სპორტული კვირა
სპორტული კვირა
24.09.2018
ავტორი:

დღეიდან, ყოველ ორშაბათს, ჩვენი გვერდი შეეცდება იმ სპორტული მოვლენების კოლაჟი შემოგთავაზოთ, რომელთა ვრცლად გაშუქება ჩვენი გვერდის საშუალებით ვერ მოხერხდა. თუმცა, ვთვლით, რომ ეს სპორტული ღონისძიებები, აუცილებლად უნდა გაშუქებულიყო. აქვე, გაცნობებთ, რომ ქართული სპორტული ვებ-გვერდი tsff.ge მოხარულია თავის რიგებში იხილოს სპორტული ჟურნალისტიკის თემით დაინტერესებული სტუდენტები, რომლებსაც ჩვენი დახმარებით, საშუალება ექნებათ დაეუფლონ ჟურნალისტის და კერძოდ, სპორტული ჟურნალისტის პროფესიას.

განვლილი კვირის მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენებიდან კი სამს გამოვყოფიდით - ძალოსანი ლაშა ტალახაძის ახალა რეკორდს, ბაქოში მიმდინარე  მსოფლიოს ჩემპიონატს ძიუდოში და აჭარაში გახსნილ საჭადრაკო ოლიმპიადას.


ლაშა ტალახაძის რეკორდი




ლაშა ტალახაძის მორიგი ტრიუმფით დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში. ოლიმპიური ჩემპიონიმა და მსოფლიოს რეკორდსმენმა 105+ კგ წონით კატეგორიაში საქართველოს მორიგ ჯერზე ჩემპიონობასთან ერთად ქვეყნის ახალი რეკორდი დაამყარა აკვრასა და ორჭიდის ჯამში, რითაც ორი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა. აკვრაში ქართველმა ძალოსანმა 264 კგ დაძლია და აჯობა ირანელი ჰოსეინ რეზაზადეს მიერ 2004 წელს ნაჩვენებ ისტორიულ შედეგს. ორჭიდის ჯამში ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა 478 კგ დააფიქსირა, რის შედეგადაც გააუმჯობესა მის მიერვე 2017 წელს დამყარებული მსოფლიო რეკორდი.

ახლა, ქართველ ძალოსანს, იმისთვის, რომ ეროვნულ ჩემპიონატზე ნაჩვეები შედეგი, ოფიციალურად ჩაითვალოს მსოფლიოს ახალ რეკორდად მინიმუმ მისი გამეორება მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე შეეძლება, რომელიცც 1-10 ნოემბერს თურქმენეთის დედაქალაქი აშხაბადი გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძის მიერ დაფიქსირებული შედეგები მსოფლიო რეკორდად არ ჩაითვლება, რადგან საქართველოს ჩემპიონატი არ შედის ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის კალენდარში.


საჭადრაკო ოლიმპიადა



23 სექტემბერს, კურორტ შეკვეთილში, „ბლექს სი არენაზე" საჭადრაკო ოლიმპიადა გაიხსნა. რიგით 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაში, რომლის მასპინძლობის პატივიც საქართველოს და კერძოდ აჭარას ერგო, 190-მდე ქვეყნის ქალთა და ვაჟთა გუნდები მონაწილეობენ.

მონაწილეთა შორის არიან ქართველი მოჭადრაკეებიც, რომლებიც უკვე დღეიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით უძლიერესი ოლიმპიელი მოჭადრაკეების გამოვლენას შეეცდებიან. ოლიმპიადის პარალელურად ბათუმში ფიდე-ს 89-ე კონგრესიც გაიმართება, რომელზეც ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს აირჩევენ.

აღნიშნულ ტურნირზე, სქართველო ერთბაშად სამი გუნდით იასპარეზებს, რომელთა სარეიტინგო კოეფიციენტები შესაბამისად 2640, 2522 და 2398 ქულაა. ქართული გუნდების შესახებ დეტალურად ინფორმაცია იხილეთ: საქართველო 1 / საქართველო 2 / საქართველო 3


მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში




ბაქოში, ქართული დელეგაციისთვის წარუმატებლად მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში. ტურნირი, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქში 20-27 სექტემბრის ჩათვლით იმართება, ქართული გუნდი 7 წონოთ კატეგორიაში 9 სპორტსმენით იყო წარდგენლი.

-60კგ - ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი

-66კგ - ვაჟა მარგველაშვილი

-73კგ - ლაშა შავდათუაშვილი

-81კგ - ზებედა რეხვიაშვილი

-90კგ - ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი

-100კგ - ვარლამ ლიპარტელიანი

+100კგ - გურამ თუშიშვილი.

