
უეფა-ს ახალი ტურნირის ერთა ლიგის ათვლა ქართულ სტადიონზე დღეს პირველად დაიწყო. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 50000-მდე მაყურებლის წინაშე ლატვიის ნაკრებს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. მთელი მატჩის მანძილზე ლატვიელებმა, მხოლოდ რამდენჯერმე მოახერხეს, მასპინძელთა მეკარის, გიორგი ლორიას „შეწუხება", რაც უდავოდ ქართველთა დაცვის ხაზის კარგი თამაშის ბრალია.
„ორი თამაში მოვიგეთ და ვფიქრობ, ყველა კმაყოფილი უნდა ვიყოთ. ძალიან კარგია, რომ დღესაც მოვიგეთ, 6 ქულა ავიღეთ ორ მატჩში და ძალიან დიდი ორი ნაბიჯი გადავდგით ჯგუფური ეტაპის მოგებისთვის'', - ამბობს გურამ კაშია, რომელიც დღეს, „დინამო არენაზე" განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო.
ქართველი ფეხბურთელი, რომელიც უეფა-მ, მის მიერ დაწესებული ახალი ყოველწლიური ნომინაციის „Equal Game" -ის პირველ ლაურეატად დაასახელა, მატჩამდეც და მატჩის მსვლელობისასაც განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო გულშემატკივრების მხრიდან. სტადიონზე, გურამ კაშიას მხადამჭერთა ბანერები იყო გამოკიდული და ტრიბუნა, თითქმის მთელი მატჩის მანძილზე სკანდირებდა ფეხბურთელის სახელს. ლატვიასთან მატჩის დასრულების შემდეგ, გურამ კაშიამ საკუთარ სოციალურ ქსელში, მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ორივე მატჩში კარი მშრალად შეინარჩუნა. ამ მომენტისთვის, საქართველოს ნაკრებს 6 ქულა დაუგროვდა და ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია.
მასალა მოამზადა ნინი ვაშაკიძემ







ჩვენ








