
გასულ უიქ-ენდზე „ჩაკვემ" გვანერვიულა. ინგლისის ჩემპიონშიპის მეხუთე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი", როგორც გახსოვთ, „ქოვენთრის" დაუპირისპირდა. მატჩი კი ფრედ დასრულდა, მაგრამ ჩვენ, მოედნიდან საკაცით გაყვანილი „ჩაკვეს" ჯანმრთელობის გამო, გვარიანად ვინერვიულეთ. საბედნიეროდ, ქართველის ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდა და მას წელის სპაზმი ჰქონდა.
ლალიგა 2-ის მეხუთე ტურში, გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ" „ელდენსეს" უმასპინძლა და 3-1 დაამარცხა. ქოჩორაშვილი მატჩში სათადარიგო სკამიდან, 69-ე წუთიდან ჩაერთო.
ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ" კი, პოლონეთის ექსტრაკლასას მერვე ტურში „პოგონს" 2-1 სძლია. „კრაკოვიას" ქართველმა კაპიტანმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. მერვე ტურის შემდეგ, კაკაბაძის „კრაკოვია", პოლონეთის ჩემპიონატში 16 ქულით მეორე ადგილზეა.
იტალიის სერია ა-ს მეოთხე ტურში საბა გოგლიჩიძისა და საბა საზონოვის „ემპოლიმ" „იუვენტუსს" უმასპინძლა. მატჩი უგოლო ფრედ 0-0 დასრულდა. გოგლიჩიძემ მატჩი შეუცვლელად ითამაშა, „ემპოლის" ახალწვეულმა საზონოვი კი, სათადარიგო სკამზე იყო და მატჩში არ ჩართულა.
კვიპროსის ჩემპიონატის მესამე ტურში გიორგი ლორიას „ომონიამ", გიორგი ქვილითაიას „არის ლიმასოლს" უმასპინძლა და 0-3 დამარცხდა. 63-ე წუთზე ქვილითაიამ ლორიას თერთმეთმეტრიანი დაურტყა და გოლიც გაიტანა.
დანიის სუპერლიგაში გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი" სტუმრად, „მიდტიულანდს" დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1-2 დამარცხდა. გოჩოლეიშვილმა შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანი 83-ე წუთზე დატოვა.
სლოვაკეთში საქართველოს ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას „სლოვანი", „სტრედას" დაუპირისპირდა და 2-1 იმარჯვა. 48-ე წუთზე კაშიამ ავტოგოლი გაიტანა და ანგარიში გაიხსნა, თუმცა, სლოვანმა მალევე, 56-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და საბოლოოდ, ბარსეგიანის ზუსტად შესრულებული პენალტით, თამაში მოიგო.
MLS-ში საბა ლობჟანიძის „ატლანტა" „ნეშვილს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 0-2 დამარცხდა. საბამ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ფეხბურთელი თავის გუნდში საუკეთესო იყო, გოლის გატანა ვერ მოახერხა.
„ნაპოლის" ქართველმა ვარსკვლავმა სერია ა-ში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა. „ნაპოლიმ", „კალიარის" სტუმრად 4-0 მოიგო, „კვარამ" კი, ორ გოლში მიიღო მონაწილეობა. 66-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ, ლუკაკუს პასით გაიტანა. ზუსტად 4 წუთში, 70-ე წუთზე კი, ქართველმა ფეხბურთელმა თანაგუნდელს ვალი დაუბრუნა და ამჯერად, ბელგიელს გაატანინა.
საფრანგეთის ლიგა 1-ში ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონი" „ლენსს" ესტუმრა. მატჩი ფრედ 0-0 დასრულდა. ქართველი ბომბარდირი მატჩში 65-ე წუთიდან ჩაერთო.
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია" კი, მადრიდის „ატლეტიკოს" ესტუმრა და დიდი ანგარიშით 0-3 დამარცხდა.
გიორგი წიტაიშვილის „გრანადამ" სტუმრად, „ელჩესთან" ფრედ, 2-2 ითამაშა. წიტაიშვილმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 78 წუთი დაჰყო. 57-ე წუთზე ქართველი ფეხბურთელის ასისტით ლოიკ ვილიამსმა გოლი გაიტანა და „გრანადა" წინ გაიყვანა, თუმცა, ელჩემ ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხა. წიტაიშვილმა მისი გუნდიდან ყველაზე მაღალი, 7.6 შეფასება დაიმსახურა.





ჩვენ