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გაირკვა, რომ ავადმყოფობის გამო ბაქოში, მარიამ ჯანაშვილი ვეღარ იჭიდავებდა. თუმცა, მეზობელ ქვეყანაში, მსოფლიოს ინდივიდუალური პირველობის დასრულებამდე, დღეს უკვე ორი დღით ადრე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე, მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედალია. 60 კგ წონით კატეგორიაში ის ამირან პაპინაშვილმა მოიპოვა.

ახლა, ქართველებს მხოლოდ ორი საასპარეზო დღის და იქ მოპოვებული მედლების იმედიღა გვაქვს. ხვალ  ტატამზე ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ), ხოლო ზეგ  გურამ თუშიშვილი (+100 კგ) გამოვლენ. ბუნებრივია, საქართველოში, ძიუდოს სპეციალისტები და გუშლემატკივარი, ერთ დროს ყველაზე წარმატებული გუნდისა და ფედერაციის გამოსვლას ბაქოს 2018 წლის ჩემპიონატზე უკვე წარუმატებლად აფასებენ და დამნაშავეს, იმ კულუარულ გარემოში ეძებენ, რომელიც აპრილის თვიდან მოყოლებული ძიუდოს  ოჯახს მოსვენებას არ აძლევს.


რბოლა კოჯრის გზაზე - თბილისის თასი აღმართის დაძლევაზე




გასული კვირა დღეს, დაბა კოჯრის გზაზე, თბილისის ღია პირველობა გაიმართა, ყველაზე პრესტიჟულ და სანახაობრივ სახეობაში, აღმართის დაძლევაში. ბოლოს ამ ტრასაზე, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს, ევროპის ჩემპიონატის ეტაპი 2005 წელს გაიმართა. აღსანიშნავია, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ავტო სპორტის ისტორიულ "უძო"-ს სპეც მონაკვეთზე, თბილისის ღია პირველობაზე მონაწილეთა  რეკორდული მაჩვენებელი 29 ავტომობილი დაფიქსირდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რბილაში ფორმულა ალფას და ლეგენდების კლასის ავტომობილებიც მონაწილეობენ.

რბოლა, რომელიც ქართულ საავტომობილო სპორტში პოპულარობით სარგებლობდა, დიდი ხნის შესვენების შმედეგ, თბილისის მერიის, "თბილისის ერთიანი საავტომობილო ფედერაცია"-ს ორგანიზებით და "რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი"-ს თანაორგანიზატორობით აღდგა.

აღნიშნული ტრასა 13 ივნისის ცნობილი მოვლენების შემდეგ დაზიანებული იყო. გზის აღდგენის შემდეგ კი, ეს ტრასა ისევ ვარგისია და არამხოლიდ საქართველოს ჩემპიონატის ეტაპების ჩასატარებლად, არამედ ევროპის ჩემპიონატის ეტაპის მასპინძლობისთვისაც.  


და ბოლოს, კვლავ ფეხბურთი



თბილისში, მასობრივი ფეხბურთის კვირეული „მამების თასი 2018" -ით დაიწყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის ორგანიზებით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ" ფარგლებში, დავით პეტრიაშვილის არენაზე მამებისა და შვილების საფეხბურთო ჩემპიონატი უკვე მეორედ გაიმართა. გათამაშებაში 22 გუნდი მონაწილეობდა. მამებმა, რომლებიც მწვრთნელების ამპლუაში იყვნენ, თამაშზე საფეხბურთო გუნდები გოგონებისა და ბიჭების თანაბარი რაოდენობით წარმოადგინეს.

„მამების თასი მასობრივი ფეხბურთის კვირეულის განუყოფელ ნაწილად იქცა. წელს, უკვე მეორედ, აღნიშნულ გათამაშებას გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისთან და ორგანიზაცია "WECARE"- თან ერთად ვატარებთ. განსაკუთრებით მიხარია, რომ მამების თასზე მოასპარეზე გუნდების რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია. რაც უფრო მეტი გოგონა და ვაჟი ჩაერთვება გათამაშებაში, მით უფრო მეტად მოხდება ფეხბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ამასთან, ტურნირი გამორჩეულია, რადგან გოგონებსა და ბიჭებს თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ისიამოვნონ თამაშით. გოგონათა ფეხბურთში ჩართვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრიორიტეტია და მჯერა, რომ ჩვენს ძლიერ პარტნიორებთან ერთად კიდევ ბევრი საინტერესო ინიციატივას განვახორციელებთ ამ მიმართულებით", - ამბობს ლევან კობიაშვილი, სფფ-ს პრეზიდენტი.

მასობრივი ფეხბურთის კვირეული 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება და სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს.


მასალა მომზადებულია საქართველოს ძალოსნობის, ძიუდოს, ჭადრაკისა და ფეხბურთის ფედერაციების ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით

საავტომობილო რბოლის ფოტო- დავით ერაძის