30 ახალი საფეხბურთო მენეჯერი ქართული ფეხბურთის სამსახურში ჩადგა
30 ახალი საფეხბურთო მენეჯერი ქართული ფეხბურთის სამსახურში ჩადგა
19.09.2018
ავტორი:

ამხანაგური საფეხბურთო მატჩით, საფეხბურთო მენეჯერები, რომელთა მოედნიდან გაყვანას და ბიზნეს ლაბირინთებში გზის გაგნებას მთელი ოთხთვენახევარი ცდილობდნენ GIPA-ს ლექტორები, სიმბოლურად კვლავ მწვანე საფარზე გამოჩნდნენ. კახეთში, სასტუმრო „კაჭრეთის ამბასადორში"  ამ საფეხბურთო მატჩის გამართვამდე კი, სფფ-ის საგანმანათლებლო პროგრამა - „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში" მეორე გამოშვებას საზეიმო ვითარებაში სერტიფიკატები გადასცეს.

"პირველ რიგში მსურს თითოეულ თქვენგანს მივულოცო სასწავლო კურსის წარმატებულად დასრულება. ვფიქრობ, რომ ეს ყველა კურსდამთავრებულისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის განათლება პრიორიტეტული მიმართულებაა, ეს არ ეხება მხოლოდ ფეხბურთის მენეჯმენტის კურსს, თქვენ იცით, რომ ჩვენ კიდევ რამდენიმე მიმართულებით ვახორციელებთ საგანმანათლებლო პროგრამებს. ჩვენი მიზანია, რომ ფეხბურთში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ და ყველამ მივიღოთ მონაწილეობა მის განვითარებაში. გისურვებთ წარმატებას საქმიანობაში და ვისურვებდი, რომ ის საქმე რასაც თქვენ კლუბებში, ასოციაციებში თუ სხვა ორგანიზაციებში ახორციელებთ კიდევ უფრო მაღალ დონეზე შეგესრულებინოთ. თქვენი წარმატებული საქმიანობა კი, ავტომატურად, ჩვენს წარმატებას ნიშნავს. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ფეხბურთში წარმატება ერთ ადამიანს არ ეკუთვნის, თუ წარმატებულია გუნდი ეს ყველაზე თანაბრად ნაწილდება", - ამბობს ლევან კობიაშვილი, სფფ-ს პრეზიდენტი.

პროგრამა, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდება. სფფ-ს ინფორმაციით CIPA-სთან თანამშრომლობით, მინიმუმ კიდევ 2 თაობის საფეხბურთო მენეჯერების მომზადება იგეგმება აღნიშნული პროგრამის ფარგლებში.

„შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ხართ ახალი მოთამაშეები იმ ძალიან საინტერესო ახალი თამაშის, რომელსაც საფეხბურთო განათლება GIPA-სთან ერთად ეწოდება. GIPA მის ყველა კურსდამთავრებულს აძლევს დიდ ბიძგს წარმატებული კარიერისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს შემთხვევაშიც ასე იქნება. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც ჩვენი ინსტიტუტი ცოდნასთან ერთად კურსდამთავრებულს აძლევს ეს ფიქრისა და ანალიზის მოტივაციაა. შესაძლოა თქვენი გამოცდილებიდან, გარემოდან თუ სამუშაო ადგილიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდ ცოდნას ფლობდით, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენი ლექტორების მიერ ჩატარებული ლექციები კიდევ უფრო დიდი მოტივაცია იქნება. ვფიქრობ, რომ თქვენს ცხოვრებაში ეს სასწავლო კურსი იქნება ახალი სისხლი, რომელიც ახალ იდეებსა და ამბიციებს წარმოშობს. ყოველთვის მიხარია პროგრესულ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებიც ფიქრობენ, რომ განათლება უმნიშვნელოვანესი საკითხია. სწორედ ასეთები არიან ლევან კობიაშვილი და მისი გუნდი, აქედან გამომდინარე,  ძალიან მიხარია, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა", - ამბობს, მაკა იოსელიანი, GIPA-ს რექტორი.

„კაჭრეთის ამბასადორში", პროგრამის კურსდამთავრებულებს, მათ შორის 6 გამორჩეულს შესაბამისი სერტიფიკატები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და GIPA-ს რექტორმა, მაკა იოსელიანმა გადასცეს.

„მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო GIPA-ს და კონკრეტულად მის რექტორს, მაკა იოსელიანს. ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ მე დამეუფლა ისეთი გრძნობა, რომ ერთად ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებდით. ეს პროექტი ჯერ დასაწყისია და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კიდევ უფრო დავხვეწავთ საქმიანობას და სხვადასხვანაირ პროგრამებს შევთავაზებთ საზოგადოებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია, ეს პროექტები არ იქნება მხოლოდ საფეხბურთო სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი მიზანია რაც შეიძლება, მეტი ადამიანი დავაინტერესოთ ფეხბურთით", - ამბობს ლევან კობიაშვილი.

პროგრამაში საფეხბურთო სფეროში დასაქმებული 30 ადამიანი მონაწილეობდა. 6 თვის მანძილზე პროგრამა შერეული მეთოდით მიმდინარეობდა და როგორც ტრადიციულ, ისე დისტანციურ სწავლებას მოიცავდა. კურსის განმავლობაში მონაწილეებმა მსოფლიო ფეხბურთის მოწყობის საფუძვლები, სტრატეგიული მართვა, ადამიანური რესურსების მართვა, ფინანსები, მარკეტინგი, საფეხბურთო ღონისძიებების მოწყობა, სტადიონებისა და უსაფრთხოების საკითხები და საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლები შეისწავლეს.

კურსი თეორიულთან ერთად პრაქტიკულ კომპონენტსაც მოიცავდა.

აღნიშნული საგანმანათლებლო პროგამა უეფას სასერტიფიკატო კურსის - „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში" ქართული ანალოგია და საქართველოში ის უკვე მეორედ ჩატარდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საგანმანათლებლო კურსს მომავალშიც გააგრძელებს.