
ანტალიაში, Gloria Sports Arena-ზე დღეს, საკალათბურთო კლუბმა „ქუთაისი 2010", ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყო ასპარეზობა. სადებიუტო შეხვედრაში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „პატრიოტ ლევიცეს" დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, 24 ქულიანი სხვაობით, 87-111 (21-30, 21-25, 23-26, 22-30 ) დამარცხდა.
ტურნირის დებულების თანახმად, წაგებული გუნდი ასპარეზობას ფიბა-ს მეორე ტურნირზე, ფიბა-ევროპა თასზე ინაცვლებდა. კალათბურთის გულშემატკივარს ემახსოვრება, რომ სწორედ ეს გზა გაიარა გასულ სეზონზე თსუ-მ. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი „ქუთაისი 2010" J ჯგუფში გააგრძელებს ასპარეზობას. სადაც მისი მეტოქეები გერმანული „ტელეკომ ბონი", ბულგარული „ბალკანი" და ესპანური „ბილბაოსა" და ლატვიური „ნეპტუნის" წყვილს შორის გამარჯვებული გუნდი იქნება. ფიბა-ევროპის თასზე ჯგუფური ეტაპის თამაშები 9 ოქტომბერს დაიწყება.
ანტალიაში გამართულ შეხვედრაში, ქართული კლუბის მოწინააღმდეგემ მატჩის სადავეების ხელში აღება საწყისი პერიოდიდან მოახერხა და შემდეგ, ნელ-ნელა გაზარდა უპირატესობა, თან ისე, რომ ყველა მეოთხედის მოგება მოახერხა. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო მიხეილ ბერიშვილმა. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და „ქუთაისის" ერთ-ერთმა გამოცდილმა მოთამაშემ მიხეილ ბერიშვილმა, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებდა. საერთო ჯამში, მატჩის მთელმა დატვირთვამ ცხრა კალათბურთელზე გადაირა. ქუთაისელთაგან, 23 ქულითა და 5 პასით საუკეთესო კლუბის ლეგიონერი ელია ჯოინერი იყო. 17 ქულა დააგროვა ჯოშ ფორტუნმა. 12-12 ქულა დააგროვეს ბექა ბექაურმა და აკაკი დვალიშვილმა, 11 - გიორგი კორსანტიამ და 10 ქულა გიორგი სულაბერიძემ.
„ქუთაისი 2010", ხვალ, საქართველოში დაბრუნდება და სამშობლოში გააგრძელებს მომზადებას.
მირიან ჩხეიძის ფოტო





ჩვენ







