„ქუთაისი 2010“-მა თურქეთში პირველი ვარჯიში ჩაატარა
„ქუთაისი 2010“-მა თურქეთში პირველი ვარჯიში ჩაატარა
17.09.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ჩემპიონი კალათბურთში „ქუთაისი 2010" ანტალიაშია და ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის, უშუალოდ ტურნირის ადგილზე აგრძელებს მომზადებას. კოტე ტუღუშის გუნდმა შეკრება 26 აგვისტოს, ბათუმში დაიწყო, მოგვიანებით კი, ლატვიაში გადაინაცვლა, სადაც ოთხი სპარინგი გამართა.

თურქეთში, ქართული კლუბი 15 სექტემბერს ჩავიდა, 16 სექტემბერს კი პირველი ვარჯიშიც ჩაატარა. გუნდის მთავარი მწვრთნელის, კოტე ტუღუშის ინფორმაციით, მცირე ტრავმის გამო, ინდივიდუალურად ვარჯიშობს, კლუბის გამოცდილი წევრი მიშა ბერიშვილი.


შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბრიდან საკალათბურთო კლუბი „ქუთაისი 2010", ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო  დაიწყებს. ქართველების ჯგუფში  სლოვაკური „ლევიცე", კოსოვოს „ტრეპცა" და კვიპროსული „რეპჩა კერავნოსი" არიან. საკმაოდ საინტერესო და „ლაბირინთული" ფორმატის თანახმად, 1/4 ფინალებში „რეპცა"-„კერავნოსს", ხოლო „ქუთაისი" - „პატრიოტ ლევიცეს" დაუპირისპირდება.


წარმატების შემთხვევაში, პირველ წყვილში გამარჯვებული ჩეხურ „ნიმბურკს", ქუთათურთა წყვილში გამარჯვებული კი, ესტონურ „კალევს" შეხვდება.  უკვე ამ წყვილებში გამარჯვებულები, ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან. ფინალის მოგების შემდეგ, კი, ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფში ჩაჯდებიან, სადაც მიუნჰენში გამართული წილისყრის შემდეგ, უკვე მოხვდნენ თურქული „გალათასარაი", ბერძნული „პრომეთეასთა პატრასი" და გერმანული „რასტა ფეხტა".



ფოტო: „ქუთაისი 2010"