4 დღე vs 38
4 დღე vs 38
20.09.2018
ავტორი:

თბილისი „დინამომ" ფიბას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საშინაო შეხვედრა 64-90 წააგო. თბილისის სპორტის სასახლეში, ერთი კვირის წინანდელი მატჩისგან განსხვავებით, თითქმის ცარიელი ტრიბუნების ფონზე, ქართულმა გუნდმა, საბერძნეთის ერთ-ერთ ცნობად კლუბ „არისთან", შეიძლება ითქვას, პირველი შეხვედრა ჩაატარა. ირაკლი ხოშტარიას შეგირდებმა BCL-ის მატჩამდე, სრულფასოვნად, მხოლოდ 4 დღე ივარჯიშეს. იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის „დინამოში", რომელიც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია, საჩემპიონო შემადგენლობიდან, მხოლოდ 2 კალათბურთელი, მიშა ბერიშვილი და ლევან გრძელიძე არიან დარჩენილები, სხვა დანარჩენი ყველა ახალია და გუნდს, არ ჰქონია შესათამაშებლად დრო, არც ამხანაგური თამაშის ჩატარების შესაძლებლობა, პირველი თამაშისთვის კარგი გაკვეთილია.




ბერძნები, მატჩს დასაწყისშივე 7-0 დაწინაურდნენ. სწორედ, ეს მონაკვეთი გახდა ევანგელოს ანგელოუსთვის საბაბი, რომ „არისი" საბოლოო მიზნისკენ მოემართა. თუმცა, ბერძენთა მთავარ მწვრთნელს, მატჩამდე აშკარად ეტყობოდა ნერვიულობა. ამასთან ბერძნები, თბილისის სპორტის სასახლეში სავსე დარბაზსს ელოდნენ და რა დასამალია და ამისი  უფრო ეშინოდათ. სამწუხაროდ, „დინამომ" მხოლოდ ერთ, მეორე მეოთხედში მოახრეხა სათანადო წინააღმდეგობის გაწევა და პერიოდი მხოლოდ 3 ქულით, 20-23 წააგო.

„ეს იყო ჩვენი პირველი ოფიციალური თამაში. მოსამზადებლად, 38 დღე გვქონდა. ამ დროში ჩვენ 7 ამხანაგური მატჩის გამართვა მოვახერხეთ. ვიცი, რომ უფრო მეტი შეგვიძლია. „დინამოს" შესახებ, ვიცოდით, რომ მოსამზადებელი პერდიოს მრხივ დრო ძალიან ცოტა ჰქონდათ. თამაში ისე რა იყო. ორივე გუნდს ემჩნეოდა ნერვიულობა. თამაშის რიტმი მეორე ნახევარში ვიგრძენით. ეს მატჩი მოვიგეთ, მაგრამ კარგად არ გვითამაშია. ჩვენ, ვიმედოვნებთ, რომ BCL-ზე ასპარეზობას გავაგრძელებთ", - ამბობს მატჩის დასრულების შემდეგ ევანგელოს ანგელოუ.




თამაში არ წაუვიდათ „დინამოს" ნაკრების მოთამაშეებს. მიხეილ ბერიშვილმა მესამე პერიოდში  ერთბაშად 4 პერსონალური დაიმსახურა და ხოშტარიას მისი სკამზე დასმა მოუხდა. მომენტში, როდესაც „დინამო" 30 ქულას აგებდა, ნაკრების კიდევ ერთი მოთამაშის მერაბ ბოქოლიშვილის 9 მცდელობიდან, მხოლოდ 1 ნასროლი აღმოჩნდა ზუსტი. მიხეილ ჭოჭუას სკამზე დასმა კი მწვრთნელებს, კალათბურთელის მცირე ტრავმის გამო, დროზე ადრე  მოუხდათ.

