ავთანდილ ასათიანის ნაკრებმა ლიეტუვაში მორიგი ორი სპარინგი გამართა
ავთანდილ ასათიანის ნაკრებმა ლიეტუვაში მორიგი ორი სპარინგი გამართა
19.09.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდისთვის აგრძელებს მზადებას. მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი 8 შეხვედრიდან, ავთანდილ ასათიანის გუნდმა 17 და 19 სექტემბერს, მორიგი ორი მატჩი ჩაატარა. ამჯერად, კედაინიაში ლიეტივას დაუპირისპირდა.

პირველი შეხვედრისას საქართველოს ნაკრებმა მასპინძლები მშრალი ანგარიშით 0-5 დაამარცხეს. მატჩის დებიუტში, 02'27" წუთზე ანგარიში გიორგი ღავთაძემ გახსნა, 13'40" წუთზე ვახტანგ ჯვარაშვილმა ჩვენი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. 16'17" წუთზე, ეროვნულ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა ჯანო კვარაცხელიამაც. ჩვენმა ნაკრებმა კი, ეს მონაკვეთი 0-3 მოიგო. მეორე ტაიმში, ასათიანის გუნდიდან, სადებიუტო გოლები გაიტანეს ბექა ბექაურმა (27'40") და დავით ხეჩიკაშვილმა (38'52"). საქართველოს ნაკრებმა ეს შეხვედრა შემდეგი შემადგენლობით დაიწყო:  თორნიკე ბუკია, რონინიო, გიორგი ღავთაძე, ვახტანგ კეკელია, გიორგი ჩიმაკაძე.


ფრე, 1-1 დაფიქსირდა ლიეტუვასა და საქართველოს ფუტსალის ნაკრებების მეორე ამხანაგურ შეხვედრაში. მატჩში, რომელში ორმხრივი შეტევებით და ქართველთა მეკარის, თორნიკე ბუკიას ეფექტური თამაშით გამოირჩეოდა, ანგარიში მაინც მოულოდნელად, ქართველთა გუნდის დაცვაში დაშვებული შეცდომის შემდეგ გაიხსნა. 15'07"  წუთზე გოლი, ალბერტ ვოსკუნოვიჩმა გაიტანა. 31'30" წუთზე, რონინიოს გადაცემის შემდეგ, ვახტან კეკელიამ ანგარიში გაათანაბრა. ამასთან, ასათიანის გუნდი, მეორე ტაიმში, უფრო სახიფათო იყო. გაშვებული გოლის შემდეგ კი, ლიეტუველები, როგორც ჩანს ანერვიულდნენ და უხეშობას უმატეს. ერთ-ერთი უხეში სათამაშო მომენტის შემდეგ კი, ქართველებთან ფიზიკური დაპირისპირება დაიწყეს. შესაბამისად, თამაში, ძირითადი დროის დასრულებამდე 8 წუთით ადრე მსაჯების გადაწყვეტილებით შეწყდა. რეპორტაჟში, რომელიც ლაივ რეჟიმში გადაიცემოდა, კარგად ჩანდა, როგორ გავიდა ქართული გუნდი ასპარეზობის მოედნიდან.


მოგვიანებით, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ დაპირისპირებული ფეხბურთელები „შერიგდნენ", თუმცა, მატჩი აღარ გაგრძელებულა.


ავთანდილ ასათიანის ნაკრები, 2024 წელს დაგეგმილი 8 სპარინგიდან ბოლო ორს, ნოემბერის სანაკრებო ფანჯრის დროს გამართავს.  შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ნაკრებს ევროპის 2026 წლის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ციკლში 8 სპარინგი ჰქონდა გამართული. რომელთაგან ჩვენმა გუნდმა ექვსი უკვე ჩაატარა, ჯერ რუმინეთის საკმაოდ ძლიერი გუნდი თბილისში, იდენტური ანგარიშით 4-2 ორ შეხვედრაში დაამარცხა, ამის შემდეგ კი, ასევე ორი სპარინგი გამართა მეზობელ აზერბაიჯანის ნაკრებთან და ორივეში გაიმარჯვა, ჯერ 3-2 და შემდეგ 2-1. ამ შეხვედრებს დაემატა კიდევ ორი, ზემოთხსენებული სპარინგი ლიეტუვასთან.


მეინ-რაუნდის მატჩები მიმდინარე წლის დეკემბრიდან დაიწყება და ორ წრედ  (სახლი-გასვლის პრინციპით) ჩატარდება.


13.12.2024  / საქართველო - კოსოვო

17.12.2024 / საფრანგეთი- საქართველო

31.01. 2025 / საქართველო - ბულგარეთი

04.02.2025 / ბულგარეთი - საქართველო

11.04.2025 / კოსოვო - საქართველო

16.04.2025 / საქართველო - საფრანგეთი


ევროპის ჩემპიონატი 2026 წელს, 18 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება.



ფოტო: © Futsal.lt

სტატია რედაქტირებულია 20.09.2024 14:00