
პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე, რომელიც დღეს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიხურება, ქართველებმა ბოლო საასპარეზო დღესაც მოახერხეს მედლის მოგება. ევროპის მოქმედი და მსოფლიოს თასის მრავალგზის გამარჯვებული აკაკი ჯინჭარაძე, ის პარასპორტსმენი გახდა, რომელმაც ქართულ ყულაბაში მორიგი მედალი ჩადო. საერთო სათვალავში კი, ქართველ პარალიმპიელებს უკვე ცხრა მედალი აქვთ.
-107 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ქართველმა პარაწოლჭიმელმა აკაკი ჯინჭარაძემ სიმძიმის დასაძლევად სამივე ცდა შედეგიანად გამოიყენა. ჯინჭარაძემ, პირველ მისვლაზე, 238 კგ, მომდევნოზე 244 კგ, ბოლო, მესამე მისვლაზე კი, 250 კგ სიმძიმე დაძლია და საქართველოს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე მეოთხე ბრინჯაოს მედალი მოუტანა.
საინტერესოა, რომ აკაკი, ქართული გუნდის ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი პარასპორტსმენია. პირველად, პარალიმპიურ ასპარეზზე ის 2016 წელს, რიო დე ჟანეიროში გამოჩნდა. მაშინ ქართველი, -97 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და შეჯიბრი 155 კგ-თი და მე-9 ადგილით დაასრულა. 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის, ქართველმა წონითი კატეგორია შეიცვალა, ძალები -107 კგ-ში სცადა და ასპარეზობა მე-4 შედეგით დაასრულა, მაშინ ქართველს 221კგ დაემორჩილა.
პარიზის თამაშებზე კი, ქართული გუნდის მედროშეს, ვერცხლის მედლამდე მხოლოდ ერთი კგ დააკლდა.
სრულად შეჯიბრის ოქმი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, პარიზის პარალიმპიადაზე საქართველომ საერთო ჯამში, ცხრა მედალი მოიპოვა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ, ვერცხლის მედლები პარაჯუდოკებმა რევაზ ჩიკოიძემ, ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა და პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მოიპოვეს. ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი, აკაკი ჯინჭარაძესთნ ერთად, პარაჯუდოკა ინა ქალდანი, ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ. საერთო ჩათვლაში, საქართველოს პარალიმპიურმა გუნდმა, რომელიც მხოლოდ 14 პარაათლეტს ითვლიდა, 51-ე ადგილი გაიყო ახალ ზელანდიის ნაკრებთან ერთად.
ფოტო: სპორტის სამინისტრო





ჩვენ







