
„დინამო არენაზე" ლატვიის ეროვნული ნაკრები სავარჯიშოდ საღამოს 19:00-სთვის მოვიდა. პარალელურად სტადიონის მედია-ცენტშრი, ლატვიელთა თავკაცის მიქსუ პაატელაინენის პრესკონფერენცია მიმდინარეობდა.
"დიდი მოლოდინი გვაქვს ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით. საქართველოს ფანტასტიკური ნაკრები ჰყავს, რომელიც შემტევ ფეხბურთს თამაშობს. მართალია, ყაზახეთთან ასეთი თამაში მხოლოდ ეპიზოდურად აჩვენა, მაგრამ ძალიან ძლიერი ნაკრებია და ძალიან გაგვიჭირდება. საქართველოს ნაკრები ჩვენი ჯგუფის გამოკვეთილი ფავორიტია. ვფიქრობ, რომ ძალიან ნიჭიერი და ძლიერი ფეხბურთელები არიან. გამოვარჩევდი ჩაკვეტაძეს, ყაზაიშვილს. ასევე, კანკავას, რომელიც ნახევარდაცვაში ძალიან ძლიერია. ამასთან ცენტრალური მცველების წყვილი, კაშია და კვირკველია. მთლიანობაში ძალიან რთულია ვინმეს გამოყოფა, რადგან დაბალანსებული, კარგი გუნდია. ვეცდებით, რომ გავაკონტროლოთ თქვენი გუნდი, თუმცა ეს რთული იქნება", - ამბობს მიქსუ პაატელაინენი.

51 წლის ფინელი სპეციალისტი არ მალავს, რომ მის გუნდს ძალიან რთული თამაში ელოდება. არ ერიდება არც ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელზე საუბარს და ამბობს, რომ ვლადიმირ ვაისი, ძლიერი სპეციალისტია, რომელმაც იცის, გუნდი, როგორ ათამაშოს.
„ანდორის ნაკრებმა დალაგებულად, დიდი მონდომებით ითამაშა, თუმცა ხვალ სხვა თამაში იქნება. ამ ჯგუფში ყველა თამაში დაძაბული და რთული იქნება. ვაცნობიერებთ იმას, რომ ხშირად მოგვიწევს დაცვაში მოქმედება საქართველოს წინააღმდეგ, ვიდრე ეს ანდორასთან იყო. ამიტომ, განსხვავებული თამაში იქნება. ხვალ გამოჩნდება, როგორი რეაქცია ექნება გუნდს ანდორასთან წარუმატებელი თამაშის შემდეგ. ლატვიას შეუძლია კარგი ფეხბურთის ჩვენება და თამაშების მოგება, იმედია, ამას ხვალ მოვახერხებთ", - ამბობს პაატელაინენი.
საქართველოსა და ლატვიის ეროვნული ნაკრებები ბოლოს ერთმანეთს, 2017 წლის 28 მარტს ამხანაგურში შევხვდნენ და ქართველებმა დიდი ანგარიშით 5-0 გაიმარჯვეს. ლატვიის ეროვნული ნაკრების მეკარე და კაპიტანი, რომელიც ამ მატჩის მონაწილე იყო, ქართული მედიის წინაშე, წინასამატჩო პრესკონფრენციის დროს წარსდგა:
"რა თქმა უნდა, გვუსრს, რომ საქართველოს ნაკრებთან, პირველი მატჩის შემდეგ, წაუგებელი სერია გავარგძელოთ. ჩვენ აქ დადებითი შედეგისთვის ჩამოვედით და გვინდა, რომ ლატვიელ გულშემატკივარს დავუმტკიცოთ, რომ გამარჯვება შეგვიძლია. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", - აღნიშნა ანდრიას ვანინსმა.

იმ მატჩისგან განსხვავებით, ლატვიის ნაკრებში ბევრი ახალი ფეხბურთელი და რაც მთავარია, ახალი მთავარი მწვრთნელი, რომელმაც თავის მხრივ, ფინეთის ნაკრების თავკაცობისას საქართველოს ნაკრების დამარცხება მოახერხა.
„საქართველოსა და ფინეთის შეხვედრა ძალიან კარგად მახსოვს. ფინეთში ფრე დაფიქსირდა, თბილისში კი მოვიგეთ, მაგრამ ძალიან რთული თამაში იყო. საქართველოს ემოციური გულშემატკივრები ჰყავს და აქ თამაში რთულია. დისციპლინირებულად და ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. როგორ გამოგვივა ეს, თამაში გვაჩვენებს. ახლა უკვე სხვა სიტუაციაა, ფინეთთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებში ბევრი ცვლილება მოხდა. სხვა მწვრთნელი ჰყავს, ვლადიმირ ვაისი ძალიან გამოცდილი და ტაქტიკურად განსწავლული მწვრთნელია" , - ამბობს პაატელაინენი.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ლატვიის ნაკრებთან მატჩი 9 სექტემბერს, 20:00 საათზე თბილისში გაიმართება. სტადიონის შესასვლელები 9 სექტემბერს 17:00-დან გაიხსნება.





ჩვენ








