასტანაში 28965 გულშემატკივრის თვალწინ დაემარცხებინათ სტუმრად ჩასული ქართველები, სურვილად დატოვა.

„ოფიციალურ თამაშში ჩემი პირველი გოლი იყო, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ გოლით ნაკრებს გამარჯვებაში დავეხმარე. ახლა მთელი კონცენტრაცია ლატვიის წინააღმდეგ გასამართი მატჩისკენაა, სადაც აუცილებლად გვჭირდება გამარჯვება. აქედან გამომდინარე, ქართველ გულშემატკივარს მოვუწოდებ, მოვიდეს სტადიონზე და გვიქომაგოს", - ამბობს 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძე.



თუმცა, გოლამდე იყო საკმაოდ დაძაბული პირველი ტაიმი, რომლის დროსაც 19 წლის ქართველ ფეხბურთელს ყაზახები მჭიდროდ მეურვეობდნენ და არ აძლევდნენ მისთვის დამახასიათებელი თამაშის შესაძლებლობას.

საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ტაიმის დასაწყისი მასპინძლების აქტიურობით წარიმართა. თუმცა, ასტანაში, 30000-იან „ასტანა არენაზე" სხვაგვარი მოლოდინი, არც ვლადიმირ ვაისს ჰქონია, რომელმაც თავის კოლეგას საერთო ჯამში, ფსიქოლოგიურადაც და ტაქტიკურადაც მოიგო.




„მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებით ძალიან ბედნიერი ვარ. თამაში კარგად ვერ დავიწყეთ, ყაზახეთი აქტიურობდა და კარგი პრესინგი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ დამსახურებულად მოვიგეთ. ასევე ვთვლი, რომ უკეთ თამაში შეგვიძლია - ზოგიერთმა ფეხბურთელმა სეზონი ახლა დაიწყო, ზოგს ტრავმა ახალი მორჩენილი აქვს. ეს მათ თამაშს საკმაოდ ეტყობოდა. რა თქმა უნდა, შეცდომა ყველას მოსდის, მაგრამ ისეთი მომენტები როგორიც ნავალოვსკის, ქვილითაიას და მერებაშვილს ჰქონდათ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ასეთ შემთხვევაში თამაშის ბედს უფრო ადრე გადავწყვეტთ.ახალგაზრდა ჩაკვეტაძემ შესანიშნავი გოლი გაიტანა და მას ნამდვილად აქვს დიდი პოტენციალი", - ამბობს ვლადიმირ ვაისი, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.



გიორგი ჩაკვეტაძემ ბურთი გურამ კაშიას გადაცემით მიიღო. მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და უძლიერესი დარტყმით აიღო ყახაზთა კარი, 0-1. ამ მომენტმა, მასპინძელთა რიგებში გაუგებრობა გამოიწვია და კვლავ ჩაკვეტაძის მონაწილეობით, 74-ე წუთზე, უკვე ვაკო ყაზაიშვილის დარტმულის შემდეგ ანგარიში 2-მდე გაიზარდა, 0-2. თუმცა, ეს ავტოგოლი იყო, რომელიც საკუთარ კარში სერგეი მალიმ ჩაჭრა. მასპინძლებს, ქართველთ კარის აღების რეალური შესაძლებლობა, მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ, როდესაც ჩვენი მეკარის, გიორგი ლორიას შეცდომა, გიორგი ნავალოვსკიმ გამოასწორა.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თავდაპირველად, მწვრთნელს, რადგან მენდო. დიდი ხანია, რიგი მიზეზების გამო, ოფიციალური თამაშები არ მითამაშია. ეს არის არასპორტული მიზეზები. დღევანდელ თამაში იყო ერთი მომენტი, რომელშიც არა მარტო მე, არამედ ყველამ ინერვიულა. თუმცა, ნავალამ გადაგვარჩინა იმ მომენტში და გამოასწორა ჩემი შეცდომა. ახლა, იმ მომენტის ახნას, როცა ვცდილობ, ვიცი, რომ  არასწორი იყო. თავიდანვე, პირველი გადაწყვეტილება ყოველთვის სწორია. ბურთი, უნდა მომეგერიებინა და არ უნდა დამეჭირა. რაც შეეხება მთლიანად თამაშს, სტარტი - როგორ დაიწყებ, არის ყოვეთვის მნიშვნელოვანი. დავიწყეთ მშვენივრად, გასვლაზე 0-2 მოვიგეთ. იმედია, ასეც გავაგრძელებთ. ახლა, უკვე მნიშვნელოვანია შემდეგი თამაში. ლატვიასთან მატჩი ახლოს არის, მაგრამ აღდგენას მოვასწრებთ", - ამბის გიორგი ლორია.


