
დღეს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „დინამო თბილისის" 19-წლამდე გუნდმა უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის პირველი რაუნდის საშინაო შეხვედრა მოიგო. ვალერი გაგუას გაწვრთნილმა გუნდმა დაძაბულ მატჩში, პოდგორიცას „ბუდოჩნოსტი" 3-2 (მატჩის სტატისტიკა) დაამარცხა.
ანგარიში, მე-9 წუთზე სტუმრებმა გახსნეს. გოლი კოსტიჩმა გაიტანა. თუმცა, დინამოელებმა მალევე მოახერხეს გათანაბრება. ამ შეხვედრაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა საბა სამუშიამ, მე-14 წუთზე გაათანაბრა. რეალურად, მასპინძლებმა, პირველ ნახევარში მოახერხეს ბურთის გაკონტროლება, მიუხედავად ამისა, თამაშში ჩართვა, დინამოელთა 17 წლის მეკარეს, მათე ღაღვიშვილს რამდენჯერმე მოუხდა, ისევე, როგორც შეხვედრის მეორე ნახევარში. მონტენეგროელი ფეხბურთელები, ძირითადად სახიფათოები ფიზიკური ორთაბრძოლებისა და სტანდარტულების დროს უფრო იყვნენ. ბუნებრივია, ამ გარემოებას, დინამოელთა სამწვრთნელო შტაბი საპასუხო თამაშისთვის გაითვალისწინებს.
„ბუდოჩნოსტმა" პირველი ტაიმის მიწურულს სწორედ, სტანდარტულის შემდეგ კიდევ ერთხელ მოახერხა დაწინაურება. გოლი, 42-ე წუთზე, კუთხურის შემდეგ, ტომაშევიჩმა გაიტანა.
გაგუას გუნდმა, მეორე ტაიმი უფრო აქტიურად დაიწყო და ამას ძირითადად სისწრაფის ხარჯზე აკეთებდა. 55-ე წუთზე ნიკო ცეცხლაძემ ამ შეხვედრაში ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა. მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის პირველ წუთზე კი, შეცვლაზე შემოსულმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა, მესამედ აიღო სტუმართა კარი და დინამოელებს საჭიროს გამარჯვება მოუტანა.
ქართული გუნდი, საპასუხო შეხვედრას, 2 ოქტომბერს, პოდგორიცაში გამართავს.





ჩვენ







