
18 და 19 სექტემბერს საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/4 ფინალური მატჩები გაიმართა. „კოლხეთი 1913", „სპაერი" და „დინამო თბილისი", ეს ის სამი საფეხბურთო კლუბია, რომლებმაც ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის სახელობის თასის გათამაშების 1/2 ფინალური საგზურები მოიპოვეს.
საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გამოდგა ლიგა 2-ის წარმომადგენელ „გარეჯსა" და ფოთის „კოლხეთი 1913"-ს შორის. საგარეჯოში გამართულ ამ შეხვედრაში, მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიშის გახსნა, სტუმრებს შეეძლოთ, თუმცა, 61-ე წუთზე გიორგი მელქაძემ პენალტი გააფუჭა. თუმცა, ანგარიში, ამ შეხვედრაში მაინც 11-მეტრიანით გაიხსნა. 98-ე წუთზე გოლი გიორგი აბუაშვილმა გაიტანა. შეხვედრის 105-ე წუთზე, ფოთელები „აბუს" დუბლით, უკვე ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ. პირველი დამატებული დროისთვის, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში საგარეჯოელებმა ერთი ბურთის გაქვითა მოახერხეს, ამჯერად, პენალტი ირაკლი ლექვთაძემ გაიტანა. მეორე დამატებით 15 წუთში, ანგარიში აღარ შეცვლილა. შესაბამისად, კახა ჩხეტიანის გაწვრთნილმა ფოთის „კოლხეთი 1913"-მა 1-2 გაიმარჯვა და თასისთვის აგრძელებს ბრძოლას.
ოთხი პენალტი, აქედან ერთი გაფუჭებული და ერთი ავტოგოლი, ასეთია ერთი მცირე დეტალი, უხვგოლიანი მატჩიდან, რომელიც თბილისში, სპაერის სტადიონზე გაიმართა და რომელშიც ლიგა 2-ის წარმომადგენელმა „სპაერმა", „თელავი" 4-3 დაამარცხა. მასპინძლებმა, ანგარიში მე-8 წუთზე გიორგი გრიგალაშვილის გოლით გახსნეს. 26-ე წუთზე ნიკა ჩაგუნავას, 33-ე წუთზე გიორგი ა. ცეცხლაძის გატანილი გოლებით კი, უკვე სამბურთიანი სხვაობით იგებდნენ. სხვათა შორის, ცეცხლაძემ, პირველი ტაიმისთვის მსაჯის მიერ კომპენსირებულ მერვე წუთზე კიდევ ერთი პენალტი გაიტანა. „სპარემა" ტაიმი 4-0 მოიგო. მიუხედავად ასეთი ანგარიშისა, თელაველებმა მეორე ტაიმში სცადეს ვითარების გამოსწორება. 61-ე წუთზე მათ პენალტის გატანა შეეძლოთ, თუმცა, ვერ გამოიყენეს. დამატებაზე წასული თელაველის წინააღმდეგ კი, მასპინძლებმა კვლავ დაარღვიეს თამაშის წესი და სტუმრებს კიდევ ერთი 11-მეტრიანის დარტყმის საშუალება მიეცათ. ამჯერად, ანტონ თოლორდავა ზუსტი იყო. 76-ე წუთზე დეიან სტანოიევიჩმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა. თამაშის ძირითადი დროისთვის მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-12 წუთზე მასპინძლებმა გოლი საკუთრ კარშიც ჩაჭრეს, თუმცა, ეს „თელავს" ვერ დაეხმარა და თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
ალბათ, სათასო დაპირისპირებებში, ყველაზე საინტერესო წყვილი თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე თამაშობდა. საქართველოს ვიცე-ჩემპიონი და ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბი „დინამო თბილისი", ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, ბათუმის „დინამოს" მასპინძლობდა. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ორივე კლუბი სატურნირო ცხრილში მათთვის უჩვეულო ადგილებზეა და ცხრილის გარეშეც, აშკარად ბევრი საკადრო პრობლემა აქვს, თამაში მაინც საინტერესო გამოვიდა, რომელშიც თბილისური კლუბი, ნელ-ნელა დაეუფლა უპირატესობას. პირველ ტაიმში გოლიც გაიტანა, თუმცა, მსაჯმა ხელით თამაში დააფიქსირა. სხვათა შორის, ამ არჩათვლილი გოლის ავტორმა დათუნა გოცირიძემ, ბათუმელთა კარი, მეორე ტაიმში, 52-ე წუთზე კიდევ ერთხელ აიღო, ამჯერად, წესების სრული დაცვით და თბილისური „დინამო" 1-0 დააწინაურა. მატჩის მიწურულს თბილისელებმა, კიდევ ერთი გოლი გაიტანეს, თუმცა, ამჯერად, მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. საბოლოოდ, „დინამო თბილისმა" 1-0 მოიგო და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა.
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ბოლო, ნახევარფინალისტი „დინამო თბილისის 2"-სა და „გაგრას" დაპირისპირებაში 22 ოქტომბერს გამოვლინდება. მოგეხსენებათ, დინამოელთა მეორე გუნდი, უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე ასპარეზობს, შესაბამისად, ამ მიზეზით, ამ წყვილის დაპირისპირება ოქტომბრისთვის გადაიდო.





ჩვენ