რეალურად, ამ მომენტის გარდა, ლორიამ ყაზახებთან მატჩი უშეცდომოდ ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ კონკრეტული თამაშისთვის ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში გიორგი ლორიას გარდა, როინ კვასხვაძე და ლაზარე კუპატაძე იყვნენ. თუმცა, ჯერ კიდევ ასტანაში გამგზავრებამდე ვაისმა თქვა, რომ ლორიას უთამაშებლობის მიუხედავად, ის ნომერ პირველ მეკარედ მიაჩნია, რომელსაც ენდობა.

„მნიშვნელოვანი 3 ქულა ავიღეთ და მთავარი დავალება შევასრულეთ. თუმცა, წინ კიდევ ბევრი თამაშია და ჯგუფში, პირველ ადგილზე გასასვლელად ყველაფერი უნდა გავაკეთოდ. კარგი შანსია, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ერთა ლიგიდან გავიდეთ", - ამბობს გიორგი ნავალოვსკი.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მეორეში ქართველებმა ბურთის დაჭერა საბოლოოდ მოახერხეს და ყაზახებს ნელ-ნელა საკუთარი თამაში მოახვიეს თავს.

„რა თქმა უნდა, შედეგით ყველა კმაყოფილია ალბათ. თამაშის ხარისხის რაც შეეხება, ცოტა უკნიდან ვითამაშეთ, ბურთი დავუთმეთ, რაც მწვრთნელების დავალება იყო და ძალიან კარგად შევასრულეთ. ორი გოლი გავიტანეთ და კარგი დასაწყისია. ამიტომ, ყველა კმაყოფილია. ველოდებოდით ჩვენს მომენტს და მეტოქის შეცდომას, რომ კონტრშეტევაზე გვეთამაშა. კარგად ვითამაშეთ და კარგი დასაწყისია შესარჩევი ეტაპის", - ამბობს გურამ კაშია, რომელიც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, ყაზახებთან მატჩში უშეცდომო და საუკეთესო იყო.



ფეხბურთში, ისევე როგორც ნებისმიერ სფეროში არიან ადამიანები, რომლებიც შავ, დაუნახავ სამუშაოს აკეთებენ. სხვა სფეროსგან განსხვავებით, აქ, ასეთი ადამიანების შრომით „იდება შედეგი". ბუნებრივია, გოლს ყველა ვერ გაიტანს. ხშირადაც, ასეთი „შავი საქმე" დაუნახავია, მათთვის, ვინც ფეხბურთი უბრალოდ იცის და ჰგონია, რომ იცის, მწვრთნელზე მეტიც კი.  „ასტანა არენაზე", ასეთი დიდი და  შავი სამუშაო შეასრულა გიორგი მერებაშვილმა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ტრავმის და რთული ოპერაციის შემდეგ. ამდენად, ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაში, მისთვის რისკიც იყო.


„ყაზახეთში ქულა აუცილებლად უნდა აგვეღო. მწვრთნელის მითითება იყო, რომ დაცვიდან გვეთამაშა. ვიცოდით, რომ ყაზახები ფლანგებიდან გაამწვავებდნენ თამაშს. ამიტომ, მათთვის ეს სივრცეები უნდა შეგვეზღუდა. ნამდვილად ვერ გეტყვით, პირველ ტაიმში გოლი იყო თუ არა. ალბათ, კიდევ უნდა ვუყურო თამაშს და ვნახო ამ მომენტის გაგრძელებისას შემდეგ ითამაშეს თუ არა ყახაზებმა ხელით. ალბათ, პირველ ტაიმში გოლის გატანის შემთხვევაში, სხვანაირი თამაში წავიდოდა უფრო. თუმცა, ჩაკვეტას გოლმა მატჩის საბოლოო შედეგამდე მიყვანა გაგვიადვილა. ძალიან რთული თამაში იყო გამომდინარე იქედან, რომ ხელოვნურ საფარზე მოგვიწია თამაში. მე პირადად ხელოვნურზე, დიდი ხანია არ მითამაშია და გუნდსაც გაგვიჭირდა.  ყაზახეთის ნაკრებში ბევრია ადგილობრივი, „ასტანას" ფეხბურთელი, რომელიც კონკრეტულად ამ სტადიონზე ატარებენ შეხვედრებს. რა თქმა უნდა, ახლა ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ, რადგან ლატვიასთან გველოდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თამში, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ", - ამბობს გიორგი მერებაშვილი.  




მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, უეფა-ს ერთა ლიგის მეორე კალენდარული მატჩს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ვლადიმირ ვაისმაც. რომელმაც პირდაპირ არ თქვა, თუმცა არ გამორიცხა, რომ ასტანაში მოგებული და საერთო ჯამში, კარგად ჩატარებული თამაშის მიუხედავად,  თბილისში, „დინამო არენაზე" გუნდში იქნება ცვლილებები.  შეგახსენებთ, რომ დღეს, დიდხნიანი შესვენების შემდეგ, პირველად ითამაშა თორნიკე ოქრიაშვილმა.