„ძალიან რთული თამაში იყო. ბევრი შეცდომა დავუშვით როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში. ჩვენი გუნდისთვის ეს მოსამზადებელი პერიოდი ძალიან მცირე იყო. თუმცა, ეს არ არის გამამართებელი საბაბი. უნდა გავაანალიზოთ ყველა ის შეცდომა და პრობლემა რაც დღევანდელ თამაშში დავუშვით და მომდევნო მატჩისთვის მოვემზადოთ", - ამბობს მერაბ ბოქოლიშვილი.




15-24, 20-23, 13-20, 16-23 მატჩის ოქმის ამ ამონაწერიდანაც კარგად სჩანს, რომ დინამოელებმა, ვეღარ შესძლეს სწორედ პირველ მეოთხედში ხელიდან გაშვებული სადავეების გაკონტროლება, რომელმაც ყველაზე მეტად თავი მესამე მეოთხედის ბოლოს და მეოთხე, დასკვნით პერიოდში იჩინა.

„რთულია, ასეთი მატჩის შემდეგ კომენტარის გაკეთება. თუმცა, ვარ მთავარი მწვრთნელი და შედეგზე პასუხისმგებლობასაც საკუთარ თავზე ვიღებ. როგორც ადრე ვამბობდი, რთულია ისეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში, როგორიც „არისია". ჩვენ, BCL-ის თამაშისთვის მოსამზადებლად ძალიან მცირე დრო გვქონდა. ეს არ არის გამამართლებელი საბაბი. არის ერთი რამ, რაც მინდა აღვნიშნო - ამ წაგების შემდეგ, მთავარია გამოვიტანოთ დასკვნები, შევხედოთ სად ვართ, სად გვიჭირს და მომდევნო თამაშებისთვის ეს იყოს კარგი გაკვეთილი. ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ, გავაგრძელებთ ბრძოლას. ვეცდებით, რომ გავახაროდ ქართველი გულშემატკივარი. არ გამოგვივიდა დღეს, ვეცდებით, რომ გამოგვივიდეს ხვალ", - ამბობს ირაკლი ხოშტარია მატჩის დასრულების შემდეგ.



ფაქტია, რომ ახალი საკალათბურთო სეზონის პირველ მატჩში, დინამოელებს, ძალიან ბევრი დაკარგვები ჰქონდათ, იყო ბევრი არაზუსტი სროლები და გუნდს, აშკარად ემჩნეოდა შეუთამაშებლობა. თბილისელთა შორის, პირველ მეოთხედში ლევან გრძელიძე ჩანდა გამოკვეთილად. მთლიანად მატჩში კი, კლუბის ახალი ლეგიონერი რეჯერ დოუელი იყო ყველაზე შესამჩნევი. თუმცა, საბოლოოდ, კიდევ ერთი დინამოელი გამოარჩიეს, ხორვატი  დომაგოჟ ბუბალო.  




„დინამო": დაუელი (9ქ, 4პ), ბუბალო (7ქ, 7მ), ბოქოლიშვილი (3ქ, 5მ), მ. რევაზაშვილი, სვუპშაიერი (9ქ), გრძელიძე (7ქ), მირზიაშვილი, ჭოჭუა (7ქ), ბერიშვილი (9ქ), მაკი (9ქ), მაკგოთი (4ქ).

„არისი": კაისერი (6ქ, 8მ), ფლიონისი (3ქ), ხრისტიდისი (2ქ), სლაფცაკისი (2ქ), ანგელოუ (7ქ), ჯოუნსი (2ქ), ვერჯინისი (2ქ), ბოჩორიდისი (18ქ), ბელი (10ქ), დალო (12ქ), მაკგი (9ქ), ჰარისი (8ქ).

სრული ფოტო-კოლაჟი https://goo.gl/WYyD4r

საპასუხო შეხვედრა 22 სექტემბერს, სალონიკში გაიმართება, სადაც დინამოელები დღეს გამთენიისას გაემგზავრნენ.

აქვე ალბათ, ხაზგასასმელია, რომ საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო" ერთადერთი ქართული კლუბია, რომელიც საკალათბურთო, საკლუბო ევროტურნირებზე ზედიზედ მეორე წელია ასპარეზობს.